LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემბისი – პირველი მიკრობანკი საქართველოში

913
გია პეტრიაშვილი

მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ ემბისი საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია მიიღო. კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადადის და სულ მალე მომხმარებლის წინაშე სრულყოფილი საბანკო სერვისებით წარდგება.

ემბისი ქართულ საფინანსო ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს. კომპანია ქვეყნის მასშტაბით 17 სერვის ცენტრს ფლობს, მისი პორტფელის მოცულობა კი 116 მლნ ლარს აღწევს. ემბისი ამ ეტაპზე 250-მდე თანამშრომელს ასაქმებს. 

გია პეტრიაშვილი, ემბისის გენერალური დირექტორი: 

– მიკრობანკების საქმიანობის შესახებ კანონი საქართველოს პარლამენტმა 2023 წელს მიიღო. კანონი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გახლდათ ინიციირებული და იყო გარკვეული რეკომენდაცია მსოფლიო ბანკისგანაც. ჩვენც, როგორც ერთ-ერთი პოტენციური აპლიკანტი, ამ იდეის განხილვის ეტაპზე აქტიურად ვიყავით ჩაბმული. ემბისი პირველ მიკრობანკი გახდა საქართველოში და ვფიქრობ, აუცილებლად გამოჩნდებიან ჩვენი მიმდევრები. დანამდვილებით ვიცით, რომ რამდენიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაციას მიკრობანკის ლიცენზიის მოსაპოვებლად უკვე განაცხადიც აქვს შეტანილი. შესაბამისად, ველოდებით, რომ საფინანსო ბაზარზე მალე მეორე და მესამე მიკრობანკიც გამოჩნდება, რაც მისასალმებელია. კარგი იქნება, თუ უახლოეს წლებში საქართველოში მიკრობანკის ლიცენზიის მოპოვების სურვილს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტიც გამოთქვამს. ეს კიდევ ერთი დადასტურება იქნება იმისა, რომ ეროვნულმა ბანკმა ქვეყანაში მიკრობანკებისთვის მიმზიდველი მარეგულირებელი ჩარჩო შექმნა.

– უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს პროცესი ბაზარზე კონკურენციის ზრდასაც შეუწყობს ხელს.

– დიახ, ეს, უპირველესად, მომხმარებლისთვის უნდა იყოს საინტერესო. დაუწერელი კანონია, რომ, მაღალი კონკურენცია ხელს უწყობს ფასების ოპტიმიზაციას, რითაც მოგებული ყოველთვის მომხმარებელი რჩება.

– იმ უფლებების შესახებ ვისაუბროთ, რომლებიც ემბისის მიკრობანკის სტატუსის მოპოვების შემდეგ დაეკისრა.

– უფლებები არის საინტერესო და ბევრი. ჩვენს მომხმარებლებს, რომელთა რაოდენობა რამდენიმე ათეული ათასია, შევძლებთ უკვე სრული საბანკო სერვისები შევთავაზოთ. გარდა ამისა, სესხის ლიმიტი 100 000 ლარიდან 1 მლნ ლარამდე გაგვეზარდა. ეს საშუალებას მოგვცემს, პრაქტიკულად, მთლიანად მოვიცვათ ჩვენთვის საინტერესო ისეთი სეგმენტი, როგორიცაა მიკრო, მცირე და საშუალო სესხები. აღსანიშნავია, რომ მიკრობანკის მანდატი ბიზნეს დაკრედიტების მომსახურებაა და სწორედ მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის სეგმენტია ჩვენი მთავარი პრიორიტეტი. ეს განსაზღვრულია კანონითაც – ჩვენი სესხების 70% სწორედ ამ სეგმენტზე გაცემული სესხები უნდა იყოს.

– აქამდე ვინ იყვნენ თქვენი ძირითადი მომხმარებლები?

– ძირითადად ისინი არიან მცირე მეწარმეები, შიდა მეურნეობები. ჩვენი 17 სერვის ცენტრიდან მხოლოდ 6 მდებარეობს თბილისში, დანარჩენი კი – თბილისს გარეთ, რაც ნიშნავს, რომ ე.წ. აგროსესხები ჩვენი პორტფელის მნიშვნელოვანი ნაწილია. ვფიქრობ, ჩვენი ფოკუს ჯგუფი არ შეიცვლება, უბრალოდ, გვექნება შესაძლებლობა გავაფართოოთ წრე ადამიანებისა, ვისაც ჩვენს სერვისებს შევთავაზებთ.

– რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდნენ ემბისიში სესხის აღების მსურველები?

– პირობები არ არის განსაკუთრებული. არ ვფიქრობ, რომ თამასა უნდა აიწიოს, პირიქით, შევეცდებით, რომ ჩვენი მომსახურება იყოს გაცილებით უფრო სწრაფი, ვიდრე ის დღეს არის კომერციულ ბანკებში, რა თქმა უნდა, იმის დათქმით, რომ მომსახურების ხარისხი ერთიორად უნდა ამაღლდეს. ახალი შესაძლებლობები მოგვცემს საშუალებას გავაიაფოთ ჩვენი სესხები. ამის მყისიერად გაკეთება, სამწუხაროდ, შეუძლებელია, მაგრამ აუცილებლად მოხდება ეტაპობრივად. ახალი შესაძლებლობების ეფექტურად გამოყენება მომხმარებლებისთვის უფრო ხელმისაწვდომი პროდუქტების შეთავაზებაში უნდა კონვერტირდეს.

– რა ვადით იქნება შესაძლებელი მიკრობანკიდან სესხის გამოტანა?

– მიკრობანკებისა და კომერციული ბანკების რეგულაციებს შორის არავითარი პრინციპული განსხვავება არ არის, გარდა იმ რამდენიმე შეზღუდვისა, რაც მიკრობანკს აქვს კომერციულ ბანკთან მიმართებით – ეს არის სესხის ლიმიტი, ასევე არსებობს მაქსიმალური დეპოზიტის ლიმიტიც. რაც შეეხება სესხის ვადიანობას და რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს მსესხებელი, ეს ყველაფერი, პრაქტიკულად, იდენტურია. აქ რაიმე განსაკუთრებულ სიახლეს არ უნდა ველოდეთ.

– როდიდან შეეძლება მომხმარებელს ემბისის მიმართოს როგორც მიკრობანკს?

– ვალდებულებები ლიცენზიის მიღების დღიდან აგვიმოქმედდა, ხოლო რაც შეეხება უფლებებს, ამას ტექნიკური მოსამზადებელი სამუშაოები კიდევ სჭირდება. ვფიქრობ, ახალი წლის შემდეგ ვიქნებით მზად, რომ ჩვენს მომხმარებელს ყველა სიახლე შევთავაზოთ. აქვე სიამაყით მინდა აღვნიშნო კიდევ ერთი სიახლე, სულ რამდენიმე დღის წინ საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიისგან Scope მივიღეთ რეიტინგი B+ სტაბილური, რაც იმას ნიშნავს, რომ აგვეწია რეიტინგი, ჩაგვთვალეს უფრო დაბალრისკიან კომპანიად, რადგან დავაკმაყოფილეთ ეროვნული ბანკის მხრიდან მიკრობანკებისთვის დაწესებული მაღალი სტანდარტი. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი მომხმარებლებისთვისაც უნდა იყოს სასიხარულო, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ფიქრობს, რომ საკუთარი ანაბრები ჩვენ მოგვანდოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g