LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მთავრობამ გასცა დაპირება იმის თაობაზე, რომ შეცვლის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შინაარსს, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი“ – ევროსაბჭოს გენერალური მდივანი

198
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ირაკლი კობახიძე

„მთავრობამ გასცა დაპირება, რომ შეცვლის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შინაარსს“, – ამის შესახებ ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ კანონის ცვლილებისთვის სამუშაო ჯგუფი შეიქმნება.

„მთავრობამ, გასცა დაპირება იმის თაობაზე, რომ შეცვლის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ შინაარსს. შეიქმნება სამუშაო ჯგუფი საქართველოსა და ევროპის საბჭოს წარმომადგენლების მხრიდან, მათ შორის ვენეციის კომისია იქნება ჩართული და მოხდება იდენტიფიცირება იმ ცვლილებების, რომელიც უნდა განხორციელდეს კანონმდებლობაში“, – განაცხადა ალენ ბერსემ სინქრონული თარგმანის მიხედვით.

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანის განცხადებითვე, „საქართველოსთვის კრიტიკული დროა. საქართველო სავსეა პოლიტიკური დაძაბულობით, პოლარიზებული საჯარო დებატით, მაღალი დონის ძალადობით“, ამიტომ მისი ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საქართველოს მოსახლეობისთვის მხარდაჭერის გამოხატვაა. მისივე თქმით, ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი პირობა იყო, რომ შეხვედროდა ყველას, რადგან ნებისმიერი ფუნქციური დემოკრატიის ქვაკუთხედი არის დიალოგი.

„საქართველო არის ევროპის საბჭოს სრული და ძალიან ძვირფასი წევრი უკვე 25 წლის განმავლობაში. აქ არ ვარ ჩამოსული არჩევნების ლეგიტიმაციისთვის – ეს სხვა კომპეტენტური ინსტიტუციების გასაკეთებელია, დაიწერება დასკვნები, რომელიც არჩევნების დაკვირვებას ეხება. გამომდინარე იქიდან, რაც საქართველოში ხდება, ჩემი მხრიდან უპასუხისმგებლობა იქნებოდა, აქ რომ არ ვიყო და ხალხის გვერდით რომ არ დავდგე. ჩემი ვიზიტის მთავარი ამოცანა არის ის, რომ მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი მხოლოდ შეიძლება იყოს გადაჭრილი თუ დავიცავთ ფუნდამენტურ პრინციპებს დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის.

მადლობა მინდა გადავუხადო, ვისაც ამ კვირის განმავლობაში შევხვდი. გულწრფელი, ღია, კონსტრუქციული დისკუსია მქონდა ყველასთან, ვინც დამთანხმდა და შემხვდა – სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, სახალხო დამცველის აპარატი, მთავრობა, ოპოზიცია. საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლები თბილისში. ჩემი ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი პირობა იყო რომ შევხვედროდი ყველას. დიალოგი არის ქვაკუთხედი ნებისმიერი ფუნქციური დემოკრატიის“,- განაცხადა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა.

ამასთან, თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე ალენ ბერსემ თქვა, რომ „დემოკრატია ვერ იარსებებს ასეთი არასათანადო მოპყრობის მუდმივი კონფრონტაციის პირობებში“.

„ევროპის საბჭო მზად ვართ, ხელი შევუწყოთ ასეთ დიალოგს. რწმენისა და ნდობის გაღვივების მექანიზმების გამოყენებით შეგვიძლია, ეს გავაკეთოთ, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არის საქართველოს მოსახლეობის, ხალხის და აქ არსებული უწყებების ხელში, რომ სრულად ფუნქციური დემოკრატია ააღორძინოს, გააძლიეროს, რომელშიც უნდა ჩაერთოს ყველა, მათ შორის უმცირესობები, სამოქალაქო საზოგადოება და ა.შ“, – განაცხადა ალენ ბერსემ.

ცნობისთვის, თბილისში ვიზიტისას ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე შეხვდა ოპოზიციის წარმომადგენლებს, სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს.

magti 5g