თბილისში, ზესტაფონის ქუჩაზე 16 წლის ბიჭი დაჭრეს. მას ჭრილობა ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. სავარაუდო თავდამსხმელი 14 წლის მოზარდია.
ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ინფორმაციით, 16 წლის გიორგი ბლიაძეს თავს რამდენიმე პირი მაშინ დაესხა, როცა ძმასთან ერთად გადაადგილდებოდა. თავდამსხმელებს, ერთი პირის გარდა, სახეზე ნიღაბი ჰქონდათ ჩამოფარებული. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.
დაჭრილის დედის თქმით, მისი შვილი და ეჭვმიტანილი ერთ სკოლაში სწავლობდნენ, მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება წარსულშიც მოხდა, თუმცა მაშინ ეჭვმიტანილზე სამართლებრივი დევნა მისის ასაკის გამო არ განხორციელდა.
როგორც მშობელმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ეჭვმიტანილი მოზარდი სასწავლებლად სხვა სკოლაში გადავიდა, ის 16 წლის გიორგი ბლიაძეს რამდენჯერმე ჩაუსაფრდა.
„რუსთავი 2“-თან საუბრისას დაჭრილის დედა ასევე ამბობს, შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე, 14 წლის მოზარდი მასაც აედევნა.
დაჭრილი, ამ დროისთვის პირველ სამედიცინო ცენტრში, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
მომხდართან დაკავშირებით აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, გაიჩხრიკა ეჭვმიტანილის სახლი, საქმესთან დაკავშირებით უკვე გამოიკითხა დაჭრილის დედა და ძმა.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამართალდამცველებმა სავარაუდო თავდამსხმელი უკვე დააკავეს.
უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებოთ გამოძიება სისხლის სამარტრლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინმარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.