„დღეს სრულიად საქართველო გლოვობს ხუთ მცირეწლოვან გოგონას“ – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა განაცხადა.
თეა ახვლედიანის განცხადებით, ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად მომხდარმა ამ უმძიმესმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა:
კადრები საბერიოდან: ხანძრის დროს დაღუპული ხუთი ბავშვის ოჯახთან ბესარიონ აპლია მივიდა
ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის დროს დაღუპულ ხუთ ბავშვს დღეს დაკრძალავენ.
„დღეს სრულიად საქართველო გლოვობს ხუთ მცირეწლოვან გოგონას – ემილია, ანა-მარია, ელენე, ნია და სოფიო ჭოლარიებს… ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად მომხდარმა ამ უმძიმესმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა.
უდიდესი გულისტკივილით ვუსამძიმრებ ოჯახს, რომელთა ნუგეში ძნელია ხუთი შვილის დაკარგვით განცდილი განუზომელი მწუხარების ჟამს. გამძლეობას ვუსურვებ მათ და ვუდასტურებ გულწრფელ თანაგრძნობას!” – აცხადებს სახელმწიფო მინისტრი.
ცნობისთვის, ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის დროს დაღუპულ ხუთ ბავშვს დღეს დაკრძალავენ. დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად საქართველოს მთავრობამ 9 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა. გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე, ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა. მომხდარი ტრაგედიის გამო, ოკუპირებულ აფხაზეთში გლოვის დღე 6 იანვარს იყო გამოცხადებული.
ოკუპირებულ გალში ხანძარს ხუთი ბავშვი ემსხვერპლა
ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში, ჭოლარიების სახლში ტრაგედიის დროს, 5 იანვრის დილას, მხოლოდ ბებია და მასთან ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან საახალწლოდ ჩაყვანილი ხუთი შვილიშვილი იმყოფებოდნენ. არსებული ინფორმაციით, სახლში ხანძარი შეშის ღუმლის ანთების მცდელობას მოჰყვა. როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, ქალს, სავარაუდოდ, ნავთი ბენზინში აერია და შეშის ღუმელში ბენზინი ჩაასხა. არასრულწლოვანების გადარჩენა ვერ მოხერხდა. რაც შეეხება დაშავებულ ქალს, დაღუპული ბავშვების ბებიას მესამე და მეორე ხარისხის დამწვრობა აქვს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის, თუმცა სტაბილურია.