სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემების თანახმად, 2024 წელს საქართველოს ავიაბაზარზე ყველაზე მეტ – 1 259 069 მგზავრს (მთლიანი მგზავრთნაკადის 24.2%) უნგრული ავიაკომპანია Wizz Air მოემსახურა.
რეიტინგში მეორე პოზიციას Turkish Airlines იკავებს, რომელმაც შარშან საქართველოს აეროპორტებში, ჯამში, 553 349 მგზავრს (მთლიანი მგზავრთნაკადის 10,6%) გაუწია მომსახურება.
მესამე ადგილზე ასევე თურქული ავიაკომპანია Pegasus Airlines მოხვდა. საქართველოს აეროპორტებში აღნიშნული ავიაკომპანიის მომსახურებით 546 211 მგზავრმა (მთლიანი მგზავრთნაკადის 10.5%) ისარგებლა.
მეოთხე ადგილი ქართულ ავიაკომპანიას Georgian Airways ერგო, რომელმაც დანიშნულების ადგილზე 515 113 მგზავრი ჩაიყვანა (მთლიანი მგზავრთნაკადის 9.9%).
რეიტინგში მეხუთე ადგილი Azerbaijan Airlines-მა დაისაკუთრა, რომელიც საქართველოს ავიაბაზარზე 412 980 მგზავრს მოემსახურა (მთლიანი მგზავრთნაკადის 7.9%).