LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა იწვევს ინფანტილურ ან უპასუხისმგებლო ქცევას პარტნიორულ ურთიერთობაში – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

646
ნინო-ეფხოშვილი

რა იწვევს ინფანტილურ ან უპასუხისმგებლო ქცევას პარტნიორულ ურთიერთობაში – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან” ფსიქოკონსულტანტმა ნინო ეფხოშვილმა ისაუბრა. 

რით არის განპირობებული ინფანტილური ან უპასუხისმგებლო ქცევა პარტნიორულ ურთიერთობაში?

ინფანტილური ან უპასუხისმგებლო ქცევა პარტნიორულ ურთიერთობაში შეიძლება განპირობებული იყოს ფსიქოლოგიური, ემოციური და სიტუაციური ფაქტორებით. ფსიქოლოგიური ფაქტორი შეიძლება იყოს ბავშვობის ტრავმა, პოზიტიური მაგალითის, მოდელის არ არსებობა.

ემოციური ფაქტორი – გადამეტებული ზრუნვა მშობლის მხრიდან, ემოციური სიმწიფის ნაკლებობა ზრდასრულის გამოწვევებთან გასამკლავებლად, ხოლო სიტუაციური – ზედმეტად ბევრი ცხოვრებისეული სირთულე, სადაც გაქცევას ვირჩევთ. ჩვენი ფსიქიკა გრძნობს რომ არ ყოფნის საკმარისი რესურსი არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად და უბრალოდ გაურბის პასუხისმგებლობას.  

პირველი რაც მშობლებმა უნდა გავითვალისწინოთ აღზრდის პროცესში – ეს არის მოზარდის პირადი საზღვრები, პირადი საზღვრები მნიშვნელოვანია და გასათვალისწინებელი პარტნიორული ურთიერთობის დროსაც. ასევე, პასუხისმგებლობის გადანაწილება, ყველა ასაკს თავის წილი პასუხისმგებლობა აქვს, არ შეიძლება ყველაფერი მშობელმა აკეთოს შვილის მაგივრად, მაგალითად 20 წელი და მერე 40 წლის ასაკში გვეგონოს, რომ ის რამეს თავისით გაართმევს თავს. უნარები ისწავლება კეთების პროცესში. ამიტომ მნიშვნელოვანია ყველა ასაკში მოზარდს დავეხმაროთ საკუთარ გამოწვევებთან გამკლავების უნარების გამომუშავებაში, ეს არის, მაგალითად, თავის მოვლის თუ საკუთარი ბიუჯეტის მართვის უნარი. 

რა როლს თამაშობს პირადი საზღვრები?

რაც შეეხება პირად საზღვრებს, აქ მნიშვნელოვანია ღიაობა, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი შვილი არის ინდივიდი, საკუთარი სურვილებით და შესაძლებლობებით და მოვუსმინოთ მას… მივცეთ თვითგამოხატვის საშუალება, მოსმენა, დიალოგი და სწორი კომუნიკაცია, არის მნიშვნელოვანი ამ პროცესში. 

აღზრდის პროცესში სულ უნდა ვეცადო დავიცვა ეს ბალანსი, რომ ერთის მხრივ, ვიყო მხარდამჭერი მშობელი და მეორეს მხრივ, არ ვიყო გადამეტებულად, დამაზიანებლად, მზრუნველი. მაგალითად, თუ ჩემთვის მნიშვნელოვანია რომ ჩემ შვილს ჰქონდეს კარგი განათლება და მე 100%-ით ვიხარჯები ამისთვის, ხშირად მივალ იმ შედეგამდე, რა შედეგამდეც მიდის მშობლების უმრავლესობა – „თან გადავყევი და არ დამიფასა”. მე რომ მინდა ჩემ შვილს კარგი განათლება ჰქონდეს, ეს არ არის 100%-ით ჩემი კონტროლის ზონაში, ჩემ შვილსაც უნდა უნდოდეს, ამიტომ სწორი იქნება თუ დავსვამ კითხვას: „მე რა შემიძლია გავაკეთო ამისთვის” და იმ დოზით ჩავერთვები ამ პროცესში, რაც არის ჩემი გავლენის ქვეშ და მასაც დავუტოვებ თავის წილ პასუხისმგებლობას.

პირად საზღვრებთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია მოზარდს ჰქონდეს საკუთარი პირადი სივრცე, პირადი ბიუჯეტი და თავად აიღოს პასუხისმგებლობა ამ სივრცის მოვლაზე და ამ ბიუჯეტის მართვაზე, რომ გამოიმუშაოს ის უნარები, რაც ზრდასრულობაში თავისით არ მოვა. 

ემოციური სიმწიფისთვის ასევე მნიშვნელოვანია საკუთარ გამოწვევებთან გამკლავების გამოცდილება. ჩვენ ხშირად ვცდილობთ ავარიდოთ მოზარდები ყველანაირ უსიამოვნებას, რეალობას, დავიცვათ არასასიამოვნო განცდებისგან, მაგარ აქაც ზომიერებაა აუცილებელი, ჩვენ უნდა მივცეთ ღიაობის მაგალითი, ხშირად ვისაუბროთ რას ვგრძნობთ და რატომ, ასევე დღის ბოლოს მარტო ის კი არ ვკითხოთ რა ხდებოდა სკოლაში, რა ნიშნები მიიღო, არამედ რას გრძნობს, გრძნობებზე ვესაუბროთ და დავეხმაროთ საკუთარ გრძნობებში გაერკვეს. 

ამ თემაზე დაუსრულებლად შეიძლება საუბარი, საბოლოო ჯამში ზრდასრული ადამიანი ფსიქოლოგიურად, ემოციურად და სიტუაციურად არის ის, ვინც ახერხებს აიღოს 100%-იანი პასუხისმგებლობა საკუთარი ცხოვრების ხარისხზე, არ აბრალებს სხვას ან გარემოებებს საკუთარი შედეგების ნაკლებობას, არ გრძნობს თავს მსხვერპლად და არც დამხმარედ, არც ბავშვია და არც მშობელი ურთიერთობაში, არამედ არის ზრდასრული, რომელიც თავად დამოუკიდებლად, მშვენივრად ახერხებს ჰქონდეს ცხოვრებაში სასურველი შედეგები. მე ვფიქრობ, მხოლოდ ასეთი ორი ადამიანის ურთიერთობა შეიძლება იყოს წარმატებული.

magti 5g