LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემი მენტალიტეტის გამო… კაშიას მიღწევა და სხვა ლეგიონერების ამბები

30

ალბანეთში, ირაკლი ძარიას გუნდი მიზანს უახლოვდება და შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშოს. 29-ე ტურში, ქართველის გუნდმა „კუკეშმა“ უშუალო კონკურენტი ტირანას „პარტიზანი“ გაანადგურა – 4:0.
29 წლის ქართველი ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და 28-ე წუთზე მეტოქის კარი მეორედ აიღო.
ძარიამ თავი მხოლოდ გოლით არ გამოიჩინა. მან ზოგადად მშვენიერი შეხვედრა ჩაატარა და გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა. ეს გამოცემა vipsport.al-მა დაუფასა და ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა.

 

რუსეთში საბა კვირკველიას მოსკოვის „ლოკომოტივმა“ ლიდერობა განიმტკიცა. რკინიგზელთა გუნდი თანაქალაქელ მოსკოვის „დინამოს“ ესტუმრა და 4:0 დაამარცხა. კვირკველიამ 90 წუთი ითამაშა და დაცვაში საიმედოდ თამაშით გუნდის გამარჯვებაში წვლილი შეიტანა.
სანკტ-პეტერბურგის „ზენიტმა“ შინ გიორგი ლორიას მახაჩყალის „ანჟი“ 1:0 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების მეკარემ შეუცვლელად ითამაშა.

 

უკრაინის ჩემპიონატის მთავარი მატჩი დათა ხოჭოლავასთვის უიღბლო გამოდგა –დონეცკის „შახტარმა“ 7-მატჩიანი წაუგებელი სერია უშუალო კონკურენტთან, კიევის „დინამოსთან“ წაგებით დაასრულა – 0:1.
ეს ერთადერთი გოლი კიეველებმა სწორედ ქართველის შეცდომით გაიტანეს – 32-ე წუთზე, ხოჭოლავამ ბურთი საკუთარ საჯარიმოსთან მეტოქეს ჩააბარა, რითაც მეტოქემ ისარგებლა.
„ასეთი შეცდომები ფეხბურთში ხდება და ეს თამაშის შემადგენელი ნაწილია. რაც მოხდა, ამაში დამნაშავე უპირველესად, მე ვარ, რადგან გუნდის მობილიზება ვერ მოვახერხე და საწყისი 35 წუთი ცუდად ჩავატარეთ“, – ხოჭოლავას შეცდომაზე ეს კომენტარი მატჩის დასრულების შემდეგ დონეცკელთა მთავარმა მწვრთნელმა, პაულო ფონსეკამ გააკეთა.

“ჩემს გამო წავაგეთ. მხოლოდ ჩემი ბრალია. გუნდში მხარი დამიჭირეს. ყველაფერი ნორმალურადაა. იმედია, ეს შეცდომა ჩემპიონობად არ დაგვიჯდება. არ ვიცი ამ მომენტს კიდევ რამდენი ხანი ვერ დავივიწყებ“ – ეს უკვე ხოჭოლავას კომენტარია.

სხვათა შორის, საინტერესოა, რომ უკრაინული გამოცემა Football.ua-მ თამაშის შემდეგ საუკეთესო მოთამაშის არჩევისთვის გამოკითხვა ჩაატარა, რომელშიც სწორედ ხოჭოლავამ გაიმარჯვა: ჩვენიანი 20.6%-ით პირველ ადგილზე 420 ხმით გავიდა.

 

გურამ კაშიამ ჰოლანდიის ერედივიზიონში 242-ე მატჩი ჩაატარა. „ვიტესმა“ კი როტერდამის “სპარტა” 7:0 გაანადგურა.
“ძალიან მემაყება ჩემი ამ მიღწევის ჰოლანდიურ კლუბში! 8 სეზონში 8 მწვრთნელის ხელმძღვანელობით მოვახერხე 99% თამაშის ჩატარება. გარკვეულწილად ეს არის ჩემი მენტალიტეტის დამსახურება. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს და “ვიტესის” გულშემატკივარს”, – წერს სოციალურ ქსელში გურამ კაშია.
გურამ კაშია “ვიტესის” წევრი 2010 წელს გახდა, მის ანგარიშზე 23 გოლია.

 

ამერიკული MLS-ის მორიგ ტურში, ვაკო ყაზაიშვილის “სან ხოსემ“ შინ ჰიუსტონის “დინამოს“ ვერ მოუგო – 2:2. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 67-ე წუთზე შეცვალეს.

 

 

 

ესპანეთის ლა ლიგა 2-ში, გიორგი პაპუნაშვილმა “რაიო ვალეკანოს” კარში 89-ე წუთზე გაიტანა, მისი “სარაგოსა” კი მაინც დამარცხდა – 1:2. ეს 22 წლის ქართველი შემტევის მესამე გოლია ჩემპიონატში.

გიორგი აბურჯანია 74-ე წუთზე შევიდა “სევილია ატლეტიკოს” რიგებში შინ “გრანადასთან” შეხვედრაში – 0:0.

ოთარ კაკაბაძემ სრულად ითამაშა. მისი “ხიმნასტიკი” სტუმრად “ოვიედოსთან” დამარცხდა.

 

გიორგი ჩაკვეტაძემ მეორე ტაიმი ითამაშა. “გენტი” ლიეჟში “სტანდარდთან” 0:1 დამარცხდა. ქართველმა ყვითელი ბარათი მიიღო.

 

მორიგი გოლი გაიტანა გიორგი ქვილითაიამ. ცენტრალური მატჩი ვენაში ჩატარდა – „აუსტრიამ“ დერბიში „რაპიდს“ უმასპინძლა. სტუმრებმა დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს – 4:0. ქვილითაია სათადარიგოებში იყო და მოედანზე 72–ე წუთზე გამოჩნდა, მეტოქის კარის ასაღებად გიორგის ერთი წუთიც ეყო – მან საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
მიმდინარე სეზონში ქართველმა ფორვარდმა მერვე გოლი მიითვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები