LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დიდია სრულიად სასკოლო თემის მწუხარება… იყო საოცარი გულის, კეთილი ბიჭი… მეგობრები დახმარებას სთხოვდნენ ხალხს, მაგრამ სამწუხაროდ არავინ დაეხმარათ… მძიმეა ბავშვების ფსიქოლოგიური მდგომარეობა…“ – რას ჰყვება სკოლის დირექტორი დაღუპულ მოზარდზე და მომხდარ ტრაგედიაზე

217
იოსებ ადეიშვილი

„შაბათს, რიყის პარკში სასეირნოდ იყო წასული სამი მოსწავლე, მერვეკლასელები. აქედან ორი – ჩვენი სკოლის, რუსული სექტორის მოსწავლე, მათთან მივიდა მოგვიანებით იოსებ ადეიშვილი, რომელიც ასევე რუსული სექტორის მეათე კლასის მოსწავლე იყო“, – ამის შესახებ რადიო „ფორტუნასთან“ ინტერვიუში თბილისის 132-ე საჯარო სკოლის დირექტორმა, თამარ მაჭარაშვილმა თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განაცხადა.

მეათეკლასელი იოსებ ადეიშვილის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია მედიაში 29 იანვარს გავრცელდა. ტრაგედია 25 იანვარს, ე.წ რიყის დოქების მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

თამარ მაჭარაშვილი იოსებ ადეიშვილის მეგობრების ნაამბობზე დაყრდნობით „ფორტუნასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ რიყის პარკში სასეირნოდ წასული ბავშვები ე. წ. დოქების ქვეშ სივრცეში შესულან, სადაც ქვემოთ ჩასასვლელი ადგილი წყლით ყოფილა დაფარული.

იოსებმა კი სიბნელეში საფრთხე ვერ შეამჩნია და წყლით სავსე ადგილზე ჩავარდა.

132-ე საჯარო სკოლის დირექტორი ამბობს, რომ ბიჭის გადარჩენა მეგობრებმა სცადეს, თუმცა უშედეგოდ. თამარ მაჭარაშვილის თქმით, მეგობრები, რომლებიც იოსებს ახლდნენ თან, მძიმე ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაში არიან:

„შაბათს, 25 იანვარს რიყის პარკში სასეირნოდ იყო წასული სამი მოსწავლე, მერვეკლასელები. აქედან ორი – ჩვენი სკოლის, რუსული სექტორის მოსწავლე მათთან მივიდა მოგვიანებით იოსებ ადეიშვილი, რომელიც ასევე რუსული სექტორის მეათე კლასის მოსწავლე იყო.

ბავშვები შესულან ე.წ -ლი დოქების ქვეშ სივრცეში, სადაც ქვემოთ ჩასასვლელი ადგილი წყლით ყოფილა სავსე, მაგრამ ბავშვმა, ალბათ სიბნელეში, ვერ შეამჩნია და ჩავარდა. მეგობრები ნახევარი საათის განმავლობაში ცდილობდნენ ამოყვანას, დახმარებას სთხოვდნენ ხალხს, მაგრამ სამწუხაროდ არავინ დაეხმარათ. როგორც ბავშვები ამბობენ, პატრული ისევ თვითონ გამოიძახეს და ისინი 7 წუთში მისულან.

ძალიან მძიმეა ბავშვების ფსიქოლოგიური მდგომარეობა, საუბარში ადამიანების გულგრილობაზე საუბრობენ.

ოჯახი არის სოციალურად დაუცველი. ცხოვრობენ ნაქირავებ, ერთოთახიან ბინაში. ძალიან ცუდ პირობებში, ამიტომ მიცვალებული სახლში ვერ დაასვენეს…“, – ამბობს თბილისის 132-ე საჯარო სკოლის დირექტორი, თამარ მაჭარაშვილი რადიო „ფორტუნასთან“ ინტერვიუში.

132-ე სკოლის მეათეკლასელი იოსები მუსიკით იყო გატაცებული. ის დადიოდა ფორტეპიანოზე.

„იოსებს ვასწავლიდი დაწყებით კლასში ქართულ ენას. იყო საოცარი გულის და დიდი პასუხისმგებლობის მქონე კეთილი ბიჭი. დაუზარელი, შრომისმოყვარე, უკრავდა ფორტეპიანოზე.

დიდია სრულიად სასკოლო თემის მწუხარება…“ – აღნიშნა თბილისის 132-ე საჯარო სკოლის დირექტორმა რადიო „ფორტუნასთან“.

რიყის პარკთან არსებულ შენობაში მოზარდის დაღუპვის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

იოსებ ადეიშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანის) მუხლით.

16 წლის ბიჭს პირველ თებერვალს დაკრძალავენ.

„სამწუხაროდ, ტრაგედია დატრიალდა კერძო ტერიტორიაზე არსებულ შენობა-ნაგებობაში“ – რა განცხადებას ავრცელებს თბილისის მერია მოზარდის დაღუპვის ფაქტზე

მოსწავლის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო, ალ. მაჭავარიანის სახელობის 26-ე ხელოვნების სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს: „სასუფეველი დაუმკვიდროს ღმერთმა! ვუსამძიმრებთ ოჯახს და ახლობლებს“

სლაიდისთვის გამოყენებულია რადიო „თავისუფლების“ ფოტო

magti 5g