„ჟურნალისტური გამოძიებიდან ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქართველოს დიპლომატიური სამსახური და დიპლომატები ჩართულები არიან ივანიშვილისა და მისი ოჯახის პირადი ინტერესების მსახურებაში“, – ამის შესახებ ნათქვამია პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რითაც პარტია იაპონურ მედიაში „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის უფროსი ვაჟის, უტა ივანიშვილის შესახებ გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ გამოძიებას ეხმაურება
პარტიის შეფასებით, ეს არამარტო საქართველოს კანონმდებლობის, არამედ საერთაშორისო კონვენციების უხეში დარღვევაა და დიდი დიპლომატიური სკანდალიც შეიძლება მოჰყვეს.
„ასევე ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ადგილი აქვს დიპლომატიური ფოსტისა და დიპლომატიური იმუნიტეტის გამოყენებას პირადი მიზნებისთვის. შესაძლოა, ფოსტა გამოიყენება სანქციების თავის არიდებისა და „შავი ფულის“ გადასატანადაც. ეს არამარტო საქართველოს კანონმდებლობის, არამედ საერთაშორისო კონვენციების უხეში დარღვევაა და დიდი დიპლომატიური სკანდალიც შეიძლება მოჰყვეს“, – აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.
ცნობისთვის, სტუდია „მონიტორის“ ინფორმაციით, იაპონური მედია ბიძინა ივანიშვილის უფროსი ვაჟის უტა ივანიშვილის შესახებ ჟურნალისტურ გამოძიებას აქვეყნებს. მათი ცნობით, „უტა ივანიშვილს ტოკიოში ელჩმა სადილის დროს შავი ჩემოდანი გადასცა და უთხრა: „იმედი მაქვს, დაგეხმარება“. ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ივანიშვილის უფროსმა ვაჟმა გასულ წელს ტოკიოს ცენტრში შეიძინა ელიტარული ბინა კომპლექსში, სადაც ცხოვრობს.