LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში „კორპორაციული მდგრადობის ჯილდო – ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“ მეშვიდე ცერემონია გაიმართა

112
კორპორაციული მდგრადობის ჯილდო

19 თებერვალს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით, ყოველწლიური კონკურსის – „კორპორაციული მდგრადობის ჯილდო – ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“ მეშვიდე ცერემონია გაიმართა.

მიმდინარე წელს ღონისძიება განსხვავებული ფორმატით ჩატარდა. ჟიურის მიერ შერჩეული გამარჯვებული კომპანიების წარმომადგენლებმა, დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან ერთად, ჯილდოს თემატური ნომინაციების ირგვლივ გამართულ პანელურ დისკუსიებში მიიღეს მონაწილეობა.

ღონისძიება შედგებოდა სამი პანელური დისკუსიისგან: მმართველობითი საკითხები და პარტნიორობა, გარემოს დაცვა და სოციალური საკითხები. დისკუსიის დროს განიხილეს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევისა და საერთაშორისო თუ ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის საკითხები, ევროკავშირში ინტეგრაციის მნიშვნელობა, ქვეყანაში არსებული გამოწვევების ფონზე.

ღონისძიება შვედეთის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებულის, განვითარებისა და თანამშრომლობის ხელმძღვანელის ელისაბედ ბრანდბერგის და საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა.

მმართველობით და პარტნიორობის საკითხებზე თემატურ დისკუსიაში, რომელიც მდგრადი განვითარების მე-16 და მე-17 მიზნებს დაეთმო, მონაწილეობა მიიღო ნიკოლას სენდეროვიჩმა – საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, დაგლას უებმა – გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, მაჩიე ჩურამ –  ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა სამხრეთ კავკასიაში და ანდრეს პეტერსონმა – აზიის განვითარების ბანკის ადგილობრივი ოპერაციების ხელმძღვანელმა.

გარემოსდაცვით საკითხებზე დისკუსიაში, სადაც განიხილეს მდგრადი განვითარების მე-11 და მე-12 მიზნები, მონაწილეობა მიიღო ელისაბედ ბრანდბერგმა – საქართველოში შვედეთის საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა და განვითარებისა და თანამშრომლობის ხელმძღვანელმა, ანე ტოფტ სორენსენმა – დანიის ელჩმა საქართველოში და როლანდ პრაისმა – მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში.  

მესამე პანელური დისკუსია გაიმართა სოციალურ საკითხებზე და მდგრადი განვითარების მე-4 და მე-8 მიზნებზე, სადაც მონაწილეობა მიიღო ნატალია ვუტოვამ – ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, იშიძუკა ჰიდეკიმ – იაპონიის ელჩმა საქართველოში და მარკოს გრანადოს გომესმა – ესპანეთის საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა საქართველოში.

2024 წელს, შარშანდელთან შედარებით, ბიზნესის დაინტერესება და ჩართულობა კიდევ უფრო გაიზარდა. კონკურსში157 აპლიკაცია შემოვიდა და პირველადი გადარჩევის შედეგად მეორე ტურში 110 აპლიკაცია გადავიდა.   

შემოსული განაცხადები განხილულ იქნა მსხვილი ბიზნესისა და მცირე და საშუალო ბიზნესის კატეგორიაში. განაცხადები შეაფასა ქართველი და უცხოელი წევრებისგან შემდგარმა დამოუკიდებელმა ჟიურიმ.

გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდნენ:

SDG 4 – ხარისხიანი განათლება

მსხვილი ბიზნესის კატეგორია: საქართველოს ბანკი (STEM სკოლა)

მცირე და საშუალო ბიზნესის კატეგორია: დიზაინის ინსტიტუტი (დიზაინის საფუძვლების 6-თვიანი პროგრამა)

SDG 8ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა

მსხვილი ბიზნესის კატეგორია: ეფეს საქართველო (ღირსეული სამუშაო გარემო)

მცირე და საშუალო ბიზნესის კატეგორია: ტრანსპორტერი (პროფესიული გადამზადებისა და დასაქმების ხელშეწყობა)

SDG 11 – მდგრადი ქალაქები და დასახლებები

მსხვილი ბიზნესის კატეგორია: თეგეტა ჰოლდინგი (თეგეტა X ვოლვოს ენერგოეფექტური კომპლექსი)

მცირე და საშუალო ბიზნესის კატეგორია: პოლივიმი (მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა)

SDG 12 – მდგრადი მოხმარება და წარმოება   

მსხვილი ბიზნესის კატეგორია: ეფეს საქართველო (განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატი)

მცირე და საშუალო ბიზნესის კატეგორია: პოლივიმი (პოლივიმის ეკო-ცენტრული გადაწყვეტილებები)

SDG 16 – მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი და ინსტიტუტები                                             

ბახვი ჰესი გამჭვირვალობის ელჩები

SDG 17 – პარტნიორობა მდგრადი განვითარებისათვის (პარტნიორული პროექტები)

მსხვილი ბიზნესის კატეგორია: ელემენტ ჰოლდინგი/პარტნიორი – ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია (სამშენებლო სფეროს მომზადება ევროკოდებისთვის)

მცირე და საშუალო ბიზნესის კატეგორია: თიბისი ლიზინგი/პარტნიორი – მწვანე ზრის ფონდი (მწვანე ინიციატივა: საქართველოში მზის ფოტოვოლტური სისტემების დამკვიდრების ხელშეწყობა)

SDG 17 – პარტნიორობა მდგრადი განვითარებისათვის (მდგრადი დაფინანსება)

პროკრედიტ ბანკი საქართველო (მწვანე ინვესტიცების ხელშეწყობა)

წელსაც, ტრადიციულად, გამოვლინდნენ კონკურსის – „მედია პასუხისმგებლიანი ბიზნესისთვის“ გამარჯვებულები, რომლებიც დააჯილდოვა მარგე მარდისალუ-კაჰარმა – ესტონეთის ელჩმა საქართველოში. კორპორაციული მდგრადობის თემაზე მომზადებული საუკეთესო სატელევიზიო სიუჟეტისთვის ჯილდო ჟურნალისტ თამარ პაატაშვილს, ხოლო საუკეთესო ონლაინ სტატიისთვის ჟურნალისტ სოფო გოდუაძეს გადაეცა.

ცერემონიაზე ჯილდო გადაეცათ გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის 2024 წლის SDG პიონერებსაც. გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის SDG პიონერის ჯილდო მსხვილი ბიზნესის კატეგორიაში „ეფეს საქართველოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის და ციფრული კომუნიკაციების მენეჯერს ქეთევან ჟვანიას, ხოლო მცირე და საშუალო ბიზნესის კატეგორიაში – „პოლივიმის“ უფროს კომერციულ ოფიცერს შივა ფარიზადს. აღსანიშნავია, რომ შივა ფარიზადი გლობალურ SDG პიონერადაც აირჩიეს.

ღონისძიებას კონკურსში მონაწილე კომპანიების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს ცერემონია გაიმართა შვედეთის დაფინანსებით, პროექტის „ლიდერობა მდგრადი განვითარებისთვის“ ფარგლებში.

magti 5g