LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მადლობა ადამიანების გადასარჩენად გათენებული ღამეებისთვის და ბოდიში მათ, ვინც სწრაფ რეაგირებას ჯერ კიდევ ელოდება“ – ცოტნე ანანიძე

158
ცოტნე ანანიძე

„მადლობა ადამიანების გადასარჩენად გათენებული ღამეებისთვის და ბოდიში მათ, ვინც სწრაფ რეაგირებას ჯერ კიდევ ელოდება“, – ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში წერს.

„უჩვეულო დიდთოვლობაა ქობულეთის მუნიციპალიტეტში. ასეთი უხვი ნალექი, როგორც უხუცესები იხსენებენ, 1985 წლის ისტორიული დიდთოვლობის დროსაც არ ყოფილა. პრიორიტეტი დღეს ადამიანების სიცოცხლეა და პირველ რიგში, გზები იწმინდება იქ, სადაც ყველაზე მეტად უჭირთ, იქ, სადაც ადამიანები საჭიროებენ სამედიცინო დახმარებას, იქნება ეს ონკოპაციენტები თუ დიალეზზე მყოფი ჩვენი მოქალაქეები. დახმარება ყველაზე ოპერატიულად სჭირდებათ იქ, სადაც საცხოვრისი დაუზიანდათ და ადამიანების სიცოცხლეს, მათ ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.

ქობულეთი საკმაოდ დიდი მუნიციპალიტეტია, მოიცავს 48 სოფელს, ორ დაბას – ოჩხამურსა და ჩაქვს, ასევე, თავად ქალაქს და ამდენად, აქ საკმაოდ ბევრი შიდა გზაა. შეუძლებელია სიტყვებით შეაფასო სამაშველო თუ მერიის შესაბამისი სამსახურების, საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლების, სპეცტექნიკაზე მომუშავე ოპერატორების თავდაუზოგავი, 24-საათიანი შრომა, მათი გამძლეობა, უძილო ღამეები. მხოლოდ ერთ მაგალითს მოვიყვან და ამას თავად ის ოჯახი და მათი ნათესავებიც დამიდასტურებენ, დაიწერა სოციალურ ქსელებშიც – 3 ერთეული ტექნიკა 17-18 საათის განმავლობაში წმენდდა გზის 4-კილომეტრიან მონაკვეთს, რომ დიალეზზე მყოფი ჩვენი თანამოქალაქისთვის დახმარება აღმოეჩინათ. ამას იმიტომ ვამბობ, რომ სუბიექტივიზმი გამორიცხულია და პრიორიტეტი ადამიანების გადარჩენაა.

მადლობას ვუხდი თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ჩართულია სტიქიასთან ბრძოლის სალიკვიდაციო სამუშაოებში, ვინც თავს არ ზოგავს და ცდილობს დაეხმაროს მეზობელს, მოიკითხოს მომიჯნავე სოფლებში მცხოვრები ახლობელი თუ ნათესავი. ამასთან, ბოდიშს ვუხდი იმ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც ელოდებიან სწრაფ რეაგირებას, მაგრამ გადაუდებელი მიზეზების გამო, კვლავ ელოდებიან დახმარებას. გვერწმუნეთ, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ თითოეულმა ოჯახმა იგრძნოს ჩვენი თანადგომა.
ქობულეთის მერი, ლევან ზოიძე, მერიის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები, რამდენიმე დღეა ფიზიკურად, 24 საათიან რეჟიმში არიან ჩართულები სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში. მოსახლეობას, პირველივე დღიდან, ეხმარება ქობულეთის დელეგატი საქართველოს პარლამენტში, ბატონი გია ჭყონია, რომელმაც საკუთარი მაღალი გამავლობის ავტომანქანები სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს დაუთმო. პარლამენტის წევრი – ბატონი ზაალ მიქელაძე მოსახლეობის გვერდითაა, როგორც პედიატრი იქნება ეს კონსულტაციები, ადგილზე მისვლა თუ სხვა სახის დახმარება.

საბიუჯეტო ცვლილებები, რომლებიც დღეს რიგგარეშე სესიაზე მივიღეთ, სარეზერვო ფონდის ზრდას ითვალისწინებს და ეს ძალზე მნიშვნელოვანია ადამიანების ჯანმრთელობის, სიცოცხლის გადარჩენისთვის, სტიქიასთან ბრძოლისთვის.

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ენერგოკომპნიის თანამშრომელთა თავდაუზოგავი შრომა. კომპანიის დამატებითი 9 ჯგუფი ჩამოვიდა აღმოსავლეთ საქართველოდან ჩვენს დასახმარებლად. ამ ადამიანებს, უმეტესად, სრულიად მიუვალ ადგილებზე, სადაც თოვლის საფარი 2 მეტრს ბევრად აღემატება, საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად უწევთ მუშაობა და გადაადგილება.

ვითარება საკმაოდ რთულია და თავისთავად რთული გზის გავლა გვიწევს, მაგრამ ეს ყველაფერი დაიძლევა და ქალაქიც და სოფელიც დაუბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს“, – განაცხადა ცოტნე ანანიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g