LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე სამადაშვილი: „გვაქვს კონკრეტული ხედვა, რომ ალტერნატიული პოლიტიკური საკოორდინაციო ცენტრი შეიქმნას… რამდენადაც ვიცი, მალე წარდგენილი იქნება დოკუმენტი, რაც ახალი არჩევნების დანიშვნის საკითხს შეეხება“

148
სალომე სამადაშვილი

„უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს კოორდინაცია და რამდენადაც ვიცი, ძალიან მალე საზოგადოებისთვის წარდგენილი იქნება დოკუმენტი, რაც შეეხება ახალი არჩევნების დანიშვნის საკითხს“, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, აქვთ კონკრეტული ხედვა, რომ ალტერნატიული პოლიტიკური საკოორდინაციო ცენტრი შეიქმნას. სალომე სამადაშვილის თქმითვე, ცენტრში წარმოდგენილი იქნებიან ის პარტიები, რომლებსაც აქვთ ქართველი ხალხისგან მიღებული მანდატი, საქართველოს პრეზიდენტთან ერთად.

„ყველას ესმის, რომ ახალი არჩევნების ჩატარების გარეშე, საქართველო ვერ გამოვა იმ ჩიხიდან, რომელშიც ჩვენ შესული ვართ. გადის კვირები, თვეები და არავინ აღიარებს არალეგიტიმურ ხელისუფლებას, რომელმაც მიითვისა ქვეყანაში ძალაუფლება გაყალბებული არჩევნების გზით. ამიტომ, მთავარი ამოცანა, რომლის გარშემოც დღეს გაერთიანება ხდება, ეს არის სწორედ ახალი არჩევნების დანიშვნა. ამ თვალსაზრისით ჩვენ ძალიან ეფექტიანად ვთანამშრომლობთ. მაგალითად, საგარეო ფრონტზე ხედავთ, როგორი შედეგები გვაქვს, რაც შეეხება არალეგიტიმურ ხელისუფლებაზე ზეწოლის გაზრდას. რაც შეეხება ქვეყნის შიგნით, ჩვენ ვაყალიბებთ კონკრეტულ ხედვას, როგორ უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები.

ცხადია, რუსეთის სპეცოპერაციას არ ვგულისხმობთ მორიგ ჯერზე, როდესაც ახალ არჩევნებზე ვსაუბრობთ. რაც შეეხება ამ თანამშრომლობის გაღრმავებას, ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვა, რომელიც მრავალი თვეა გაჟღერებული გვაქვს, ეს არის ალტერნატიული პოლიტიკური საკოორდინაციო ცენტრის შექმნა, სადაც იქნებიან წარმოდგენილი ის პარტიები, ვისაც აქვს ქართველი ხალხისგან მიერ მიღებული მანდატი, საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, სადაც უკვე წარიმართება მუშა პოლიტიკური პროცესი, რომელიც ახლაც მიმდინარეობს, მაგრამ სისტემატიზებული არ არის. ამიტომ, ვფიქრობ, ეს დრო და ვითარება მოითხოვს იმას, რომ ამ კოორდინაციის სისტემატიზაცია მოხდეს. ვფიქრობ, ამ მიმართულებით ძალიან მალე შესაბამისი პროგრესი გვექნება“, – თქვა სალომე სამადაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g