პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დღეს ევროკავშირის წევრი, ყოფილი საბჭოთა სამი რესპუბლიკა [ბალტიის ქვეყნები], პირდაპირ არის ჩართული იმაში, რომ საქართველოს კანონიერი ხელისუფლება შეცვალონ.
როგორც შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ შეცვალა დამოკიდებულება სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევის მხრივ და შეწყდა ყველა დაფინანსება.
მისივე თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოება დაწესებულ სანქციებს ხედავს:
„ზუსტად დესტაბილიზაციისთვის გამოყოფილი თანხები ჩაიხსნა. რაც ადრე კეთდებოდა USAID-ის, NED-ის, თუ სხვა ასეთი ორგანიზაციის ხელით, რომლებიც უფრო გამოცდილები იყვნენ ხელისუფლებების ცვლილებების საკითხებში უფრო ფარულად, არაპირდაპირ. დღეს ვხედავთ, რომ რამდენიმე ქვეყნის ხელისუფლება პირდაპირ არის ჩართული ამ პროცესში და ამაში განსაკუთრებით გამოირჩევიან ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, ყოფილი საბჭოთა სამი რესპუბლიკა, რომელიც დღეს ევროკავშირის წევრია, ბალტიის ქვეყნებს ვგულისხმობ, რომლებიც პირდაპირ ჩართულნი არიან იმაში, რომ საქართველოს კანონიერი ხელისუფლება შეცვალონ.
ვხედავთ, რომ მთლიანად პლატფორმა აქვთ მიცემული ქართული ოპოზიციისთვის და ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც აღმოჩნდა, რომ არიან ესტონური NGO-ები, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ და ზოგიერთი სხვა. ესტონური NGO-ები დღეს გველაპარაკებიან ქართველო ხალხის სახელით. ასე რომ, მთელი ეს სცენარი, ამ სამი ბალტიელი ქვეყნის ხელისუფლების გამოუცდელობიდან გამომდინარე პირდაპირ სააშკარაოზე გამოვიდა, რომ მიზანი არის კანონიერი ხელისუფლების ცვლილება…
იცით, რომ ერთის მხრივ, ნახევრად აღიარების, თუ არაღიარების რეჟიმში არიან ქართველი ხალხის ნების მიმართ და ვხედავთ, ასევე ბოლო დღეებში სანქციებს. სანქციები დაწესდა იმ დროს, როდესაც იმ დედაქალაქებში იმყოფებოდა ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები, ესტონურები, როგორც საბოლოო ჯამში გამოჩნდა. სიაც ფაქტია, ესტონეთის საგარეო საქმეთა თავქარიან მინისტრს წარმოდგენა არ აქვს ქართველი პოლიციელების სახელებზე და გვარებზე, ხომ გასაგებია? ეს სია შედგენილი არის ესტონური NGO-ს „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ მათი მთავრობის დავალებით. მიზანი არის ნათელი, რაც ამ სამ ქვეყანას, მათ ხელისუფლებებს საქართველოს მიმართ აქვს, ეს არის კანონიერი ხელისუფლების შეცვლა.
როგორც ჩანს, სურვილი არის, საქართველოში მოვიდეს ისეთი ხელისუფლება, რომელიც ივლის მათ ჭკუაზე. მე ამაზე დავწერე კიდევაც, რომ მიზანი სხვა არის – ამ სამ ხელისუფლებას საქართველოს მიმართ აქვს ერთადერთი ინტერესი, ეს ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ვიყოთ იარაღი და ინსტრუმენტი რუსეთის წინააღმდეგ. ამ სამ პოსტსაბჭოთა ქვეყანას აქვს თავისი შიშები რუსეთთან მიმართებაში და იმის ნაცვლად, რომ თამამად დადგნენ, ამ შიშებს გაუმკლავდნენ და თუ ბრძოლა უნდათ იბრძოლონ, ცდილობენ სხვა ქვეყნების ხელით, სხვა ხალხების ხელით რუსეთს ყურადღება გადაატანინონ სხვა საკითხებზე“, – თქვა შალვა პაპუაშვილმა.