გასული დღეების განმავლობაში, სირიის დასავლეთით მიმდინარე შეიარაღებულ დაპირისპირებებთან დაკავშირებით გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.
გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის პრესსპიკერის, ტამინ ალ-ხითანის ინფორმაციით, ოფისმა, ამ დრომდე, 111 მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობა დაადასტურა, გადამოწმების პროცესი კი გრძელდება და დაღუპულთა რეალური რაოდენობა, სავარაუდოდ, გაცილებით მეტია.
როგორც გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისში აცხადებენ, ბევრი დადასტურებული შემთხვევა სიკვდილით უკანონოდ დასჯას წარმოადგენდა. განცხადებაში აღნიშნულია ტარტუსში, ლატაკიასა და ჰამას გუბერნიებში დაუდგენელი შეიარაღებული პირების, შეიარაღებული ჯგუფების წევრების მიერ ჩადენილი ფაქტები:
„მთელ რიგ შემაშფოთებელ შემთხვევებში მთელი ოჯახები ჩახოცეს: ქალების, ბავშვების და სხვა პირების ჩათვლით, განსაკუთრებით, ალავიტების ქალაქებსა და სოფლებში. ჩვენი ოფისის მიერ შეგროვებული მრავალი ჩვენების მიხედვით, დამნაშავეებმა დაარბიეს სახლები, ასევე ეკითხებოდნენ მოსახლეობას, იყვნენ ისინი ალავიტები თუ სუნიტები. ზოგიერთმა გადარჩენილმა გვითხრა, რომ ოჯახების თვალწინ ბევრი მამაკაცი დახვრიტეს“, – წერია განცხადებაში.
გაერო-ს ადამიანის უფლებათა ოფისის ცნობითვე, შეიარაღებულმა პირებმა 6-7 მარტს ლატაკიაში, ტარტუსსა და ბანიასში საავადმყოფოები დაარბიეს. ამავე ცნობით, მათსა და სირიის სამთავრობო ძალებს შორის შეტაკებებს ათობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
„ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე გაიქცა საკუთარი სახლიდან სოფლად, ზოგმა, გავრცელებული ინფორმაციით, თავშესაფრისთვის რუსული ძალების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ საჰაერო ბაზას მიმართა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
მომხდარს ეხმაურება გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი, ვოლკერ თურქი და მოუწოდებს დამოუკიდებელი საგამოძიებო კომიტეტის მოვალეობის შემსრულებელ ორგანოებს, უზრუნველყონ, რომ ჩატარებული გამოძიება სწრაფი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი იყოს:
„ყველამ, ვინც პასუხისმგებელია დარღვევებზე, პასუხი უნდა აგოს, საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად. მსხვერპლს და მათ ოჯახებს აქვთ სიმართლის, სამართლიანობისა და რეპარაციის უფლება“, – წერია განცხადებაში.
ცნობისათვის, შეტაკებები 6 მარტს, გარდამავალი მთავრობის სუნიტ წარმომადგენლებსა და ქვეყნიდან გაქცეული პრეზიდენტის, ბაშარ ასადის ალავიტ მომხრეებს შორის დაიწყო. ახალი ხელისუფლების განცხადებით, ისინი ასადის მომხრეების აჯანყებას ახშობდნენ. 7 მარტს შეტაკებები გაგრძელდა სირიის ლატაკიის პროვინციაში, სადაც ერთმანეთს კვლავ სირიის გარდამავალი მთავრობის ძალები და ბაშარ ასადის მომხრე შეიარაღებული დაჯგუფებები დაუპირისპირდნენ.