LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანდრო ჭიჭინაძე თეატრალური უნივერსიტეტის რექტორს: „იმედია, აღარასოდეს შევხვდებით და თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი გახდება ღირსეული სივრცე“

378
ანდრო ჭიჭინაძე

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაკავებული მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე თეატრალურ უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებსა და უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სტატუტის შეჩერებას ეხმაურება.

თეატრალური უნივერსიტეტის განცხადება: „ბრძანება სტუდენტების სტატუსის შეწყვეტის შესახებ ჯერ არ არის გამოცემული… რექტორს აქვს ერთი თვის ვადა თითოეული სტუდენტის საქმის განსახილველად და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად“

პატიმრობაში მყოფი ანდრო ჭიჭინაძის წერილს მისი ადვოკატი, თორნიკე მიგინეიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს:

ანდრო ჭიჭინაძის განცხადება თეატრალურ უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებზე:

„დიდი ხანია თავს ვიკავებ განცხადების გაკეთებისგან. დაჭერის დღიდან, რადგან ყოველთვის ვერიდები „ღია დაპირისპირებაში შესვლას“. ვაპირებდი გიორგი შალუტაშვილთან დალაპარაკებას გამოსვლის შემდეგ. კითხვები მქონდა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ექცევიან ჩემს მეგობრებს, ღირსეულ ადამიანებს!

რასაც აკეთებენ მთელი ამ დროის განმავლობაში, სრულიად მიუღებელია! არის და აქამდეც იყო! განსაკუთრებით იმ ადამიანისგან, რომელმაც საბჭოთა კავშირის დროს გაბედა და დაუპირისპირდა სისტემას! ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, კარგი და საპატივცემულო ურთიერთობა მქონდა მასთან. აქ ეს ბოლო ხარისხოვანია! წითელი ხაზია, როცა პრინციპულ, ერთგულ, თავისუფალ ადამიანებს ასე ექცევი!!!

პოლიციას გამოუძახე?! ვისთვის?! ჩემთვის ყველა კითხვას პასუხი გაეცა!

იმედია, აღარასოდეს შევხვდებით და შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის და კინოს უნივერსიტეტი გახდება ღირსეული სივრცე“, – აღნიშნულია ანდრო ჭიჭინაძის წერილში.

ცნობისათვის, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გაფიცულმა სტუდენტებმა შენობა 9 მარტს დატოვეს. სტუდენტების თქმით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ მესამედ გამოიძახა პოლიცია. მათი განმარტებით, თუ ისინი შენობას არ დატოვებდნენ, ამ შემთხვევაში მათ დაკავება ემუქრებოდათ, ამიტომაც სტუდენტების თქმით, უნივერსიტეტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.

10 მარტს კი, თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტურმა მოძრაობამ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, პროტესტში მყოფი სტუდენტების ნაწილს სტუდენტის სტატუსი შეუწყვიტეს. მოგვიანებით, განცხადება გაავრცელა უნივერისტეტის ადმინისტრაციამაც.

„რექტორის მიერ ბრძანება სტუდენტების სტატუსის შეწყვეტის შესახებ ჯერ არ არის გამოცემული. სტუდენტებს აქვთ უფლება გაასაჩივრონ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება და წერილობით მიმართონ რექტორს, სამი სამუშაო დღის განმავლობაში. რექტორს აქვს ერთი თვის ვადა თითოეული სტუდენტის საქმის განსახილველად და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად“, – ვკითხულობთ 10 მარტს გავრცელებულ განცხადებაში.

magti 5g