მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, იუმორისტი ონისე ცხადაძე და კიდევ 9 პირი თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო და პირველი ინსტანციის განაჩენი – 2 წლით პატიმრობა უცვლელი დატოვა.
გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამრთლოს მოსამართლემ, თეა ლეონიძემ ცოტა ხნის წინ მიიღო.
თეა ლეონიძის განაჩენით, 11 ბრალდებული ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში გამართლდა, თუმცა, ისინი პირველი ინსტანციის მოსამართლის, ნინო გალუსტაშვილის განაჩენის მსგავსად, ჯგუფურ მოქმედებაში ცნო დამნაშავედ. მოსამართლე თეა ლეონიძემ არც ბრალდების და არც დაცვის მხარის საჩივარი არ დააკმაყოფილა.
პროკურატურა მსჯავრდებულების ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში დამნაშავედ ცნობას, დაცვის მხარე კი გამამართლებელი განაჩენის გამოტანას ითხოვდა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე სამმა მსჯავრდებულმა: ანდრო ჭიჭინაძემ, ონისე ცხადაძემ და ვალერი თეთრაშვილმა საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლა.
⭕ დღეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში დაკავებული აქციის მონაწილეების საქმის განხილვა…
Posted by Fortuna News • ფორტუნას ახალი ამბები on პარასკევი, 17 აპრილი, 2026
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირი: ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, რევაზ კიკნაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ლუკა ჯაბუა, გურამ მირცხულავა, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ტერიშვილი, ირაკლი ქერაშვილი და სერგეი კუხარჩუკი აღნიშნულ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო, თუმცა, ბრალდებას კვალიფიკაცია შეუცვალა – ისინი ჯგუფურ ქმედებაში მონაწილეობისთვის ცნო დამნაშავედ. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა თითოეულ ბრალდებულს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
დაკავებულ 11 პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ითვალისწინებს. მოსამართლე გალუსტაშვილმა აღნიშნული ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლზე გადააკვალიფიცირა, რაც ჯგუფურ მოქმედებაში აქტიურ მონაწილეობას გულისხმობს, რამაც საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვია.
