რატომ ერევიან მშობლები ზრდასრული შვილების ცხოვრებაში – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის პოდკასტში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოთერაპევტმა ლალი ბადრიძემ ისაუბრა.
რატომ აღიქვამენ მშობლები შვილებს საკუთრებად?
შვილს აქვს თავისი რეალობა და თავისი ცხოვრება. 3 წლამდე ბავშვს თუ მშობელი არ ჰყავს დაიღუპება, ამ დროს ჭიპლარი გადაჭრილი არ არის. მე ვმუშაობ წყვილებთან და ჩემს პრაქტიკაში ძალიან ბევრი შემთხვევაა, როცა ადამიანები დამოკიდებულები არიან მშობლების აზრზე. 3 წლის ასაკიდან იწყება ჭიპლარის გადაჭრა. დიოგენეს მიუყვანეს ბავშვი აღსაზრდელად, რა ხნისააო და 3 წლისო, დაგვიანებულია უკვეო. შვილი მოდის იმისთვის, რომ გავზარდოთ და გავიზარდოთ, ერთმანეთთან ურთიერთობით ვისიამოვნოთ, არ მოდის იმისთვის, რომ „ჩვენი საკუთრებაა“. ადრე ამბობდნენ, საწყალი ოჯახი როგორ არ შეხვდა, სიბერეში წყლის მიმწოდებელი მაინც არ უნდაო, თუ აქამდე დავალთ, რომ შვილი იმიტომ მინდა, სიბერეში ჭიქა წყალი მოგვაწოდოს, დამიჯერეთ, შვილი ამაზე ბევრად მეტია.

რა არის ეს, ფარული ეგოიზმი თუ გაუცნობიერებელი?
გაუცნობიერებელია, რადგან ყველა მშობელს უნდა თავისი შვილისთვის კარგი. ყველაზე დიდი ბოროტება სიყვარულის სახელით კეთდება ხოლმე.

„არას“ თქმა რამდენად მნიშვნელოვანია მშობელთან?
ჩემთან მოდის სესიაზე ადამიანი, გონია რომ კარგადაა, აღმოჩნდება რომ თვითშეფასებაში უჭირს. საკუთარი თავის სიყვარული რით იწყება იცი, არას თქმით, ისეთი საზღვრები დავაწესოთ, რომ სხვა არ დავაზიანოთ და ჩემთვისაც მისაღები იყოს. მშობლებს უჭირთ ამის მიღება. მშობლები 40 წლის ასაკშიც ერევიან და უნგრევენ ცხოვრებას შვილებს, იმიტომ რომ დედა ან მამა მარტოა, ცოდოა და იძულებული ხარ უსმინო ან წუწუნს, ან იმას, რომ მთელი ცხოვრება შემოგწირეს. არავინ არავის არაფერს არ სწირავს, ყველაფერს აკეთებ შენი გულისთვის.

„არას“ თქმის შიში რას უკავშირდება?
იმას, რომ მე ისეთი კარგი აღარ ვიქნები, მაგრამ მშობელს შვილი უყვარს სულ. თუმცა ხშირად მშობლები უარს ამბობენ შვილზე, როცა შვილი ისეთ საქციელს სჩადის, რაც არ მოსწონს. მაგალითად, ისეთ პარტნიორთან ცხოვრობს, რომელიც მას არ მოსწონს. მშობელს ჰგონია, რომ თუ არ მიიღებს, ამით დასჯის და მერე ის გამოსწორდება, რა თქმა უნდა, ეს მანიპულაციაა. ეს არ არის სწორი. მერე რა ხდება, მშობელიც იტანჯება, შვილიც და ცხოვრება ისე გადის, რომ შვილიშვილებიც კი არ ჰყავთ ნანახი. რატომ? ეს ხომ მისი ცხოვრებაა, მან იცხოვროს ისე როგორც უნდა, შენ ხომ შენი ცხოვრებით იცხოვრე.
მშობელს უნდა ვუთხრათ, „მე შენ ძალიან მიყვარხარ“ , ესაა ჩემი ცხოვრება, მე ასე გადავწყვიტე, მაგრამ ეს ჩვენს ურთიერთობაზე არანაირ გავლენას არ მოახდენს.
