როგორ გვეხმარება წარსული ტკივილი და გამოცდილება შინაგანი თავისუფლების მოპოვებაში – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან” ფსიქოლოგმა სოფო მოსიაშვილმა ისაუბრა.
როგორ გვეხმარება წარსული ტკივილი და გამოცდილება?
ხშირად გვგონია, რომ ჩვენი ტკივილი წარსულში დარჩა, მაგრამ თუ დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ ზოგიერთი გამოცდილება სხვადასხვა ფორმით ისევ და ისევ მეორდება ჩვენს ცხოვრებაში.
როდესაც საკუთარ თავს არ ვეთანხმებით, როცა ისევ ვატარებთ დანაშაულის გრძნობას, სირცხვილს, შიშს, ბრაზს ან თვითკრიტიკას, თითქოს ვაგრძელებთ ძველი ჭრილობის არსებობას. ხშირად სწორედ ამ შინაგანი მდგომარეობიდან ვქმნით ისეთ გარემოებებს და ვიზიდავთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც იმავე განცდებს გვახსენებენ, რაც უკვე ერთხელ განგვიცდია.

რას ნიშნავს „თანხმობა განცდილთან“?
ეს არ ნიშნავს, რომ მოგვწონს ის, რაც მოხდა. არ ნიშნავს, რომ ვამართლებთ უსამართლობას. არ ნიშნავს, რომ ვეთანხმებით ტკივილს. თანხმობა ნიშნავს ვაღიაროთ: „დიახ, ეს ჩემს ცხოვრებაში მოხდა”, „დიახ, ამან მატკინა”, დიახ, ეს ჩემი ისტორიის ნაწილია.“
როდესაც გამოცდილებას ვაღიარებთ, მასთან ბრძოლას ვწყვეტთ და ვიწყებთ მისგან სწავლას. ცხოვრების თითოეულ მოვლენას აქვს შედეგი. შედეგი აქვს იმასაც, რაც გავაკეთეთ. იმასაც, რაც ვერ გავაკეთეთ, რაც ვთქვით, რაც ვერ ვთქვით. და ზოგჯერ იმასაც კი, რაც მხოლოდ გულში დავიტოვეთ. ზრდა იწყება მაშინ, როდესაც საკუთარ თავს აღარ ვსჯით წარსული არჩევანების გამო და ვეკითხებით: „რა მასწავლა ამ გამოცდილებამ?“
შესაძლოა, ზოგიერთი გაკვეთილი პირველად ვერ ვისწავლოთ, შესაძლოა, ერთსა და იმავე სიტუაციაში რამდენჯერმე აღმოვჩნდეთ. და ეს სულაც არ ნიშნავს, რომ სუსტები ვართ. ხშირად ცხოვრება მანამ გვიბრუნებს ერთსა და იმავე თემას, სანამ საკმარის გამოცდილებას არ შევიძენთ მის შესაცვლელად. აქ ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავებაა. ერთია თანხმობა მომხდართან და მეორე – თანხმობა საკუთარ თავთან.
მაგალითად, ბავშვი, რომელიც თავს უარყოფილად გრძნობდა, შეიძლება მთელი ცხოვრება ატარებდეს რწმენას, რომ არასაკმარისია. მისი განკურნება იწყება არა მხოლოდ იმით, რომ აღიარებს მომხდარს, არამედ იმით, რომ საკუთარ თავს ეუბნება:
საკუთარ თავთან თანხმობა იწყება იქ, სადაც მთავრდება თვითდადანაშაულება.

ბავშვობიდანვე ვსწავლობთ, რომ ხშირად ჩვენი ბუნებრივი გამოხატვა ყველას არ მოსწონს. როდესაც ბავშვი თავისუფლად გამოხატავს საკუთარ სურვილებს, ემოციებსა და ბუნებას, ის ყოველთვის ვერ იღებს უკან სწორ რეაგირებას და ნელ-ნელა შეიძლება დაასკვნას: „ჩემი ნამდვილი მე მისაღები არ არის.“
სწორედ აქ იწყება საკუთარი თავისგან დაშორება. მაგრამ ზრდასრულობაში ჩვენ შეგვიძლია დავუბრუნდეთ საკუთარ თავს. შეგვიძლია ისევ გავიცნოთ ის ადამიანი, რომელიც ვიყავით მანამდე, სანამ გვასწავლიდნენ როგორი უნდა ვყოფილიყავით. და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც საკუთარ თავს შეგვიძლია დავუსვათ, არის: დღეს რამდენად ვცხოვრობ ჩემს ნამდვილ თავთან კავშირში? რადგან შინაგანი თავისუფლება იწყება არა მაშინ, როცა წარსულს ვშლით, არამედ მაშინ, როცა ვიღებთ მას, ვსწავლობთ მისგან და ვირჩევთ აღარ დავკარგოთ საკუთარი თავი.
შესაძლოა, სწორედ ახლა არის დრო, საკუთარ თავს ჰკითხოთ რა არის ის გამოცდილება, რომელსაც ჯერ კიდევ ებრძვით, მაშინ როცა მას უბრალოდ თქვენი აღიარება სჭირდება.