რა არის ოჯახი და რას ნიშნავს ოჯახის შექმნა – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან” ფსიქოკონსულტანტმა ნინო ეფხოშვილმა ისაუბრა.
რა არის ოჯახი?
როცა ოჯახზე ვსაუბრობთ, ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანურ ურთიერთობებზე, ემოციებზე და იმ მნიშვნელოვან არჩევანზე, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას განსაზღვრავს.
ხშირად, როცა ვამბობთ სიტყვას „ოჯახი“, წარმოგვიდგება რაღაც სტანდარტული სურათი: ორი ადამიანი, შესაძლოა შვილები, საერთო სახლი… მაგრამ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ოჯახი გაცილებით ღრმა და რთული ფენომენია.
ოჯახი არ არის მხოლოდ სოციალური ინსტიტუტი. ოჯახი არის ემოციური სისტემა, სადაც ადამიანები ერთმანეთზე ზემოქმედებენ, იზიარებენ პასუხისმგებლობას, მხარდაჭერას და, რაც მთავარია, ურთიერთობაში იზრდებიან.
ოჯახი იწყება კავშირით – არა მხოლოდ სიყვარულით, არამედ არჩევანით ვიყოთ ერთმანეთის გვერდით ყოველდღიურად.
რას ნიშნავს ოჯახის შექმნა?
ბევრს ჰგონია, რომ ოჯახის შექმნა არის ქორწილი, ოფიციალური სტატუსი ან ერთად ცხოვრება. სინამდვილეში, ეს მხოლოდ ფორმალური ნაწილია.
ფსიქოლოგიურად, ოჯახის შექმნა ნიშნავს:
პირველ რიგში, პასუხისმგებლობის აღებას – ეს არის მზადყოფნა, რომ შენი გადაწყვეტილებები აღარ გეხება მხოლოდ შენ. შენს ცხოვრებაში ჩნდება ადამიანი, რომლის ემოციები, საჭიროებები და კეთილდღეობა შენთვის მნიშვნელოვანია.
მეორე – ემოციური სიახლოვის შექმნა – ოჯახი იქმნება მაშინ, როცა შეგიძლია იყო ნამდვილი – შენი სისუსტეებით, შიშებით, სიხარულით და არ გეშინოდეს, რომ ამით არ მიგიღებენ.
მესამე – საზღვრების შეთანხმება.
ბევრი კონფლიქტი ოჯახში სწორედ აქედან იწყება. ოჯახის შექმნა ნიშნავს, რომ ორი განსხვავებული ადამიანი სწავლობს, როგორ იცხოვროს ერთ სივრცეში ისე, რომ არ დაკარგოს საკუთარი თავი.
ეს არის მუდმივი დიალოგი: „სად მთავრდები შენ და სად ვიწყები მე?“
მეოთხე მნიშვნელოვანი ასპექტია – კონფლიქტებთან გამკლავების უნარი.
ოჯახი არ ნიშნავს კონფლიქტის არქონას. პირიქით, ჯანსაღი ოჯახი არის ის, სადაც ადამიანები არ გაურბიან პრობლემებს, არამედ სწავლობენ მათ განხილვას.
თუ ურთიერთობაში მხოლოდ სიმშვიდეა, ხშირად ეს ნიშნავს, რომ რაღაცები იფარება, იჩქმალება.
„ოჯახი უნდა იყოს ყოველთვის ბედნიერი.“ – მითია. რეალობა სხვანაირია. ოჯახი არის სივრცე, სადაც არის როგორც სიხარული, ისე იმედგაცრუება, დაძაბულობა, კრიზისი. მაგრამ სწორედ ამ პროცესებში ყალიბდება ნდობა და სიღრმე.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კითხვა, რომელსაც ხშირად სვამენ: როდის არის ადამიანი მზად ოჯახის შესაქმნელად?
ფსიქოლოგიურად, მზადყოფნა არ განისაზღვრება ასაკით ან სოციალური მდგომარეობით. ეს უფრო დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე:
რადგან ხშირად ადამიანები ქმნიან ოჯახს არა სიყვარულით, არამედ შიშით – მარტოობის, სიცარიელის ან სოციალური წნეხის გამო.
ასეთ შემთხვევაში ოჯახი ხდება არა მხარდაჭერის, არამედ დაძაბულობის წყარო.
და ბოლოს, ოჯახი არ არის დასრულებული ფორმა. ოჯახი არის პროცესი, რომელიც მუდმივად ვითარდება.
ის მოითხოვს შრომას, ყურადღებას, თვითრეფლექსიას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მზადყოფნას, რომ ყოველდღიურად აირჩიო ეს ურთიერთობა.
თუ დღეს ფიქრობთ ოჯახის შექმნაზე, ჰკითხეთ საკუთარ თავს: „მინდა ვინმესთან ყოფნა, თუ უბრალოდ მარტო არ მინდა ყოფნა?“
ეს კითხვა ხშირად გვაძლევს ყველაზე გულწრფელ პასუხს.