LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეფექტიანი სწავლების შედეგები მოსწავლეთა აკადემიურ და პიროვნულ კეთილდღეობაში – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

132
თეო-ნუცუბიძე

ეფექტიანი სწავლების შედგები მოსწავლეთა აკადემიურ და პიროვნულ კეთილდღეობაში – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოლოგმა თეო ნუცუბიძემ ისაუბრა.

რაზე უნდა ზრუნავდეს მასწავლებელი?

თანამედროვე მასწავლებლის საქმიანობა საკმაოდ დატვირთული და მრავალფეროვანია. თუ კი ადრე ყურადღება მახვილდებოდა საგნების კარგად სწავლებაზე, სადაც ძირითად როლში მასწავლებელი (როგორც ცოდნის „მფლობელი“ და „გადამცემი“) იყო, დღეს კარგი სწავლება მხოლოდ მასწავლებლის ცოდნასა და მოსწავლეებისათვის მის გადაცემას არ გულისხმობს, არამედ მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელი ახერხებდეს სწავლების პროცესშივე მოსწავლის ჩართვას, მათი წინარე ცოდნის გააქტიურებას და მასზე დაყრდნობით ახალი ინფორმაციის მიწოდებას, ბალანსის დაცვას ძველსა და ახალ მასალას შორის, მოსწავლეებისათვის აზროვნების გამომწვევი კითხვების დასმას, მათი გააქტიურებისა და ცოდნის აგების კონსტრუქციულ პროცესში ჩართვის მიზნით და სხვა.

გარდა საგნის კარგად სწავლებისა, მნიშვნელოვანია, მასწავლებელი ზრუნავდეს მოსწავლის პიროვნებად ჩამოყალიბებაზეც. მან უნდა აღზარდოს პიროვნება, რომელსაც აქვს ჯანსაღი თვითშეფასება, აქვს მაღალი თვითეფექტიანობა მისთვის ღირებულ საკითხებში, შეუძლია კომუნიკაცია, აქვს მისაღები ქცევითი პატერნი, შეუძლია ემოციისა და ქცევის რეგულაცია, სხვათა ემოციებისა და მდგომარეობის გაგება და შესაბამისი რეაგირება და ა.შ.

საგნების სწავლებას ოდითგანვე ახერხებდნენ მასწავლებლები, თუმცა ტრადიციულ სწავლებაში ნაკლებად იყო წინ წამოწეული მოსწავლის პიროვნულ განვითარებაზე ზრუნვის მიზანი – თანამედროვე მასწავლებლის საქმიანობა სწორედ ამ მიზანზე სათანადო ყურადღების დათმობით გახდა მისი ტრადიციული საქმიანობისგან განსხვავებული, მოსწავლეებისათვის უფრო მეტად სარგებლის მომტანიც და ამავე დრო, ბევრად უფრო რთული. სასწავლო დაწესებულებების ამ მიზნით დაინტერესება მოსალოდნელიც იყო ადამიანის, მათ შორის მასწავლებლების, უფლებების დაცვის საკითხების თანდათანობრივ გააქტიურებასთან ერთად.

ამდენად, დღეს მასწავლებელმა ბევრად მეტი უნდა იშრომოს, რადგან იმაზე მეტის მიცემაა მოსწავლისთვის საჭირო, ვიდრე უბრალოდ საგნის თუნდაც მაღალ დონეზე სწავლება. ნათქვამიდან გამომდინარე ჩნდება კითხვები: როგორია ეფექტიანი სწავლება და რა გავლენა შეიძლება. ჰქონდეს ეფექტიან და ამის საწინააღმდეგოდ – არაეფექტიან სწავლებას მოსწავლეთა როგორც აკადემიურ, ისე პიროვნულ წარმატებაზე.

რა არის საჭირო ეფექტიანი სწავლებისთვის?

ეფექტიანი სწავლების შესახებ საუბარი, ვფიქრობ, უნდა დავიწყოთ მთლიანი მოსწავლისთვის სწავლების მნიშვნელოვნებით – თანამედროვე მასწავლებელი ორიენტირებული უნდა იყოს შემსწავლელზე როგორც მთლიან პიროვნებაზე, რომლის სწავლისა და ათვისების პროცესზე გავლენას ახდენს როგორც ინდივიდუალური შემეცნებითი შესაძლებლობები და გარემოს მიერ მისთვის შექმნილი პირობები, ასევე მისი ფსიქო-ემოციური მდგომარეობაც. ამდენად, თანამედროვე განათლება  უფრო მეტად ამახვილებს ყურადღებას სოციალურ და ემოციურ სწავლასა (SEL) და მთლიანი ბავშვისთვის სწავლებაზე.

მნიშვნელოვანია სკოლების წახალისება იმისთვის, რომ ასწავლონ მთლიან ბავშვს, მოამზადონ მოსწავლეები როგორც სკოლაში, ისე ცხოვრებაში წარმატებისთვის. დღეისათვის, ბევრ ფსიქოლოგს სჯერა, რომ მსგავსი SEL პროგრამებისა და პრაქტიკების დანერგვით, სკოლებს შეუძლიათ მოსწავლეთა როგორც აკადემიური სწავლის, ისე ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობა.

კარგი სწავლება, ასევე, მოითხოვს მასწავლებლის მხრიდან კრეატიულობას – მასწავლებელს არ უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ არსებობს ეფექტიანი სწავლებისთვის ე.წ. „უნივერსალური რეცეპტები“, რომელთა გამოყენებითაც მიაღწევს გარკვეულ შედეგებს. სწავლების პროცესის სირთულისა და მოსწავლეებს შორის არსებული დიდი მრავალფეროვნებისთვის თავის გასართმევად თანამედროვე მასწავლებლები უნდა დაეუფლონ სწავლების მრავალფეროვან მიდგომებსა თუ სტრატეგიებს, ასევე, უნდა შეძლონ პრაქტიკაში მათ მოქნილი გამოყენება. ამაში კი მათ დაეხმარებათ ერთი მხრივ პროფესიული ცოდნა და უნარები და მეორე მხრივ, თავდადება, მოტივაცია და მზრუნველობა.

პროფესიული ცოდნასა და უნარებში შეგვიძლია ვიგულისხმოთ მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენცია, სასწავლო სტრატეგიების (კონსტრუქციული, დირექტიული) ფლობა, სააზროვნო უნარების ფლობა, მათ შორის კრიტიკული, რეფლექსური და პროდუქტიულ აზროვნების შესაძლებლობა და თავის მხრივ, ამ უნარების მოსწავლეებში წახალისებისა და განვითარების ხელშეწყობის უნარიც. მასწავლებელს, ეფექტიანი სწავლების პრაქტიკაში, ასევე დაეხმარება მიზნების დასახვა და სასწავლო პროცესის დაგეგმვა – ეფექტიანი მასწავლებლები გაკვეთილს არ წარმართავენ წინასწარი მომზადების გარეშე); მნიშვნელოვანია განვითარების შესაბამისი სწავლების პრაქტიკის არსებობაც – კომპეტენტურ მასწავლებლებს, როგორც წესი, სიღრმისეულად ესმით ბავშვის განვითარების თავისებურებები და იციან, თუ როგორ შექმნან მათი განვითარების დონის შესაბამისი სასწავლო მასალები; ეფექტური სწავლებისთვის არსებითია კლასის მართვის უნარების ქონა – მნიშვნელოვანია კლასის, როგორც მთლიანობის, ერთობლივი მუშაობის შენარჩუნება და სასწავლო ამოცანების შესრულებაზე მისი მიმართვა. ეფექტიანი მასწავლებლები ქმნიან და ინარჩუნებენ გარემოს, რომელშიც სწავლის პროცესი შესაძლებელი ხდება; მამოტივირებელი უნარები – ეფექტიანი მასწავლებლები შესაბამისი სტრატეგიების გამოყენებით მოსწავლეებს ასწავლიან თვითმოტივირებასა და საკუთარ სწავლაზე პასუხისმგებლობის აღებას; ასევე, არსებითად მნიშვნელოვანია მოსწავლეთა მიღწევების მიმართ მაღალი მოლოდინების ჩამოყალიბება; ეფექტიანი სწავლების მნიშვნელოვანი კომპონენტია კომუნიკაციის უნარები – საუბრის, მოსმენის, ვერბალური კომუნიკაციისთვის ბარიერების გადალახვის, მოსწავლეთა არავერბალური კომუნიკაციის მიმართ მგრძნობიარობისა და კონფლიქტების კონსტრუქციულად გადაჭრის უნარები.

სწავლებაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია ინდივიდუალური განსხვავებების პრაქტიკული გათვალისწინება – მოსწავლეებს შესაძლოა, ჰქონდეთ ინტელექტის განსხვავებული დონე, სწავლის განსხვავებული უპირატესობები, ან განსხვავებული პიროვნული თვისებები; ასეთი მრავალფეროვანი მახასიათებლების მქონე შემსწავლელთა ეფექტიანი სწავლება დიდ ძალისხმევასა მოითხოვს (თანამედროვე განათლების სისტემის წამყვან პრინციპთა შორისაა დიფერენცირებული სწავლების პრინციპი).

ასევე, მასწავლებელს სჭირდებათ შეფასებისთვის საჭირო ცოდნა და უნარები – არა მხოლოდ სწავლის შემდეგი (შემაჯამებელი) შეფასება უნდა გამოიყენოს ეფექტიანმა მასწავლებელმა, არამედ სწავლებამდე და მისი მიმდინარეობის პროცესშიც; თანამედროვე მასწავლებელი, სხვა უნარებთან ერთად, მნიშვნელოვანია რომ ფლობდეს ტექნოლოგიურ უნარებსაც- მოსწავლეებისათვის სასარგებლოა იმ მასწავლებლებთან მუშაობა, რომლებიც იმაღლებენ ტექნოლოგიურ ცოდნას და ახერხებენ სასწავლო პროცესში კომპიუტერების სათანადოდ ინტეგრირებას. აღნიშნული ინტეგრაცია უნდა შეესაბამებოდეს მოსწავლეთა სასწავლო საჭიროებებს, მათ შორის მომავალი პროფესიისთვის მომზადების საჭიროებას. ამასთან, ეფექტიანი მასწავლებლები ფლობენ ინფორმაციას იმ დამხმარე მოწყობილობის შესახებ, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეთა მხარდასაჭერად გამოიყენება.

ეფექტიანი სწავლება მასწავლებლისგან პროფესიული ცოდნისა და უნარების გარდა, მოითხოვს თავდადებას/ ერთგულებას, მოტივაციასა და მზრუნველობას – გულისხმობს მოსწავლეების მიმართ პოზიტიურ განწყობასა და მათზე ზრუნვას; თავდადება და მოტივაციაა ეფექტიან მასწავლებლებს ეხმარება სწავლების რთული მომენტების გადალახვაში. ასეთ მასწავლებლებს სჯერათ საკუთარი თვითეფექტიანობის, პოზიტიური განწყობა და ენთუზიაზმი შეაქვთ კლასში. ეს თვისებები გადამდებია და საკლასო ოთახს აქცევს იმგვარ სივრცედ, სადაც მოსწავლეებს ყოფნა უხარიათ. ამ კონტექსტში, მნიშვნელოვანია მასწავლებელთა თავდაჯერებულობა და თვითეფექტიანობის განცდა – ეფექტიანობის მაღალი განცდის მქონე მასწავლებლები მეტი შემართებით შრომობენ და უფრო დიდხანს ინარჩუნებენ მედეგობას მოსწავლეთა სწავლებაში არსებული სირთულეების დროს; მათ სჯერათ საკუთარი თავისა და საკუთარი მოსწავლეების; მეტად კმაყოფილები არიან საკუთარი სამსახურით და ნაკლებ მოსალოდნელია, რომ მათ გამოცადონ გადაწვის სინდრომი.

როგორი შეიძლება იყოს ეფექტიანი (და სუსტი) სწავლების შედეგები?

სოციალური და ემოციური სწავლების  შედეგები – მის მნიშვნელოვნებასა და შედეგიანობას ადასტურებს შესაბამისი კვლევებიც. SEL-ს შეუძლია დადებითად იმოქმედოს მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევასა და სოციალურ ქცევებზე; აღნიშნული პროგრამების გამოყენებასთან დაკავშირებულია მოსწავლეთა მაღალი აკადემიური მიღწევები, ქცევითი პრობლემების დროში შენარჩუნებადი კლება, ნაკლები ემოციური დისტრესი, ნარკოტიკის ნაკლები მოხმარება და საშუალო სკოლისა და კოლეჯის/ უნივერსიტეტის დამთავრების მაჩვენებლის ზრდა; SEL ინტერვენცია მეტ სარგებელს ავლენს იმ მოსწავლეებისთვის, რომელთაც ყველაზე მეტი რისკი და საჭიროება აქვთ. სოციალური და ემოციური სწავლების მნიშვნელობა განსაკუთრებით მაღალია მაშინ, როცა მოსწავლეებს (და მასწავლებლებსაც) უწევთ სწავლა-სწავლების პროცესში ჩართვა სოციო-ემოციური ტრავმის ქონის პარალელურად.

სკოლაში ეფექტიანი სწავლება შესაძლოა, დაკავშირებული იყოს მოზრდილობაში კეთილდღეობასა და IQ-ს მაღალ მაჩვენებლებთან.

ადრეულ წლებში ქცევის მნიშვნელოვანი სირთულეების მქონე მოსწავლეებს, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ მოგვიანებით ჰქონდეთ პრობლემები სკოლაში, თუ მათი პირველი მასწავლებლები მგრძნობიარენი არიან მათი საჭიროებების მიმართ და უზრუნველყოფენ  ხშირ, თანმიმდევრულ უკუკავშირს.

უკეთესი მასწავლებელი-მოსწავლე ურთიერთობები პროგნოზირებს მოსწავლეთა ჩართულობას. მასწავლებლის მხარდაჭერის მაღალ დონის მქონე მოსწავლეები უფრო კმაყოფილები არიან სკოლით და მათთვის უფრო მოსაწონი საქმიანობაა სწავლა.

მოსწავლეებთან პოზიტიური ურთიერთობები მნიშვნელოვანია მასწავლებლებისთვისაც – მოსწავლეებთან ახლო ურთიერთობის მქონე მასწავლებლები განიცდიან მიღწევის მაღალ დონეს, ხოლო მოსწავლეებთან ურთიერთობაში მეტი კონფლიქტის მქონე მასწავლებლები – უფრო მეტ ემოციურ გადაღლასა და გადაწვას.

ეფექტიანი სწავლების საპირისპიროდ, სუსტი სწავლება უარყოფითად აისახება როგორც სწავლის, ასევე მოსწავლის პიროვნული განვითარების პროცესზე; კვლევების მიხედვით, სწავლების გავლენები დაგროვებითი და ნარჩენია, რაც გულისხმობს იმას, რომ მოგვიანებით კლასში უკეთეს სწავლებას შეუძლია ნაწილობრივ აანაზღაუროს ადრეულ კლასებში ნაკლებად ეფექტური სწავლება, მაგრამ სრულიად ვერ აღმოფხვრის არაეფექტიანი მასწავლებლების მიერ გამოწვეულ ყველა დეფიციტს.

ეფექტიანი მასწავლებლები, რომლებიც პოზიტიურ ურთიერთობებს ამყარებენ საკუთარ მოსწავლეებთან, გავლენიანი ძალაა მათი მოსწავლეების ცხოვრებაში. ყოველივე ნათქვამი, ალბათ კიდევ უფრო ნათელს ხდის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, თანამედროვე მასწავლებელი ფლობდეს ზემოთ ჩვენ მიერ განხილულ უნარებსა და მახასიათებლებს და შეეძლოს მათი პრაქტიკაში, მოსწავლეებთან ურთიერთობისა და მათთვის სწავლების პროცესში შესაფერისად გამოყენება. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები