LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ დავიწყოთ საკუთარ თავთან დამეგობრება – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

156
მაკა-აბაზაშვილი

როგორ დავიწყოთ საკუთარ თავთან დამეგობრება – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოლოგმა მაკა აბაზაშვილმა ისაუბრა.

რას ნიშნავს საკუთარი თავის სიყვარული?

როდესაც საკუთარი თავის სიყვარულზე ვსაუბრობთ, ხშირად გვგონია, რომ ეს მხოლოდ საკუთარი თავის დაფასებას, თავდაჯერებულობას ან პოზიტიურ აზროვნებას გულისხმობს თუმცა, საკუთარი თავის სიყვარულის საფუძველი უფრო მარტივ კითხვაში იმალება: რას ნიშნავს „მე ვარ ადამიანი“?

პირველ რიგში, იმის გააზრება რომ ადამიანი ვარ – ნიშნავს ჩემი ტვინის ფუნქციონირების გაგებას – რომელიც „ცდისა და შეცდომის“ მეთოდით სწავლობს, სწორედ ასე ვისწავლეთ სიარული, ლაპარაკი, ურთიერთობები, პროფესია, სიყვარული და ცხოვრება. შესაბამისად, თუ ადამიანი ვარ, შეცდომებიც ჩემი ბუნების ნაწილია. ეს არ ნიშნავს, რომ ცუდი, უუნარო ან არასაკმარისი ვარ. ეს ნიშნავს, რომ ცოცხალი და ადამიანური ვარ.

რაში გვეხმარება ამის გააზრება?

როგორც კი ამ დაშვებას ცნობიერად გავაკეთებთ, უფრო მკაფიოდ დავინახავთ, რომ საკუთარი თავისგან იდეალურობის მოთხოვნა, რომელიც შინაგანი კრიტიკოსის მთავარი საზრდოა, ფუნდამენტური შეცდომაა.

შეუძლებელია იყო ადამიანი და არ შეცდე. შეუძლებელია იყო ადამიანი და ყოველთვის ყველაფერი სწორად გააკეთო. შეუძლებელია იყო ადამიანი და არასოდეს იყო დაბნეული, დაღლილი ან დაუცველი.

და სწორედ მაშინ, როდესაც საკუთარ ადამიანურ ბუნებას ვიღებთ, იწყება საკუთარი თავის მიღებაც.

როგორც კარლ როჯერსი ამბობდა: „უცნაური პარადოქსია, მაგრამ როდესაც საკუთარ თავს ისეთად ვიღებ, როგორიც ვარ, სწორედ მაშინ ვიწყებ ცვლილებას.“

საკუთარი თავის მიღება არ ნიშნავს უარის თქმას ზრდასა და განვითარებაზე. პირიქით, ცვლილება სწორედ იქ იწყება, სადაც საკუთარი თავის წინააღმდეგ ბრძოლა მთავრდება.

მაგრამ ადამიანობა მხოლოდ შეცდომების დაშვების უფლებას არ ნიშნავს. იყო ადამიანი ნიშნავს გქონდეს, განიცდიდე და გამოხატავდე ემოციებს. სამწუხაროდ, ბევრ ჩვენგანს ესეც არ გვასწავლეს.

გვასწავლეს, რომ გაბრაზება ცუდია, ტირილი სისუსტეა, შიში სირცხვილია, ხოლო ძლიერი ადამიანი ის არის, ვინც ყველაფერს იტანს და არაფერს გამოხატავს.

თუმცა ემოციები არ იყოფა კარგ და ცუდ ემოციებად. არსებობს სასიამოვნო და არასასიამოვნო განცდები, მაგრამ ყველა ემოცია ბუნებრივია და მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის ჩვენი საჭიროებების, საზღვრებისა და ღირებულებების შესახებ.

ადამიანობა ნიშნავს, რომ გვაქვს უფლება განვიცდიდეთ – დიდსაც და პატარასაც, ქალსაც და კაცსაც, ბავშვსაც და მოხუცსაც.

ყველა ადამიანს აქვს უფლება ბრაზის, სევდის, შიშის, იმედგაცრუების, სიხარულის, სიყვარულისა და ბედნიერების განცდის.

მთავარია ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი:

გამოვხატო ჩემი ემოციები ისე, რომ არ დავაზიანო საკუთარი თავი და არ დავაზიანო სხვა.

საკუთარი თავის სიყვარული არ ნიშნავს მხოლოდ საკუთარი ძლიერი მხარეების შეყვარებას. ის ნიშნავს საკუთარი ემოციების, მოწყვლადობის, შეცდომების და ადამიანურობისთვის ადგილის დათმობას.

ამიტომ საკუთარი თავის სიყვარულისკენ გზა ხშირად საკუთარი თავის შეცვლით კი არა, საკუთარი თავის მოსმენით იწყება.

ამ პროცესში რა დაგვეხმარება ყველამ ინდივიდუალურად უნდა აღმოაჩინოს თუმცა შესაძლოა ამ ჩამონათვალიდან რომელიმე გამოგადგეთ:- მედიტაცია, სუნთქვითი ვარჯიშები, დღიურის წერა, სხეულთან კონტაქტი, ბუნებაში მარტო დროის გატარება და ნებისმიერი პრაქტიკა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ცოტა ხნით მაინც გავაჩუმოთ გარედან მოსული ხმები და საკუთარ ხმას მოვუსმინოთ.

შეგვიძლია საკუთარ თავს ვკითხოთ:

  • რა მინდა სინამდვილეში?
  • რას ვგრძნობ ახლა?
  • რა მჭირდება?
  • სად გადის ჩემი საზღვრები?
  • რა არის ჩემთვის მისაღები და რა – მიუღებელი?
  • რას ვაკეთებ ჩემი სურვილით და რას – მხოლოდ იმიტომ, რომ ასეა მიღებული?

ემოციებთან ურთიერთობაც, საკუთარი საზღვრების გაცნობაც და საკუთარი საჭიროებების მოსმენაც საკუთარი თავის გაცნობისა და შეყვარების პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია.

ზოგჯერ კი ამ გზაზე ისეთი სიღრმეები იშლება, სადაც სპეციალისტის მხარდაჭერა გვჭირდება.

ფსიქოთერაპევტთან მიმართვა ისეთივე ზრუნვაა ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე, როგორიც ვარჯიში, მასაჟი ან პროფილაქტიკური გამოკვლევა – სხეულზე ზრუნვა.

და, შესაძლოა, საკუთარი თავის სიყვარულის პირველი ნაბიჯი არც საკუთარი თავის შეცვლაა და არც სრულყოფილების მიღწევა.

შესაძლოა, პირველი ნაბიჯი ესაა:

  • გავიხსენოთ, რომ ადამიანები ვართ.
  • და ადამიანს აქვს უფლება, ისწავლოს.
  • აქვს უფლება, შეცდეს.
  • აქვს უფლება, იგრძნოს.
  • აქვს უფლება, გამოხატოს.
  • აქვს უფლება, იყოს არასრულყოფილი.

და სწორედ ამ ადამიანურობაში იწყება საკუთარი თავის მიღება, საკუთარ თავთან დამეგობრება და, საბოლოოდ, საკუთარი თავის სიყვარული.

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები