LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მომღერალი თუ გავხდი, ამ სიმღერის და ბესო კალანდაძის გამო… ვუთხარი, აუცილებლად უნდა ჩავწეროთ დუეტი, უარი არ მითხრათ, თორემ სიმღერას თავს დავანებებ-მეთქი… “ – დავით კალანდაძე სტუმრად „არ დაიდარდოში“

213
დავით-კალანდაძე

რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „თაკოსთან“ დავით კალანდაძე სტუმრობდა, რომელმაც მსმენელს ახალი ნამუშევარი „დღეს მე ვარ ბედნიერი“ წარუდგინა.

დათო, ძალიან აქტიურად დებ სახუმარო თუ სხვა სტილის ვიდეოებს სოციალურ ქსელში, საიდან წამოვიდა ამ ყველაფრის იდეა და როგორია საზოგადოების რეაქცია, გამოხმაურება?

ხომ იცით, გურული კაცი ვარ და ხუმრობა მეხერხება. როგორც ბაბუა მასწავლიდა, ყველაფერს იუმორით უნდა შეხედო, რაც არ უნდა პრობლემები გქონდეს ცხოვრებაში. ჩემს ვიდეოებს რომ შეხედოთ, იტყვით, ამ კაცს საერთოდ პრობლემები არ აქვსო, მაგრამ იცოდეთ, რომ მეც მაქვს პრობლემები. ყველაფერი ხუმრობით დაიწყო, პირველი ვიდეო უსაქმურობის გამო გადავიღე და ამ პირველივე ვიდეოს 3 მილიონი ნახვა ჰქონდა. მერე, მეორე ვიდეო გადავიღე, მილიონი ნახვა ჰქონდა. მეგობრები მეხუმრებიან პროფესიონალი „ტიკ ტოკერი“ ხომ არ ხარო, პროფესიონალებს შენი შურთო, არადა გაგებაში არ ვარ, ბავშვებს ვეხვეწები, ვიდეო დამიდეთ-მეთქი.

გავიხსენოთ სიმღერა „ტირიფები“, რომელსაც ბესო კალანდაძესთან ერთად ასრულებ. როგორ შედგა თქვენი დუეტი?

მუსიკა საერთოდ ამ სიმღერით დავიწყე. მომღერალი თუ გავხდი, ამ სიმღერის და ბესო კალანდაძის გამო.

სხვათა შორის, ბესოს არ ვიცნობდი. თუ გახსოვთ, ადრე ტელეფონების წიგნი იყო და ბესოს ფანატები იქ ეძებდნენ მის ნომერს. ძალიან ხშირად ჩემთან ხვდებოდნენ და მე ვეუბნებოდი, რომ ბესოს შვილი ვიყავი (იცინის). მერე, გავარდა ჭორი, რომ თურმე ბესო კალანდაძე ამა და ამ მისამართზე ცხოვრობს და სადარბაზოსთან ელოდებოდნენ ბესოს გამოსვლას.

მთელი ცხოვრება ვნატრობდი, სადმე ბესო უნდა დავიჭირო და როგორმე გავიცნო-მეთქი. ერთხელ თბილისში ჩამოვედი. თურმე, ბესო მე უკვე მიცნობდა როგორც მომღერალს და უარი ვეღარ მითხრა დუეტზე. ვუთხარი, აუცილებლად უნდა ჩავწეროთ დუეტი, უარი არ მითხრათ, თორემ სიმღერას თავს დავანებებ-მეთქი.

„ტირიფების“ არანჟირება, ყველაფერი ჩემი გაკეთებულია. ბესო უბრალოდ მოვიწვიე. იმდენად პროფესიონალია, პირველივე ჯერზე, სადღაც 15 წუთში ჩაწერა სიმღერა. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა მას.

ვისაუბროთ სიმღერაზე „დღეს მე ვარ ბედნიერი“, რომლის პრემიერაც დღეს შედგება.

ეს ძალიან ცნობილი ბერძნული სიმღერაა, ნიკოს ვერტისი მღერის. ძალიან დიდი ხანი ვუსმენდი ამ სიმღერას. სიმართლე გითხრათ, ეს სიმღერა ქართულ ენაზე ერთი 10 წლის წინ დავწერე და არ გამოვუშვი, დავაპაუზე, რადგან ამ სიმღერას ზურა ხაჩიძე მღეროდა. ძალიან მინდოდა ამ სიმღერის „ქავერის“ გაკეთება. შეგიძლია, სიტყვებსაც არ მოუსმინო, ისეთი ღვთაებრივი მელოდია აქვს, რა ენაზეც არ უნდა იმღერო, აბსოლუტურად ყველა ენაზე გაჟღერდება. ქართული ტექსტი მე მეკუთვნის, ჩემია არანჟირებაც. გადავიღე კლიპიც, ახლა მონტაჟი მიდის და მალე ისიც იქნება.

დავით კალანდაძე – დღეს მე ვარ ბედნიერი

გადაცემის აუდიოჩანაწერი

დავით კალანდაძე – ტირიფები

დავით კალანდაძე. პრემიერა გადაცემაში “რადიო დუეტი”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები