LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გასაკეთებელი კიდევ ბევრია: რაზე შეთანხმდნენ და რაზე ვერა ტრამპი და პუტინი – თუ სუფრაზე არ ხარ, მაშინ მენიუში ხარ

139
Capture

დონალდ ტრამპმა და ვლადიმირ პუტინმა ტელეფონით ისაუბრეს, რაც მეორედ მოხდა მას შემდეგ, რაც ტრამპმა აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა და უკრაინაში ომის დასრულების გეგმის განხორციელება დაიწყო.
ორი პრეზიდენტის საუბარი დაახლოებით საათნახევარი გაგრძელდა.

რას ამბობს კრემლი

კრემლის ცნობით, პუტინმა და ტრამპმა ტელეფონით განაგრძეს აზრთა დეტალური და გულწრფელი გაცვლა და დაადასტურეს კონფლიქტის მოსაგვარებლად ძალისხმევის გაგრძელების მზაობა.
ამ მიზნით შეიქმნება რუს და ამერიკელ ექსპერტთა ჯგუფები.

პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ მოსკოვი და კიევი ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებისგან 30 დღის განმავლობაში თავს შეიკავებენ. როგორც კრემლში განაცხადეს, პუტინმა დაუყოვნებლივ მისცა რუს სამხედროებს შესაბამისი ბრძანება.

პუტინმა ტრამპს უთხრა, რომ 19 მარტს 175 პატიმრის გაცვლა მოხდება. მოსკოვი კიევს ასევე გადასცემს 35 მძიმედ დაჭრილ უკრაინელ სამხედროს „კეთილგანწყობის ნიშნად“.

რას ამბობს თეთრი სახლი

თეთრი სახლის განცხადება გაცილებით მოკლე იყო და საბოლოო განცხადებაში ორი აბზაცი მიუძღვნა უკრაინის ომს.

ვაშინგტონის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ტექნიკური მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში დაიწყება ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთ ქვეყანაში.

ამას გარდა, საუბარი შეეხო ახლო აღმოსავლეთში ვითარებას და ირანისა და ისრაელის ურთიერთობას.

ცოტა მოგვიანებით, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში Truth Social, პუტინთან კონტაქტზე დაწერა როგორც „ძალიან კარგი და პროდუქტიული”.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერთან მრავალი ელემენტი იყო შეთანხმებული და დასძინა, რომ „გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია“.

ტრამპი მიიჩნევს, რომ მან პუტინთან მიაღწია შეთანხმებას ენერგეტიკულ ობიექტებზე ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ.

ამისთვისაც მოიცალეს

შესაძლოა ცოტა უცნაურად ჩანდეს, ასეთ დაძაბულ ფორმატში, მაგრამ ფაქტია – მოსკოვი და ვაშინგტონი ასევე შეთანხმდნენ ჰოკეის მატჩების ორგანიზებაზე შეერთებულ შტატებსა და რუსეთში.

როგორი რეაქცია ჰქონდა ზელენსკის

პუტინისა და ტრამპის საუბრიდან რამდენიმე საათის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამერიკული მხრიდან საუბრის დეტალებს ელოდება.

ჰელსინკში მყოფმა ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მხარს უჭერს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეჩერების წინადადებას.

მოგვიანებით ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთი აგრძელებს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას, მიუხედავად ტრამპთან საუბრისას პუტინის განცხადებებისა მშვიდობისთვის მზადყოფნის შესახებ.

რუსული ჯარები უკრაინას სამშაბათს გვიან საღამოს დაესხნენ თავს რამდენიმე ათეული თავდასხმის დრონით, დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა თავის Telegram არხზე.

რუსეთმა მაინც დაარტყა

უკრაინაზე რუსული უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმა მოხდა აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების სატელეფონო საუბრის შემდეგ, სადაც პუტინმა ბრძანება მისცა რუს სამხედროებს შეეწყვიტათ უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმები.

მართალია ზელენსკიმ მხარი დაუჭირა თავდასხმების დასრულებას, მაგრამ ასევე განაცხადა, რომ უკრაინა უპასუხებს ნებისმიერ თავდასხმას.
ოთხშაბათს ღამით უკრაინულმა უპილოტო თვითმფრინავებმა იქეთაც დაარტყეს. კრასნოდარის მხარეში, ნავთობის საწყობში ხანძარი გაჩნდა.

როგორ გამოეხმაურა მსოფლიო მედია მოლაპარაკებებს

Bild

გერმანული გაზეთის ცნობით, ტრამპმა ვერ შეძლო პუტინის დათანხმება უკრაინასთან კონფლიქტში 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტაზე. მიღწეული შეთანხმება ენერგეტიკული ობიექტების დაბომბვის შეჩერების თაობაზე შესაძლოა მომგებიანი იყოს პირველ რიგში რუსეთისთვის.
სტატიაში ხაზგასმულია, რომ მოლაპარაკებების შედეგს შეიძლება ჰქონდეს დამანგრეველი შედეგები ევროპისთვის, მაგრამ არ არის აღწერილი ამ შედეგების კონკრეტული დეტალები.

The Guardian

სატელეფონო საუბრის შემდეგ მიაღწიეს გარკვეულ პროგრესს, თუმცა რუსეთმა წამოაყენა მკაცრი პირობები საომარი მოქმედებების სრული შეწყვეტისთვის. კერძოდ, პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის წინაპირობად მოითხოვა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტა.
ასეთმა მოთხოვნამ შესაძლოა გამოიწვიოს შეშფოთება და დამატებითი კითხვები ევროპის დედაქალაქებში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი აძლიერებენ სამხედრო მხარდაჭერას კიევისთვის.

Reuters

დონალდ ტრამპი ცდილობდა დაეყოლიებინა პუტინი მხარი დაეჭირა ცეცხლის შეწყვეტაზე და ამტკიცებდა, რომ ამან შესაძლოა ხელი შეუწყოს ევროპაში ყველაზე საშინელი კონფლიქტის დასრულებას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ტრამპმა ასევე მიანიშნა უკრაინის მხრიდან ტერიტორიული დათმობების შესაძლო ჩართვაზე გრძელვადიან სამშვიდობო შეთანხმებაში.

Sky News

სამხედრო ექსპერტმა მაიკლ კლარკმა Sky News-ს განუცხადა, რომ უკრაინის არყოფნა პუტინ-ტრამპის შეხვედრაზე მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინა განხილვის თემა იყო. ცნობილი დიპლომატიური ფრაზაა: „თუ სუფრაზე არ ხარ, მაშინ მენიუში ხარ“ – და “უკრაინა სწორედ იქ იყო”.

BBC

შეთანხმებები ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეწყვეტის, პატიმრების ურთიერთგაცვლასა და შავ ზღვაში საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ დისკუსიების დასაწყებად მნიშვნელოვანი ნაბიჯებია, თუმცა თეთრი სახლისა და კრემლის კომენტარებიდან გამომდინარე, მოლაპარაკებების პროცესში მნიშვნელოვანი პროგრესი არ ყოფილა.

გაგრძელება იქნება

რუსეთი და შეერთებული შტატები უკრაინის თემაზე სამშვიდობო მოლაპარაკებებს კვირას, 23 მარტს განაახლებენ.

ფოტო: france24
pbs
bbc

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g