LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ჩააბარა იაკობ საფარაშვილმა ამერიკის 7 საუკეთესო უნივერსიტეტში და რა ჯილდო მიიღო მან პრეზიდენტ დონალდ ტრამპისგან

105
იაკობი

ქართულ-ამერიკული სკოლის ამერიკული სადიპლომო AP პროგრამის მე-12 კლასის მოსწავლე იაკობ საფარაშვილი ამერიკის 7 პრესტიჟულ უნივერსიტეტში ჩაირიცხა. მიღებული დაფინანსება ჯამურად მილიონ დოლარს აღემატება. იაკობი ჟურნალ „თბილისელებს“ ესაუბრება.

– იაკობ, პირველ რიგში, გილოცავთ და მოგვიყევით მეტი დეტალი ამ წარმატების შესახებ…

იაკობ საფარაშვილი: დიდი მადლობა! ეს ჩემთვის ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი და ემოციური ეტაპია. როდესაც გავიგე, რომ ამერიკის შვიდმა პრესტიჟულმა უნივერსიტეტმა მიმიღო და საერთო დაფინანსებამ მილიონ დოლარს გადააჭარბა, პირველ რიგში, გამახსენდა ის გზა, რომელიც ამ შედეგამდე გამოვიარე. ეს არ ყოფილა ერთ დღეში მიღწეული წარმატება. ამ ყველაფრის უკან დგას წლების განმავლობაში მუდმივი შრომა, უძილო ღამეები, პროექტები, საერთაშორისო ოლიმპიადები, კონკურსები, კვლევები და ძალიან დიდი შრომა. ისეთმა უნივერსიტეტებმა მიმიღეს და დამაფინანსეს როგორებიცაა: Illinois Institute of Technology, Chicago; University of Massachusetts Amherst, Massachusetts; Baylor University, Texas; University of Arizona, Arizona; University of Connecticut, Connecticut; Reed College, Oregon; და University of California, Los Angeles. თითოეულ მათგანს ძალიან ძლიერი აკადემიური პროგრამა და შესაძლებლობები აქვს, რაც დიდი პატივი და მოტივაციაა. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ის, რომ უნივერსიტეტებმა მხოლოდ აკადემიური შედეგები არ შეაფასეს. მათთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჩემი პროექტები, საერთაშორისო გამოცდილება, ოლიმპიადებში მონაწილეობა, ლიდერული უნარები და ჩემი შეხედულებები ცხოვრების სხვადასხვა საკითხზე.

– რომელ უნივერსიტეტსა და პროფესიაზე შეაჩერეთ არჩევანი და რატომ?

– საბოლოოდ არჩევანი შევაჩერე Illinois Institute of Technology-ზე, სადაც კომპიუტერულ მეცნიერებასა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ვაპირებ სწავლის გაგრძელებას. ჩემთვის გადამწყვეტი იყო ის გარემო და შესაძლებლობები, რომელსაც ეს უნივერსიტეტი ქმნის ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით. ილინოისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი განსაკუთრებით გამოირჩევა პრაქტიკულ განათლებაზე ორიენტირებული მიდგომით. უნივერსიტეტი სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, იმუშაონ რეალურ პროექტებზე და ტექნოლოგიური სფეროს თანამედროვე გამოწვევებთან ჰქონდეთ პირდაპირი შეხება. ასევე, ჩემთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ სწორედ ამ უნივერსიტეტში შეიქმნა პირველი პენტიუმის ჩიპი, პირველი მობილური ტელეფონი და ისეთი ინოვაციები, რომლებმაც ტექნოლოგიური განვითარება სრულიად ახალ ეტაპზე გადაიყვანა. ვფიქრობ, ეს გარემო მომცემს შესაძლებლობას როგორც აკადემიურად, ისე პროფესიულად მაქსიმალურად განვვითარდე და მომავალში შევქმნა ისეთი ტექნოლოგიური პროექტები, რომლებიც რეალურ პრობლემებს გადაჭრის.

– იაკობ, თქვენ მიიღეთ თეთრი სახლისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის უმაღლესი აკადემიური მიღწევის ოქროს ჯილდო. როგორ მოხდა ეს და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს მოსწავლე, რომ ასეთი ჯილდოს მფლობელი გახდეს?

– ეს ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე წარმოუდგენელი, მნიშვნელოვანი და ემოციური აღიარება იყო. აღნიშნული ჯილდო გაიცემა მაღალი აკადემიური მიღწევების, ლიდერული უნარების, საერთაშორისო აქტივობებისა და განსაკუთრებული საგანმანათლებლო შედეგებისთვის. ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო, ვყოფილიყავი პირველ მოსწავლეებს შორის, რომლებმაც ასეთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება მიიღეს. როდესაც ოფიციალური წერილი და ჯილდო მივიღე, ძალიან დიდი პასუხისმგებლობის განცდა გამიჩნდა. მსგავსი აღიარება მხოლოდ პირადი წარმატება არ არის – ეს არის მოტივაცია, რომ კიდევ უფრო მეტი იშრომო, განვითარდე და შენი ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე ღირსეულად წარმოაჩინო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები