LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრამპის ტარიფებმა ევროპულ ავტო გიგანტებს 8 მილიარდ ევროზე მეტი დააკარგვინა

105
ქირიას NEWS შაბლონი (1)

ევროპული ავტოინდუსტრია ამერიკის სავაჭრო პოლიტიკის შედეგად მილიარდობით ევროს ზარალს განიცდის. Financial Times-ის ინფორმაციით, აშშ-ის მიერ ევროპულ ავტომობილებზე გაზრდილი იმპორტის ტარიფების გამო, წამყვანმა ევროპულმა კომპანიებმა ბოლო ერთი წლისა და მიმდინარე წლის პირველი კვარტალის განმავლობაში ჯამში 8 მილიარდ ევროზე მეტი დაკარგეს.

ყველაზე მძიმე დარტყმა მიიღო Volkswagen-მა, რომლის დამატებითმა ხარჯებმა 3.6 მილიარდ ევროს მიაღწია. მნიშვნელოვანი დანაკარგები აქვთ სხვა გერმანულ გიგანტებსაც – BMW-მ ტარიფების გამო დაახლოებით 2.1 მილიარდი ევრო დაკარგა, ხოლო Mercedes-Benz-ის ზარალმა 1.3 მილიარდი ევრო შეადგინა. სერიოზული ფინანსური ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა ასევე Stellantis, რომლის დანაკარგიც 1.2 მილიარდ ევროდ შეფასდა.

სიტუაცია განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც აშშ-მა გასული წლის აპრილში ევროპული ავტომობილების იმპორტზე ტარიფები 2.5%-დან 27.5%-მდე გაზარდა. მოგვიანებით განაკვეთი 15%-მდე შემცირდა, თუმცა კომპანიებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და ინდუსტრიაში კრიზისული განწყობა შენარჩუნდა.

ევროპული ავტო კომპანიების ხელმძღვანელები უკვე ღიად საუბრობენ ბიზნესმოდელის გადახედვის აუცილებლობაზე. Volkswagen-ის ფინანსურმა დირექტორმა არნო ანტლიცმა ინვესტორები გააფრთხილა, რომ მხოლოდ ხარჯების შემცირება პრობლემას ვეღარ გადაჭრის და კომპანიებს ოპერაციული სტრატეგიის რადიკალური ცვლილება მოუწევთ.

ამ ფონზე, Audi უკვე განიხილავს წარმოების ნაწილის აშშ-ში გადატანას, რათა ტარიფების გავლენა შეამციროს. საუბარია განსაკუთრებით ახალი ფლაგმანური მოდელის – Q9-ის წარმოებაზე, რომელიც შესაძლოა ამერიკაში ლოკალიზდეს.

კომპანიები იმედს კვლავ მოლაპარაკებებზე ამყარებენ. BMW-ის ხელმძღვანელმა ოლივერ ციპსემ განაცხადა, რომ შესაძლებელია კომპრომისის მიღწევა დონალდ ტრამპი ადმინისტრაციასთან, რაც შეღავათებს მისცემს იმ კომპანიებს, რომლებსაც საწარმოო ქარხნები უკვე აქვთ აშშ-ის ტერიტორიაზე.

დაძაბულობა დამატებით გაიზარდა მას შემდეგ, რაც ტრამპმა 1-ელ მაისს განაცხადა, რომ ევროპული ავტომობილებისთვის ტარიფებს 15%-დან 25%-მდე გაზრდიდა. თუმცა, ურსულა ფონ დერ ლაიენთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, თეთრმა სახლმა გადაწყვეტილება დროებით – 4 ივლისამდე გადაავადა.

ექსპერტების შეფასებით, თუ სავაჭრო დაპირისპირება გაგრძელდება, ევროპული ავტოინდუსტრია შესაძლოა იძულებული გახდეს წარმოების ნაწილი აშშ-ში გადაიტანოს, რაც გლობალური ავტო ბაზრის სტრუქტურას მნიშვნელოვნად შეცვლის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g