რამ შეიძლება გამოიწვიოს წელის ტკივილი? არის თუ არა მედიკამენტური მკურნალობა ასეთ დროს გამოსავალი და რა უნდა ვიცოდეთ იმისთვის, რომ სამუდამოდ დავაღწიოთ თავი წელის ტკივილს? – ყველასთვის აქტუალურ თემაზე ისაუბრა ნევროლოგმა, გოგიტა გეგელაშვილმა გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“.
„ტვირთის აწევით, ტრავმით, არასწორ პოზაში ძილით ან ჯდომით შესაძლოა წელის მიდამოში უსიამოვნო შეგრძნება განგვივითარდეს, რაც მწვავე და ყრუ ტკივილით ხასიათდება“, – ამბობს ექიმი.
სპეციალისტის განცხადებით, წელის ტკივილის თავიდან ასარიდებლად აუცილებელია რამდენჯერაც დღის განმავლობაში გაგვახსენდება გავიმართოთ და გავიზმოროთ – ეს რეკომენდაცია კი მათთვისაა, ვისაც მთელი დღის განმავლობაში სამუშაოს შესრულებისას მოხრილი უწევს ყოფნა:
„მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ ეს არის კუნთების დაჭიმულობა. ჩვენთან ყველა იღებს მაგნიტურ-ბირთვულ რეზონანსს და იძახის დისკის ამოვარდნა მაქვს, თიაქარი მაქვს და არის კატასტროფულ განცდაში. საზოგადოებას აპარატის უფრო სჯერა, ვიდრე სიტყვის.
წელის ტკივილი შეიძლება გამოიწვიოს კუნთის დაჭიმვამ. მაგალითად: დაგივარდათ ნივთი, უხერხულად ავიღეთ. ადამიანი გამართული არსებაა და ამ გამართვას უხდის ხარკს იმით, რომ გამშლელი კუნთები ავიწყდება.
უნდა გავიმართოთ, ავხედოთ ცას, კუნთები უნდა დაიჭიმოს ამ დროს.
წელის ტკივილის დროს უნდა ვიმუშაოთ გამშლელ კუნთებზე, უნდა გავიზმოროთ, რადგან ჩვენ ადამიანები ყოველდღიურ ცხოვრებაში ძირითადად ვართ მოხრილი, უნდა გავიმართოთ.
როცა გაგახსენდებათ, თუნდაც ასჯერ უნდა გავიზმოროთ. რაც შეგიძლია დიდხანს, „წელში გატყდომამდე“ უნდა გაიზმორო…
დატვირთვა უნდა იყოს კომფორტის ზონაში, რადგან არ შეიძლება შეუჩვეველი საქმის ერთბაშად კეთება, ამიტომ ნებისმიერი რეკომენდაცია უვარჯიშებელმა ადამიანმა გააკეთოს ეს წელის ტკივილით დასრულდება“, – ამბობს გოგიტა გეგელაშვილი.
❗ წელის ტკივილი – რა მიზეზით შეიძლება გვტკიოდეს წელი?!❗ წელის ტკივილი – რა მიზეზით შეიძლება გვტკიოდეს წელი?! 👨⚕️ სასარგებლო ნევროლოგ რჩევები გოგიტა გეგელაშვილისაგან
Posted by დილა მშვიდობისა საქართველო on ოთხშაბათი, 23 აპრილი, 2025