„თბილისი ცენტრალის“ ადმინისტრაცია დღეს, სადგურის მოედანზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადების თანახმად, ხანძარი დილის 6 საათზე, ე.წ. ბორჯომის ვაგზლის ტერიტორიაზე არსებულ ბაზრობაზე გაჩნდა.
„აღნიშნული ტერიტორია 49 წლიანი გრძელვადიანი იჯარით აღებული აქვს ს.ს თბილისი ცენტრალს საქართველოს რკინიგზისგან. არსებული საიჯარო ხელშეკრულების ქვეშ, ამ ტერიტორიაზე 2021 წლიდან ბაზრობის მოწყობას და ფუნქციონირებას ქვეიჯარის ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს შპს ბაქანი.
ბაზრობის ოპერირებასთან დაკავშირებული ყველა იურიდიული, ტექნიკური და სავალდებულო რეგულაციების დაცვა ქვეიჯარის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოადგენს ბაზრობის უშუალო ოპერატორის პასუხისმგებლობას.
ვიდეო: „25 000 ჯინსები მქონდა. მეტის თქმა არ შემიძლია…“ „არ მაქვს მოლოდინი, რომ ვინმე ამ ზარალს აანაზღაურებს… ალბათ, სიმართლე ამ ქვეყანაში არ არსებობს“ – „ბორჯომის ბაზრის“ ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები
მოვაჭრეებს არ აქვთ ინფორმაცია რამ გამოიწვია ხანძრის გაჩენა.
ბაზრობის სპეციფიკის გათვალისწინებით, შპს ბაქანი უზრუნველყოფდა ადგილზე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახანძრო და სხვა უსაფრთხოების ნორმების დაცვას. ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
სრული ზარალის შეფასება და ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენა მოხდება საგამოძიებო ღონისძიებების დასრულების და შესაბამისი მოკვლევის შემდეგ“. – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.
ინფორმაციისთვის, დღეს, დილით, თბილისში, სადგურის მოედნის ბაზრობის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარი იყო. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ტანსაცმლისა და სხვადასხვა სახის სასაწყობე ფართებს გაუჩნდა.
სადგურის მოედნის ტერიტორიაზე ხანძრის გამო ახლომდებარე კლინიკებიდან პაციენტების ევაკუაცია განხორციელდა. ამ ეტაპზე ხანძარი ლიკვიდირებულია.
კოლაჟში გამოყენებულია „რადიო თავისუფლების“ ფოტოები