LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მეგის ქარდავამ თავზე დამადო იარაღი და მეუბნებოდა, რომ დახოცავდა ჩემს მშობლებს და 14 წლის ძმას, თუ აღიარებით ჩვენებას არ მივცემდი“ – გიორგი ხოჭავა საგამოძიებო კომისიის წევრებს

111
გიორგი ხოჭავა

„მეგის ქარდავამ თავზე დამადო იარაღი და მეუბნებოდა, რომ ახლა, გესვრი თუ არ მეტყვი, სად არის ალიბი, მერე დავხოცავ შენ მშობლებს და შენ 14 წლის ძმასო“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს დაზარალებულმა, გიორგი ხოჭავამ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებს საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე გიორგი ხოჭავამ განაცხადა, თავდაპირველად ის „რაღაც ნივთის ქურდობის“ ბრალდებით დააკავეს და იმის გამო, რომ აღიარებითი ჩვენება არ მისცა, მას პოლიციის მაღალჩინოსანი მეგის ქარდავა და მისი თანამოაზრეები ფიზიკურად გაუსწორდნენ და აწამეს.

„19 წლის ვიყავი. საღამო იყო, რაღაც საქმეები მქონდა და ნათესავის სახლიდან ვბრუნდებოდი სახლში. სახლამდე გასავლელი მქონდა დაახლოებით 600-700 მეტრი. გააჩერა ორმა პიკაპმა, გადმოცვივდნენ და ჩამსვეს მანქანაში. ვაღიარებ, რომ სანამ სამმართველოში არ მიმიყვანეს, მათ ჩემთვის ხელი არ დაურტყამთ. მიმიყვანეს სამმართველოში, გაჩერდნენ და დაახლოებით 5 წუთში სამმართველოს ეზოდან გადმოვიდა მეგის ქარდავა, ჩაჯდა თავის მანქანაში და როგორც კი, მეგის ქარდავა ჩაჯდა თავის მანქანაში, გადმომიყვანეს და ჩამსვეს მეგისთან. ეს არაადამიანი, მხეცი, ცხოველი, ცხოველიც არ ეწოდება, ალბათ, მეუბნება რაღაც საქმეებს, კონკრეტულად ქურდობას ეხება ეს ყველაფერი და მეუბნება, რომ ეს ქურდობა ჩავიდინე და უნდა მეღიარებინა. წინააღმდეგ შემთხვევაში, რამდენიმე წუთიც კი არ ვიცოცხლებდი. მე მას ვუთხარი შემდეგი სიტყვები, რომ „ეს ქურდობა მე არ ჩამიდენია და მე არ ვაპირებ ამის აღიარებას“, – განაცხადა გიორგი ხოჭავამ.

მან გაიხსენა კონკრეტულად ის ეპიზოდიც, თუ როგორ ემუქრებოდა მეგის ქარდავა, ოჯახის წევრების მოკვლით, იმ შემთხვევაში, თუ არ მისცემდა აღიარებით ჩვენებას.

„გადამიყვანეს სამმართველოში და შემიყვანეს ე.წ. ამოსაცნობ ოთახში. მაშინ ჩემი ძმა 14 წლის იყო. მამაჩემი და დედაჩემი ამოსაცნობი ოთახის მეორე მხარეს დამიყენეს. მე მათ ვხედავდი, ისინი მე ვერ მხედავდნენ. ისევ დამაჩოქეს. მეგის ქარდავამ დამადო თავზე იარაღი და მეუბნებოდა, რომ მე შენ ახლა გესვრი, თუ არ მეტყვი, სად არის ალიბი და მერე დავხოცავ შენ მშობლებსო, შენ ძმასო, 14 წლის ბავშვსო. ხმას არ ვიღებდი და მინდოდა, რომ რაღაცნაირად რამდენიმე წუთით მაინც გამენეიტრალებინა ეს სიტუაცია, ვუთხარი, ეს არ გაეკეთებინა და ერთი-ერთზე, კაბინეტში დავმსხდარიყავით და გვესაუბრა. მან მითხრა კარგიო, შევედი კაბინეტში და ვუთხარი, რომ მე ეს არ გამიკეთებია და შენ ეს იცი-მეთქი, უკვე მეორეჯერ გეუბნები, რომ თუ ჩემი მოკვლა გინდა, მე მომკალი-მეთქი. ვუთხარი, რომ მშობლები არაფერ შუაში იყვნენ და მათთვის თავი დაენებებინა.

ორი დღით ადრე დამიჭირეს, ვიდრე მერე ჩაწერეს ჩემი დაჭერის თარიღი. შემაგდეს ე.წ კაპეზეზე და სამი დღის განმავლობაში არ მაძლევდნენ წყალს, არ მაჭმევდნენ საჭმელს, რამდენიმე საათის შუალედით გავყავდი, მაწამებდნენ, მცემდნენ, ელექტრო შოკს იყენებდნენ თითქმის ყველა ცემის ეპიზოდში“, – განაცხადა გიორგი ხოჭავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g