პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ეხმაურება „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას დღევანდელ ბრიფინგს, რომელზეც მან კოტე იოსელიანის მიერ გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით ისაუბრა.
თინა ბოკუჩავას განცხადებას, რომ მის მეუღლეს ჩაუსაფრდნენ, გაიტაცეს და დაემუქრნენ, გია ვოლსკი უნიჭო სპექტაკლს და ბოროტ ზღაპარს უწოდებს და ამბობს, რომ ასეთი ბოროტი ზღაპრის მოყოლის მიზანია, უშიშროების სამსახურს და შინაგან საქმეთა სამინისტროს შეურაცხყოფა მიაყენოს.
„ის, რასაც თინა ბოკუჩავა ამბობს, უნიჭო სპექტაკლია, მაგრამ ამავე დროს, სიბოროტის ის დონე ახლავს, რომელიც ახასიათებდა „ნაცმოძრაობას” – რასაკვირველია, კოტიკოს უნდა დაუძახონ, გამოკითხონ.
მე ვფიქრობ, უნდა დაიბარონ მისი ქმარი, კოტე. ადამიანი, რომელიც ჩვენ გვახსოვს იქიდან, როდესაც ამბობდა, რომ იესო ქრისტეს 30 ვერცხლი ჩაუდეს ჯიბეში და ჩადებული 30 ვერცხლის გამო გაასამართლეს და ჯვარზე გააკრეს. მისი რაღაც უტიფარი განცხადებებიც გვახსოვს, მაგრამ ის, რასაც თინა ბოკუჩავა ამბობს, რასაკვირველია, ზღაპარი უნდა დავარქვათ, თან ბოროტი ზღაპარი. აქ არის ერთი ამოცანა, შეურაცხყოფა მიაყენოს უშიშროების სამსახურს, გამოიყვანოს ისე, რომ საბავშვო ბაღის ბავშვების დახოცვით დაემუქრნენ კოტიკოს, თუ არ აღიარებდა, რომ სისულელე თქვა 8 წლის წინ.
რასაკვირველია, პირადად ხელმძღვანელობაზეა შეტევა. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალ მინისტრზე განახორციელა შეტევა. მე ვფიქრობ, მაინც უნიჭო სპექტაკლია, მაგრამ ამავე დროს, სიბოროტის ის დონე ახლავს, რომელიც ახასიათებდა „ნაცმოძრაობას” მაშინ როცა ბოკუჩავა იყო ერთ-ერთი ლიდერი და დღესაც რჩება, უბრალოდ, მართვის ბერკეტი არ გააჩნია ხელში.
დღეს ასეთი ბოროტი ზღაპრის მოყოლა უკავშირდება კონკრეტულ ამოცანას, რომ შეურაცხყოფა მიაყენოს უშიშროების სამსახურს, ახალ ხელმძღვანელობას, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს. მახსოვს გარკვეული დღეების წინ, გეგელიამ განაცხადა, რომ მასაც დაესხნენ თავს. რასაკვირველია, ეს ვიღაცებს აინტერესებთ, მაგრამ მე მგონია, გულუბრყვილო სანჩეს ამორის გარდა, ამას არავინ დაიჯერებს არც საზღვარგარეთ“, – თქვა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ დღეს ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ მისმა მეუღლემ, კოტე იოსელიანმა უტა ივანიშვილს ბოდიში მას შემდეგ მოუხადა, რაც გაიტაცეს და მასზე ზეწოლა განახორციელეს. 8 ივნისს კოტე იოსელიანმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის.