საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ BAG ინდექსის კვლევაზე მუშაობა დაასრულა და 2025 წლის მეორე კვარტლის შედეგებს აქვეყნებს.
გამოკითხვის შედეგად, ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობა, გასულ კვარტალთან შედარებით, 4.6 ქულით გაუმჯობესდა. აღნიშნული უმეტესწილად განპირობებულია მიმდინარე კვარტალში გაზრდილი გაყიდვებით, რომელიც გამოკითხული კომპანიების 54.6%-მა დააფიქსირა.
ასევე საგულისხმოა დასაქმების მაჩვენებელი, კერძოდ, კომპანიების 28%-მა განაცხადა, რომ მათთან დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა. დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა, წინა კვარტლის მსგავსად, ყველაზე მეტად მშენებლობა/დეველოპერულ სექტორში დაფიქსირდა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე კვარტალში 7 პროცენტული პუნქტით შემცირდა იმ კომპანიების წილი, რომლებიც ბიზნესსაქმიანობისთვის ხელის შემშლელ ფაქტორებზე საუბრობენ. აღნიშნულ ფაქტორებში მნიშვნელოვნად გამოიკვეთა სპეციალისტების ნაკლებობა და სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები, ხოლო ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობით გამოწვეული პრობლემა 29 პროცენტული პუნქტით შემცირდა, რაც ლარის კურსის სტაბილურობით აიხსნება.
ხაზგასასმელია, რომ წინა კვარტალთან შედარებით, 10 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი კომპანიების წილი, რომლებმაც მეორე კვარტალში დაფინანსების მოძიება დაიწყეს.
შეგახსენებთ, რომ BAG ინდექსი, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, PMC კვლევითი ცენტრისა და IFO ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის ერთობლივი პროდუქტია, რომელსაც საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ყოველკვარტალურად აქვეყნებს.
კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.