„აუდიტორიაში“ გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრისა და აღიარებული პოლონელი მუსიკოსების ერთობლივი კონცერტი გაიმართა.
ორკესტრს ცნობილი პოლონელი მაესტრო – პაველ კოტლა დირიჟორობდა. სოლისტები კი იყვნენ მარეკ შლეზერი (ფორტეპიანო) და იან კალინოვსკი (ჩელო), რომლებიც საერთაშორისო სცენებზე Cracow Duo-ს სახელით გამოდიან.
„კონცერტის პროგრამაში იყო ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის, ჰენრიკ მიკოლაი გურეცკისა და კშიშტოფ მეიერის ნაწარმოებები. რეპერტუარი მოიცავდა როგორც კლასიკურ, ასევე თანამედროვე პოლონურ კომპოზიციებს, რაც სიმბოლურად ასახავდა პოლონეთსა და საქართველოს შორის არსებულ კულტურულ კავშირებსა და საერთო ღირებულებებს.
მაესტრო პაველ კოტლა გამოჩენილი პოლონელ-ბრიტანელი დირიჟორი და ხელოვნების მენეჯერია. მისი საერთაშორისო კარიერა მოიცავს თანამშრომლობას წამყვან ორკესტრებთან ევროპაში, აზიასა და სამხრეთ ამერიკაში. პაველ კოტლას გამართული აქვს კონცერტები მსოფლიოს არაერთ ცნობილ დარბაზში, მათ შორის არის Royal Albert Hall და Berlin Philharmonic. 2024 წელს მაესტროს გადაეცა პოლონეთის კულტურის სამინისტროს სპეციალური ჯილდო პოლონურ მუსიკაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. პაველ კოტლა დირიჟორობდა 2025 წელს კიევში გამართულ კონცერტს „თავისუფლებისა და სოლიდარობისათვის“, რომელიც არაერთ არხზე გადაიცემოდა.
მარეკ შლეზერსა (ფორტეპიანო) და იან კალინოვსკის (ჩელო) საერთაშორისო აუდიტორია Cracow Duo-ს სახელით იცნობს. მუსიკოსებს არაერთხელ დაუკრავთ მსოფლიოს ისეთ პრესტიჟულ სცენებზე როგორებიცაა: Carnegie Hall, Concertgebouw Amsterdam, Seoul Arts Center და სხვა. მარკ შლეზერსა და იან კალინოვსკის რეპერტუარში ჭარბობს პოლონელი კომპოზიტორების ნაწარმოებები და თანამედროვე მუსიკა. 2025 წელს მათი ალბომი Dedications vol. 2 დაჯილდოვდა Global Music Award-ით თანამედროვე კლასიკური მუსიკის კატეგორიაში“, – აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.

„Cracow Duo”: „20 ივნისის კონცერტის შთაბეჭდილებები დაუვიწყარია. გვქონდა ბედნიერება გვემუშავა გამორჩეულ ორკესტრთან, რომელიც ნიჭიერი, მოტივირებული და ენერგიით სავსე ახალგაზრდა მუსიკოსებისგან იყო შემდგარი. გვსურს გულწრფელი მადლობა გადავუხადოთ მაესტრო პაველ კოტლას, პოლონეთის ინსტიტუტს თბილისში და პოლონეთის საელჩოს საქართველოში – ამ განსაკუთრებულ პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობისთვის. სწორედ ასეთი მომენტები გვახსენებს მუსიკის უნივერსალურ ძალას – გააერთიანოს ადამიანები სხვადასხვა კულტურებსა და საზღვრებს მიღმა. საქართველო წარმოუდგენლად სტუმართმოყვარე და მშვენიერი ქვეყანაა. ჩვენ მუდამ დიდი სიხარულით ვბრუნდებით აქ“.
„გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი 2019 წელს დაარსდა და მალევე მიიპყრო ყურადღება ისეთ ფესტივალებში მონაწილეობით, როგორებიცაა Young Euro Classic, წინანდლის ფესტივალი და სხვა. ახალი თაობის არტისტებით დაკომპლექტებული პროფესიული ორკესტრი აქტიურად თანამშრომლობს კლასიკური მუსიკის ვარსკვლავებთან და წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსებისთვის.
ღონისძიება ეძღვნებოდა პოლონეთის ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსის დასრულებას.
კონცერტის მხარდამჭერები: ფონდი „თემიდა“ (ხელოვნება და ბიზნესი), სახელოვნებო ასოციაცია Porta Musicae, პოლონეთის საელჩო საქართველოში და პოლონური ინსტიტუტი თბილისში. პროექტი დაფინანსებულია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საგრანტო კონკურსის „სახალხო დიპლომატია 2024-2025“ ფარგლებში“, – წერია კონცერტის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
