28 ივლისიდან 13 აგვისტოს ჩათვლით, თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებისა და საქართველო-კორეის ინფორმაციაზე წვდომის ცენტრის ორგანიზებით, ციფრული უნარების გაძლიერებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, მირზა გელოვანის სახელობის მე-2 ბიბლიოთეკაში უფასო სასწავლო კურსი დაიწყება.
კურსი გათვლილია ახალბედა კონტენტკრეატორებისა და ციფრული ტექნოლოგიებით დაინტერესებულთათვის. კურსის მიზანია თანამედროვე ციფრულ გარემოში პროფესიულ წინსვლასა და დასაქმების შესაძლებლობის გაფართოებაში ახალგაზრდებისთვის საჭირო უნარების განვითარება.
კურსი მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
Notion – ეფექტური ციფრული ორგანიზებისა და პროექტების მართვის პლატფორმა, რომელიც პროექტების, დავალებების, იდეებისა და სამუშაო პროცესების ერთ სივრცეში მართვის შესაძლებლობას იძლევა. ტრენინგის მონაწილეები შეისწავლიან: სამუშაო სივრცის დაგეგმვასა და ეფექტიან ორგანიზებას, ინდივიდუალური და პროფესიული გეგმების შექმნასა და მართვას, პროექტების მართვის პრაქტიკულ მიდგომებს (Kanban, To-Do, დოკუმენტაცია და სხვ.), Notion-ის თანამშრომლობის ინსტრუმენტებისა და ინტერფეისის ეფექტიან გამოყენებას როგორც გუნდური, ისე ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად.
Generative AI – ხელოვნური ინტელექტის თანამედროვე საშუალება შემოქმედებითი და პროდუქტიული ამოცანების ავტომატიზაციისთვის. ტრენინგის მონაწილეები გაეცნობიან ხელოვნური ინტელექტის შემოქმედებით შესაძლებლობებს და შეიძენენ პრაქტიკულ უნარებს AI ინსტრუმენტების გამოყენებაში როგორც ყოველდღიური საქმიანობის გამარტივების, ასევე პროფესიული განვითარებისთვის. ტრენინგის მონაწილეები შეისწავლიან: გენერაციული AI-ის პრინციპებსა და ფუნქციონირების საფუძვლებს, პოპულარული AI ინსტრუმენტების გამოყენებას ტექსტის, იდეების, გამოსახულებებისა და კონტენტის გენერირებისთვის, ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებას საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებაში (კონტენტკრეაცია, მარკეტინგი, სწავლა და სხვ.), AI-ის ეთიკურ და პრაქტიკულ ასპექტებს, რაც მნიშვნელოვანია მისი გონივრული და პასუხისმგებლობით გამოყენებისთვის. ასევე ჩატარდება AI Video Editing-ის მოკლე საბაზისო კურსი.
სულ 10 შეხვედრა ჩატარდება, 2-2 საათის განმავლობაში. დასაწყისი 13:00 საათი. ტრენინგებზე დასასწრებად აუცილებელია საბაზისო ტექნიკური ინგლისურის ცოდნა.
მისამართი: ვაჟა ფშაველას #99, მირზა გელოვანის სახელობის მე-2 ბიბლიოთეკაში მდებარე საქართველო-კორეის ინფორმაციაზე წვდომის ცენტრი. პროექტში მონაწილეობისთვის აუცილებელია წინასწარ რეგისტრაცია.
პროექტი ხორციელდება World Friends Korea – IT მოხალისეების პროგრამის ფარგლებში, რომელიც აერთიანებს ახალგაზრდა პროფესიონალებსა და სტუდენტებს სამხრეთ კორეიდან. პროგრამას ახორციელებს – კორეის ეროვნული ინფორმაციული საზოგადოების სააგენტო (National Information Society Agency – NIA), მხარდამჭერია კორეის მეცნიერების, ICT და მომავლის დაგეგმვის სამინისტრო (Ministry of Science, ICT & Future Planning).