თოჯინის „ლაბუბუ“ შემქმნელი, კომპანიის „Pop Mart“ აღმასრულებელი დირექტორი ჩინეთის ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერების ათეულში მოხვდა. 38 წლის ვან ნინის ქონება ამჟამად 22.7 მილიარდ აშშ დოლარად ფასდება.
ფუმფულა, მახვილკბილება და დიდთვალება „ლაბუბუთი“ განსაკუთრებულად შეპყრობილი Z თაობაა, რასაც ცნობილი ადამიანების, მათ შორის რიანას მიერ, თოჯინის must-have საგნად ქცევამ შეუწყო ხელი.
„ლაბუბუს“ შეზღუდული რაოდენობით წარმოებამ, უკონტროლო გადაყიდვამ და თოჯინის ვირუსულმა პოპულარობამ, 2010 წელს დაფუძნებული „Pop Mart“ სათამაშოების დიზაინის სფეროში ერთ-ერთ გავლენიან კომპანიად აქცია.
ცნობისთვის, „ლაბუბუ“, როგორც პერსონაჟი, ჰოლანდიაში დაბადებულმა ჰონგკონგელმა ილუსტრატორმა კესინ ლუნგმა 2015 წელს, სკანდინავიური მითოლოგიით შთაგონებული ტრილოგიისთვის – „მონსტრებისთვის” შექმნა, რამდენიმე წლის შემდეგ კი „ელფური არსება, რომელსაც კეთილი გული და მუდმივად დახმარების სურვილი აქვს, თუმცა ზოგჯერ, შემთხვევით, საპირისპიროს აღწევს”, სიურპრიზ-ყუთის (blind-box) ფორმატით „Pop Mart“-ის საკუთრება გახდა.

აღსანიშნავია, რომ „ლაბუბუს“ სიურპრიზ-ყუთების გახსნა სოციალურ ქსელებში ერთ-ერთ ყველაზე ყურებად კონტენტად იქცა. $20-30 დოლარიანმა მისტიკურმა ყუთებმა, რომლებსაც სანამ არ გახსნი, არ იცი რომელი სათამაშო ამოგივა, მომხმარებლებს განძის, ანუ „ლაბუბუს“ ყველა ვერსიის ძიების მოტივაცია გაუჩინა. ამიტომაცაა, რომ პეკინიდან ლოს-ანჯელესამდე არ დარჩა სათამაშოების მაღაზია, სადაც „ლაბუბუ” ერთხელ მაინც არ მოუკითხავთ.