ლეღვის ნახარში, მზისგან დამცავი საშუალებები და დამწვრობები – როდის არის მზე უსაფრთხო და როგორ მივიღოთ „ჯანმრთელი“ რუჯი? – ამის შესახებ გადაცემაში, „პაციენტი“ პლასტიკური ქირურგი, სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი, გუგა ქაშიბაძე საუბრობს.
გადაცემის წამყვანის რეპლიკაზე: „ლეგენდა, რომელიც ლეღვს უკავშირდებოდა და მის გამოყენებას ესთეტიკური კუთხით, ხშირ შემთხვევაში მანდილოსნების მიერ, საკმაოდ ბევრი პრობლემა მოჰყვა თავის დროზე…“ – გუგა ქაშიბაძე ამბობს, რომ ექიმებს 12 წლის განმავლობაში უწევდათ ლეღვის ნახარშით გამოწვეული დამწვრობით არა მარტო ქალების, არამედ მამაკაცების მკურნალობაც:
„ჩვენდა სასიხარულოდ, მთელი ცენტრი გახარებული ვართ, ორი წლის განმავლობაში არ დაფიქსირებული (ლეღვის ნახარშით მიღებული დამწვრობის) არცერთი შემთხვევა, თუმცა მანამდე დაახლოებით 12 წელი გვიწევდა ამ ადამიანების გამოჯანმრთელება, არა მარტო მანდილოსნები, (ლეღვის ნახარშით მიღებული დამწვრობით) ჭაბუკები და მზეჭაბუკებიც გვყავდნენ მსგავსი დაზიანებით. დღემდე ხშირია რუჯის გამო, მზეზე მიღებული დამწვრობები.
ცოტა ხნის წინ გავწერეთ 7 წლის ბავშვი, რომელსაც საკმაოდ სერიოზული დაზიანებები ჰქონდა. მშობელმა ახსნა, რომ ბავშვი აუზთან დიდ ხანს თამაშობდა, ეს ძალიან ყურს ხვდება, განიცდის ამას ექიმი…“ – ამბობს ექიმი.