LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არცერთი უცხოელი ექიმი არ გირჩევთ სხვადასხვა ალკოჰოლური ხსნარით დაზილოთ პაციენტი ან ძმრიანი წინდები ჩააცვათ, ამის არანაირი რეკომენდაცია არ არსებობს…“ – თემურ მიქელაძე გვირჩევს როგორ მოვიქცეთ და რა არ უნდა გავაკეთოთ ბავშვებში ხველისა და მაღალი ტემპერატურის დროს

227
თემურ მიქელაძე

რა შეიძლება გავაკეთოთ ბავშვის მდგომარეობის შესამსუბუქებლად მაშინ, როდესაც მას ძალიან ახველებს? – ნატა ხარაშვილის პოდკასტში „სტუმრად ექიმთან“ ექიმი – პედიატრი, თემურ მიქელაძე ამბობს, რომ ასეთ დროს მთავარია, სითხეებით დატვირთვა. მისივე თქმით, თუ ბავშვი დიდი რაოდენობით სითხეს იღებს, ნებისმიერი პათოლოგია მას არ გაურთულდება:

რატომ ავადობს ბავშვი ხშირად და რას ვაკეთებთ არასწორად? – თემურ მიქელაძე ვირუსებზე, აცრებსა და იმუნიტეტზე პოდკასტში „სტუმრად ექიმთან“

„სად გადის ზღვარი გადაჭარბებულად ხშირად ავადობასა და ნორმალურ ავადობას შორის, სასურველია თუ არა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება, როგორ უნდა მოვიქცეთ პნევმონიის დროს, როგორ შევამსუბუქოთ ხველა, უნდა გვეშინოდეს თუ არა ნოროვირუსის, რატომ არ უნდა მივიღოთ ანტიბიოტიკი თვითნებურად…“ – ამ და სხვა საინტერესო თემებზე ნატა ხარაშვილის პოდკასტში „სტუმრად ექიმთან“ ექიმმა – პედიატრმა, თემურ მიქელაძემ ისაუბრა. ბატონო თემურ, […]

გადაცემის წამყვანის კითხვაზე: აღნიშნეთ, რომ ხველის შესამსუბუქებლად კარგია თაფლი, სუფთა ჰაერი, კიდევ რა შეიძლება გავაკეთოთ, რომ ბავშვის მდგომარეობა შევამსუბუქოთ იმ მომენტში, როცა მას ძალიან ახველებს? – ექიმმა უპასუხა:

„თაფლი მხოლოდ ორი წლის შემდგომ ასაკის ბავშვებში უნდა გამოვიყენოთ. მთავარია, სითხეებით დატვირთვა, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, ცხელების დროს ბავშვი ვერ იღებს სითხეს. ჩვენ რატომ გვეშინია ცხელებით განვითარებული ფებრილური გულყრის?! იმიტომ, რომ სითხე აკლია ბავშვს, სითხით არ არის შევსებული, ამიტომ ჩვენ სხვადასხვა ღონისძიებასაც მივმართავთ, მაგალითად, ე.წ. მარილიან ჩხირებს, რომ მეტი რაოდენობით სითხე მიიღოს მან. თუ ბავშვი სითხით სწორად არის გაჯერებული და დიდი რაოდენობით სითხეს იღებს, ნებისმიერი პათოლოგია მას არ გაურთულდება, როგორც ბაქტერიული, ისე ვირუსული, განსაკუთრებით პნევმონიის დროს.
შესაბამისად, მთავარია, სითხით დატვირთვა, სუფთა ჰაერი, ხშირად განიავება, ელემენტარული ჰიგიენური ნორმების დაცვა, თაფლის გამოყენება და ზოგ შემთხვევაში, ლიმონიანი სხვადასხვა ნელთბილი სითხის მიღება და არა ცხელის ან სხვადასხვა ალკოჰოლით გაჯერებული სასმლის მიღება, რომელსაც მოზრდილი ბავშვები, სამწუხაროდ, იყენებენ ჩვენს პირობებში.განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, წვეულებებს რომ აწყობენ, მაღალ ალკოჰოლურ საშუალებებს სვამენ, რაც კატეგორიულად დაუშვებელია.

ალბათ, საკმაოდ ხშირად გინახავთ, მოზრდილებს გაციების დროს ჩაიში ალკოჰოლს რომ უსხამენ და ჰგონიათ, ამით მეორე დღეს გამოჯანმრთელდებიან, პირიქით, ამით ჩვენ შეიძლება სხვადასხვა დაავადება გავამწვავოთ. ალკოჰოლი ამ კონკრეტულ შემთხვევაში საერთოდ უნდა ამოვიღოთ ხმარებიდან.

ასევე უნდა ამოვიღოთ ალკოჰოლი ძმრიანი წინდების, დაზელვების და ა.შ. დროს.
ერთადერთი თბილი წყალი შეგვიძლია გამოვიყენოთ, მაგრამ ასეთ რეკომენდაციას ექიმი არ უნდა იძლეოდეს, რადგან ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ანტიპირეტული საშუალებები, ცენტრალური მოქმედების და პერიფერიული მოქმედების და ჩვენ რომ უცხოელ კოლეგებს ვკითხოთ, არცერთი უცხოელი ექიმი არ გირჩევთ, რომ სითხით, სხვადასხვა ალკოჰოლური ხსნარით დაზილოთ პაციენტი, რომ ძმრიანი წინდები ჩააცვათ, ამის არანაირი რეკომენდაცია არ არსებობს, ამიტომ უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ სიცხის დამწევი საშუალებები, სითხე დიდი რაოდენობით. მთავარია, ჯანსაღი გარემოს შექმნა ბავშვისთვის, არ უნდა ავყვეთ ფსიქო – სოციალურ აქტივობებს, განსაკუთრებით სხვადასხვა სოციალური ქსელებიდან მომდინარეს“, – ამბობს პედიატრი.