გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლების მხრიდან არჩევნების შესაძლო გაყალბების მცდელობაზე საუბრობს.”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლევან ბეჟაშვილი, აცხადებს, რომ ცესკო-მ სპეციალური სიები შეადგინა და ცდილობს, რომ იმ უბნებზე, სადაც ვაშაძე ლიდერობდა, მეორე ტურში ეს მონაცემები შეცვალოს.ბეჟაშვილმა მაგალითად მოიყვანა სამგორის საარჩევნო ოლქი, სადაც, მისი მტკიცებით, დამატებით 1329 პოლიციელის და სამხედრო მოსამსახურის მობილიზება იგეგმება.
„მარტო სამგორის საარჩევნო ოლქის 47-ე უბანზე დამატებული არის 146 სამხედრო მოსამსახურე, 84-ე უბანზე დამატებულია 402 სამხედრო მოსამსახურე, 83-ე უბანზე დამატებულია 613 სამხედრო მოსამსახურე, ჯამში, ეს რიცხვი შეადგენს 1329 ხმას და პრაქტიკულად შეუძლია, გადაწყვიტოს, შეცვალოს პირველი ტურის შედეგები სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ,“ – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
ბეჟაშვილი მოუწოდებს სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რომ ყურადღება მიაქციონ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დროს სამგორის საარჩევნო ოლქს.
შეგახსენებთ, გუშინ ოპოციციაში გაანაცხდეს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ „ქართულმა ოცნებამ“ ჯანმრთელი ადამიანებისთვის გადასატანი ყუთის სერვისი შეუკვეთა.საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ გადასატან ყუთებზე ამომრჩეველთა რაოდენობა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. მისი განცხადებით, ვინაიდან გადასატანი ყუთის შემთხვევაში მარკირება არ კეთდება, ხელისუფლებას შეუძლია, რომ ერთი და იმავე ადამიანის ხმა რამდენჯერმე გამოიყენოს.
