უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ორშაბათს ვაშინგტონში დონალდ ტრამპს შეხვდება. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკი პლატფორმა X-ზე წერს.
„დადეთ შეთანხმება, შეთანხმება უნდა დადოთ“ – დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს
„პრეზიდენტ ტრამპთან ხანგრძლივი და შინაარსიანი საუბარი გვქონდა. სანამ ევროპელი ლიდერები შემოგვიერთდებოდნენ, ჩვენ პირისპირ საუბრით დავიწყეთ. ეს ზარი საათ-ნახევარზე მეტ ხანს გაგრძელდა, მათ შორის პრეზიდენტ ტრამპთან ორმხრივი საუბარი ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბრისას რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის ძირითადი საკითხების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ტრამპის წინადადებას უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი შეხვედრის ჩატარების შესახებ. ორშაბათს პრეზიდენტ ტრამპს ვაშინგტონში შევხვდები, რათა დეტალურად განვიხილოთ მკვლელობებისა და ომის დასრულებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი. მოწვევისთვის მადლობელი ვარ“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.