პროკურორ ბექა ხუნაშვილის ინფორმაციით, ლევან ხაბეიშვილის საქმეზე გამოკითხული განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეირჩნენ.
როგორც პროკურორმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ამ ეტაპზე გამოკითხულია გდდ-ს სამი თანამშრომელი.
ხუნაშვილის განცხადებით, „ისინი იძახიან, რომ ლევან ხაბეიშვილის განცხადებები აბსოლუტურად რეალურად მიიღეს შეთავაზებად – ქრთამის დაპირებად”.
როგორც მან ამ კონტექსტში აღნიშნა, “საჯარო განცხადება უფრო მეტად საფრთხის შემცველია, ვიდრე ერთ ან ორ ადამიანთან კონფინდენციალური შეთანხმება”.
„როგორც ცნობილია, ლევან ხაბეიშვილს ბრალი ედება ხელისუფლების დამხობის საჯარო მოწოდებისა და ქრთამის დაპირებისთვის. დაპირება შეიძლება განხორციელდეს როგორც პირადად ურთიერთშეხვედრის დროს, ასევე საჯაროდ, სოციალური ქსელით, ბეჭდური მედიით, სატელევიზიო ეთერებით.
რაც შეეხება პატიმრობის გამოყენების საფუძველს, არსებობდა როგორც მართლმსაჯულების ხელშეშლის, ასევე მტკიცებულებების გატანის რისკი. ასევე ვერ უგულებელყოფდით მიმალვის საფრთხეს.
ამ რისკების დასაზღვევად სასამართლოსთან ვიშუამდგომლეთ პატიმრობის შერჩევით. სასამართლომ ჩვენი შუამდგომლობა და ჩვენი პოზიცია გაიზიარა.
მტკიცებულებების ერთი ნაწილი არის საჯარო მოწოდებები – არის ეს სატელევიზიო საშუალებები თუ “ფეისბუქ” სივრცე. საქმეზე დაკითხულია არაერთი თანამშრომელი – განსაკუთრებით განსაკუთრებულ დავალებათა დეპატრამენტის თანამშრომლები. ისინი იძახიან, რომ ლევან ხაბეიშვილის განცხადებები აბსოლუტურად რეალურად მიიღეს შეთავაზებად – ქრთამის დაპირებად.
მტკიცებულებათა ერთობლიობა აკმაყოფილებს იმ სტანდარტს, რაც საქმის წარმოების ამ ეტაპისთვის არის წარდგენილი. შემდგომ ეტაპზე წარმოდგენილი იქნება იმ ხარისხის სტანდარტის მტკიცებულებები, რაც საჭიროა სასამართლოს საქმის წარმოებისთვის.
ამ ეტაპისთვის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამი თანამშომელია დაკითხული. ისინი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეირჩნენ.
საჯარო განცხადება უფრო მეტად საფრთხის შემცველია, ვიდრე ერთ ან ორ ადამიანთან კონფინდენციალური შეთანხმება”, – განაცხადა ბექა ხუნაშვილმა.
ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილს ედავებიან, რომ უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის დაპირება და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდება განახორცირელა.
ხაბეიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის, ფულის გადაცემის დაპირებას გულისხმობს, რათა მან თანამდებობრივი უფლებების განხორციელებისას და მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან.
ამასთან, ლევან ხაბეიშვილს ბრალი ასევე წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ.
მურთაზ ზოდელავას კი ედავებიან, რომ ის უკანონოდ ჩაერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში და საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით სცადა გადაემალა ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონი, რომლის ამოსაღებადაც სასამართლოს მიერ გაცემული იყო ჩხრეკის განჩინება.
მურთაზ ზოდელავას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით გამომძიებლის საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უკანონო ჩარევას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
