ახალგაზრდა ქალს, რომელსაც ყოფილმა ქმარმა დანით ჭრილობა მიაყენა, სახეზე ქიმიური ნივთიერება შეასხა, შემდეგ კი აალებული ბენზინი ესროლა და ცეცხლი წაუკიდა, ხეჩინაშვილის კლინიკაში, რეანიმაციის განყოფილებაში მკურნალობენ.
მძიმედ დაშავებული ქალი თათია ლომინაძეა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კლინიკის ექიმი, დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი, პლასტიკური ქირურგი გუგა ქაშიბაძე AMBEBI.GE-სთან საუბრობს და აცხადებს, რომ ახალგაზრდა ქალს ძალიან სერიოზული დაზიანებები აქვს და დიაგნოზი არის ძალიან საშიში.
„სტაბილურად არის, მართვით სუნთქვაზე იმყოფება, თუმცა დაზიანებები აქვს ძალიან სერიოზული. დეტალებს ვერ შევყვები დაზიანებებთან დაკავშირებით, საკმაოდ სერიოზული დაზიანებები აქვს, რამდენიმე სახის დაზიანებები აღენიშნება. დიაგნოზი არის ძალიან საშიში. იმყოფება რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზე“, – უთხრა გუგა ქაშიბაძემ AMBEBI.GE-ს.
შეგახსენებთ, დანაშაული კასპში, ე.წ. მირიანის დასახლებაში მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში ბრალდებულმა პირმა წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში დაზიანებები მიაყენა ყოფილ მეუღლეს, 1991 წელს დაბადებულ თ.ლ.-ს, რის შემდეგაც ბენზინის შესხმით მის დაწვას შეეცადა. მომხდარის შემდეგ, ზ.ბ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ზ.ბ. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავეს“, – აცხადებენ შსს-ში.