ჩვენ ვნახეთ დამკვირვებლები ევროპის ქვეყნებიდან, თუ ვინმეს კითხვები აქვს, სჯობს, განმარტებები მათ გააკეთონ, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელის განმარტებით, დღეს საქართველოში არიან უცხოელი დამკვირვებლები ყველა ქვეყნიდან, სადაც ამის ინტერესი გამოიხატა.
მაკა ბოჭორიშვილი: „დემოკრატიულ ქვეყნებში ხელისუფლების გადაბარება ხდება ერთადერთი გზით. არჩევნებზე ეს ხალხი ამბობს უარს და მათ არანაირი საფუძველი და უფლება არ აქვთ დემოკრატიასა და დემოკრატიულ სტანდარტებზე საერთოდ ისაუბრონ“
„მშვიდობიანი შეკრების უფლებაც ყველას აქვს, თუმცა სახელმწიფოს აქვს ვალდებულებები რომ უზრუნველყოს საზოგადოებრივი წესრიგი.“
„საქართველოში უცხოელი დამკვირვებლები არიან, რომლებიც კანონმდებლობის შესაბამისად, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დარეგისტრირდნენ. ვისაც აქვს ინტერესი, შესაძლებლობა, დააკვირდეს საქართველოში საარჩევნო პროცესს. უცხოელი დამკვირვებლები არიან ყველა ქვეყნიდან, სადაც საქართველოში არჩევნების დაკვირვების ინტერესი გამოიხატა. არ ვიცი, ვის რა შეფასება აქვს დემოკრატიის, თუმცა ჩვენ ვნახეთ დამკვირვებლები ევროპის ქვეყნებიდან, თუ ვინმეს კითხვები აქვს ევროპის ქვეყნებში დემოკრატიასთან დაკავშირებით, ალბათ, სჯობს, განმარტებები მათ გააკეთონ“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.