გერმანული გამოცემა SPIEGEL-ის, ავსტრიული Standard-ის, ბელგიური გაზეთის De Tijd-ისა და უნგრული არასამთავრობო ორგანიზაცია Direkt36-ის მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, უნგრეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის აგენტები, როგორც ჩანს, წლების განმავლობაში ჯაშუშობდნენ ბრიუსელში ევროკავშირის ინსტიტუტებში.
ათი წლის წინ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მთავრობასა და ევროკომისიას შორის დაძაბულობის ფონზე, უნგრეთის საიდუმლო სამსახურმა (ინფორმაციის ბიურო) აგენტები გაგზავნა ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენლობაში. ოფიციალურად, ისინი, სავარაუდოდ, ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებს აგვარებდნენ, სინამდვილეში კი ევროკავშირის ინსტიტუტებში შიდა ჯაშუშობისთვის მუშაობდნენ. ამის შესახებ ნათქვამია ერთობლივი გამოძიების შედეგად გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში.
Direkt36-მა აღმოაჩინა, რომ ბრიუსელში უნგრეთის მუდმივ წარმომადგენლობაში მყოფმა დიპლომატმა, ვინმე B-მ, სცადა ევროკავშირის ინსტიტუტებში მომუშავე უნგრეთის მოქალაქეების რეკრუტირება. ის ფარულად მუშაობდა ბრიუსელში. ოფიციალურად საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი იყო, სინამდვილეში კი ის საინფორმაციო ბიუროს აგენტი გახლდათ.
გაზეთის ცნობით, 2017 წელს B. გამოაშკარავდა და მასთან ერთად ბრიუსელში არსებული მთელი უნგრეთის სადაზვერვო ქსელის კომპრომეტირება მოხდა.
ჯაშუშური ქსელის არსებობა ეჭვქვეშ აყენებს მოქმედი უნგრელი ევროკომისრის, ოლივერ ვარჰელის რეპუტაციას.
ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაქსიმ პრევომ განაცხადა, რომ ეს საქმე უპასუხოდ არ უნდა დარჩეს და რომ ბელგია არ მოითმენს ჯაშუშობას საკუთარ ტერიტორიაზე.

უნგრეთი – რთული პარტნიორი
ევროკავშირის ფარგლებში უნგრეთი წევრი სახელმწიფოების სადაზვერვო სამსახურებთან თანამშრომლობს. როგორც წესი, მოკავშირე სახელმწიფოები ერთმანეთის ჯაშუშობისგან თავს იკავებენ, აღნიშნავს ავსტრიული გაზეთი.
თუმცა, უნგრეთი ნაკლებად ლოიალურ პარტნიორად მიიჩნევა. ბევრი ეჭვობს, რომ ბუდაპეშტის მიერ მიღებული ინფორმაციის ნაწილი მოსკოვში ხვდება. მეტიც, აქ კითხვა მხოლოდ იმაში კი არ მდგომარეობს, ბუდაპეშტი უფრო ლოიალური იყო დასავლეთის თუ მოსკოვის მიმართ, არამედ იმაშიც, ემსახურებოდა თუ არა ჯაშუშობა უნგრეთის სახელმწიფოს თუ ორბანის მთავრობას.

ფოტო: telex
euronews