ესპანეთის ცენტრალური ბანკის შენობა დედაქალაქის ყველაზე შთამბეჭდავ არქიტექტურულ ინტერიერს მალავს. ამ სილამაზის საზოგადოებისთვის საჩვენებლად, ბანკმა პროგრამა სახელწოდებით – „ღია კარი“ დაიწყო, წერს metalocus-ი.
ვიტრაჟები, გოიას ნამუშევრები, საზეიმო დარბაზები (მათ შორის ისინიც, სადაც დღესაც მუშაობენ თანამშრომლები) – ახლა უკვე ხელმისაწვდომია უფასო ექსკურსიებზე, რომლებიც ოქტომბრიდან დაიწყო.
მთავარი ღირსშესანიშნაობებიდან ერთ-ერთია ახლახან აღდგენილი ყოფილი კოლექციონერების დარბაზი, სადაც ჰარმონიულად ერთიანდება ნეოკლასიკური და ინდუსტრიული სტილი. სხვა გამორჩეულ ელემენტებს შორის არის იმპერატორის კიბე, სალაროს ეზო და ოპერაციული ეზო.
ცენტრალური ბანკის სამხატვრო კოლექცია მოიცავს დაახლოებით 4000 ნამუშევარს, მათ შორის ნახატებს (ზოგი მათგანი გოიას ეკუთვნის), ქანდაკებებს, ნახაზებს, ფოტოებს, გრავიურებს, აგრეთვე გობელენებს, ხალიჩებსა და საათებს.
აღსანიშნავია, რომ ბანკის შენობა 1999 წელს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტად გამოცხადდა.