ევროპამ წარადგინა ახალი წესები, რომელიც საბავშვო სათამაშოების უსაფრთხოებას დაარეგულირებს. სიახლის შესახებ Intertek-ი წერს.
სიახლე მოიცავს „ციფრული პასპორტის“ დანერგვას, რომელიც გააუმჯობესებს ონლაინ გაყიდვაში არსებული სათამაშოების მონიტორინგს და ასევე, აკრძალავს მავნე ქიმიური ნივთიერებების გამოყენებას.
მაგალითად, კვლევამ, რომელიც ასოციაცია Toy Industries of Europe-მა ჩაატარა, მრავალი სახიფათო პროდუქტი გამოავლინა:
სასტვენი გრძელი თოკით, რომელმაც შეიძლება ბავშვი დაახრჩოს;
ე.წ. „ტყლარწი“, რომელიც შეიცავს ბორს – ტოქსიკურ ნივთიერებას;
მაგნიტური სათამაშოები, რომელთა ნაწილების ჩაყლაპვა ბავშვებისთვის საშიშია.
ასოციაციამ შეიძინა დაახლოებით 100 სათამაშო ონლაინ პლატფორმებიდან (AliExpress, Amazon Marketplace, Shein, Temu) და დაადგინა, რომ მათგან 80% არ შეესაბამება ევროკავშირის უსაფრთხოების სტანდარტებს.
ახალი რეგულაციების მიხედვით, ყველა სათამაშოს უნდა ჰქონდეს ციფრული პასპორტი, რომელიც მომხმარებლებსა და კონტროლის ორგანოებს საშუალებას მისცემს შეამოწმონ, შეესაბამება თუ არა პროდუქტი ევროკავშირის კანონმდებლობას.
იმპორტიორები ვალდებულნი იქნებიან ციფრული პასპორტები წარმოადგინონ ევროკავშირის გარე საზღვრებზე – მათ შორის ონლაინ გაყიდვებისთვის განკუთვნილ პროდუქციაზეც.
ახალი სისტემა განსაზღვრავს სათამაშოებს, რომლებიც საჭიროებენ განსაკუთრებულ საბაჟო შემოწმებას.
ევროპარლამენტი კანონპროექტის განხილვას უახლოეს მომავალში დაიწყებს და თუ დოკუმენტი დამტკიცდება, ახალი წესები ძალაში უახლოეს წლებში შევა.