LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ანიტას და მათეს დუეტი რისკი იყო, მაგრამ ამ რისკმა გაამართლა…“ – როგორ იმსახურებს ბავშვების დიდ სიყვარულს ცნობილი ვოკალის პედაგოგი მანანა მორჩილაძე

2277
df2fd56e-aabe-4672-a6b7-88cd0a4a60c5

მანანა მორჩილაძე უკვე რამდენიმე ათეული წელია, ქართულ მუსიკას ერთგულად და დაუზარებლად ემსახურება. მან მომღერლების ახალ-ახალი თაობები გაზარდა და ახლაც აგრძელებს საყვარელ საქმიანობას, რომელსაც არაფერზე გაცვლიდა. „ამას წინათ ვფიქრობდი, რა შეიძლება იყოს ის საქმე, რომელსაც გავაკეთებდი. ადრე მეგონა, რომ სხვა საქმის კეთებაც შემეძლო, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ ვერ შევძლებდი…“, ამბობს „პირველი არხის“ და პროექტ „რანინას“ მუსიკალური ხელმძღვანელი fortuna.ge-სთან საუბრისას. სწორედ მანანა მორჩილაძის დიდი დამსახურებაა, ყოველ სეზონზე ეკრანზე საოცარი ნიჭის მქონე პატარა არტისტებს რომ ვუყურებთ.

ამ სეზონზე „რანინას“ უდიდესი აღმოჩენა გახდა ანიტა აბგარიანი, რომელმაც მათე მარტიაშვილთან და „შავნაბადას“ გუნდთან ერთად შეასრულა იოსებ კეჭაყმაძის შედევრი „აქედანა და შენამდე“. ორი პატარა მომღერლის შესრულებამ სოციალური ქსელი მთლიანად მოიცვა და მალევე, სულ რამდენიმე დღეში, მილიონ ნახვას გადააჭარბა.

მანანასთან საუბარი სწორედ პროექტით და კონკრეტულად ამ შესრულებით დავიწყეთ.

„რანინას“ ყოველ სეზონზე გვგონია, რომ ამაზე უკეთეს ბავშვებს ვეღარ ვნახავთ, მაგრამ მორიგ ჯერზე ისევ აღფრთოვანებულებს გვტოვებთ. წელსაც გქონდათ ის განცდა, რომ მაყურებელს ასეთი მუსიკალური ექსტაზი ელოდა?

რომ არ დაგიმალოთ, ველოდით ასეთ გამოხმაურებას, რადგან ჩვენც მივხვდით, რომ ძალიან გამორჩეული ათეული იყო, – ყველა მონაწილე კი ისეთი, რომელთაგან თითოეული იმსახურებდა ნახევარფინალსაც და ფინალსაც. ძალიან მიხარია, რომ მაყურებელმა სწორად გაიგო და შეაფასა ეს ოქროს ბავშვები.

ყოველ წელს არის შიში, შარშან რომ ასეთი გამოვიდა, წელს თუ იქნება ისეთივე? საზეპიროსავით გახდა უკვე ჩემთვის და ყოველ წელს ერთი და იგივე განცდა მაქვს, მოვლენ წელსაც ისეთივე კონკურსანტები, როგორც წინა სეზონებზე იყვნენ? თუმცა მომღერალი ქვეყანა ვართ – ეს ნიჭი და საბადო არ ილევა, რაც ძალიან მახარებს.

როგორია კრიტერიუმები, როცა ბავშვებს არჩევთ – ეს ცოტა საფრთხილო ამბავი იქნება…

მშობლებთან ყოველთვის უხერხული მდგომარეობა იქმნება, რადგან ზოგჯერ მათთვის გაუგებარია, მათი შვილები რატომ ვერ ხვდებიან ათეულში. ეს ძნელი ასახსნელია – ჟანრულად, ტიპაჟურად, ასე ირჩევა. ვცდილობთ, ერთმანეთისგან განსხვავებულები იყვნენ და წელს ეს ნამდვილად იყო, აბსოლუტურად განსხვავებულები არიან ერთმანეთისგან.

წელსაც ქართული სიმღერა პრიორიტეტული იყო – ეს, შეიძლება ითქვას, პროექტის მუსიკალური გეზი და მიმართულება გახდა…

მაყურებელსაც უფრო მეტად ქართულის მოსმენა უნდა და მეც მივიჩნევ, რომ ბავშვი ამ ასაკში ქართულ სასიმღერო კულტურასა და ხელოვნებას უნდა ეზიაროს, საკუთარ ენაზე უნდა იმღეროს. ის, რომ პრიორიტეტული არის ქართული, დაწყებით ასაკებში პატარებისთვის აუცილებელია, მერე კი, ისეთი თაობა მოდის, თუ უცხოურის შესრულება დასჭირდათ, ამასაც აუცილებლად შეძლებენ.

რამდენიმე დღეში მილიონზე მეტი ნახვა დაიმსახურა ანიტა აბგარიანისა და მათე მარტიაშვილის დუეტმა იოსებ კეჭაყმაძის არაჩვეულებრივ სიმღერაზე. მოგვიყევი, ვისი იდეა იყო ამ დუეტის შექმნა?

დუეტის იდეა არაჩვეულებრივი ფოლკლორის სპეციალისტს, დათო ცინცაძეს ეკუთვნის. კი შეგვეშინდა, როცა ეს სიმღერა დაასახელა, რადგან დრამატული და მძიმე სიმღერაა, ბავშვმა რომ „ასწიოს“ ეს, რისკია, მაგრამ დათო რისკიანი ბიჭია, ახასიათებს ეს და მისი რისკები ყოველთვის ამართლებს. ძალიან მიხარია, რომ ახლაც გაამართლა… 50% იყო ბავშვებისა და იდეის ავტორის დამსახურება იყო, 50% იოსებ კეჭაყმაძეს რომ არ დავაბრალოთ, არაფრით არ შეიძლება. შესაძლოა, ზოგმა არც იცოდა ამ კომპოზიტორის არსებობა, რადგან საგუნდო მუსიკას თავისი შედარებით ნაკლები მსმენელი ჰყავს, ძალიან მიხარია, რომ მაყურებელმა სწორად აღიქვა, რომ დიდ ხელოვნებასთან ჰქონდა საქმე.

რამდენმა თაობამ გაიარა შენს ხელში – კონკრეტულად თუ დაგითვლია?

მხოლოდ „რანინას“ თუ დავითვლით, 80-მა ბავშვმა რვა სეზონის განმავლობაში.

რამდენი წელია, მუსიკალური პროდიუსერი ხარ ტელეპროექტებზე?

ეს რომ გითხრათ, ჩემი ასაკი უნდა გავთქვა და მირჩევნია, დავტოვო კითხვის ნიშნის ქვეშ (იცინის). „ჯეოსტარიდან“ მოყოლებული ვარ პროექტებში, მეორე თუ მესამე სეზონიდან, ალბათ, ხვდებით, რა ასაკში ვარ. ხანდახან მანანა მასს დამიძახებს დიდი კაცი და აღარ მიხარია ხოლმე (იცინის).

„რანინას“ გვერდზე ვიხილეთ ვიდეო, სადაც შენ ბავშვებისგან ზურგშექცევით მათ ხმების მიხედვით ამოიცნობ. ამ ვიდეოდანაც ძალიან კარგად ჩანს, როგორი დიდი სიყვარული თქვენ შორის. ამას როგორ აღწევ?

ალბათ, იმას გრძნობენ, რომ მეც ძალიან მიყვარს ყველა, ბავშვს ვერ მოატყუებ, გინდა მკაცრი იყავი, როცა გატყობს, რომ გიყვარს, ყველაფერს სწორად მიიღებს. რა, რა და „რანინაში“ ბავშვებს უფროსებისგან სიყვარული არ აკლიათ.

მკაცრ პედაგოგად ხარ ცნობილი…

სიმკაცრე ნამდვილად მახასიათებს და ზოგადად, ცნობილი ვარ, როგორც ანჩხლი და ავი ქალი, მაგრამ სამართლიანი (იღიმის). როცა უყვარდები და ურთიერთობაში შედიხარ, ეს არის დედა-შვილური ურთიერთობა, ამ დროს სიმკაცრესაც სწორად აღიქვამენ.

„რანინას“ მზადების პროცესი ბავშვებისთვის დამღლელია?

დამღლელი როგორ არ არის, სკოლაში რომ დადის ბავშვი ყოველდღე, ამას შევადარებდი. „რანინა“ არ არის მხოლოდ კონკურსი. რეალურად, ამ პროექტს საგანმანათლებლო დანიშნულება აქვს, ეს არის სამთვიანი სკოლა ბავშვებისთვის. ყველას არ აქვს იმის საშუალება, რომ ასეთი რანგის მუსიკოსებთან ჰქონდეს შეხება. პედაგოგებს არ ვგულისხმობ მხოლოდ, ვგულისხმობ იმ მუსიკოსებს, ვინც ბავშვებისთვის უკრავს, ვინც ბექვოკალში უდგას… დიდ მომღერლებს არ აქვთ შესაძლებლობა, რომ ასე ხშირად ასეთი დონის მუსიკოსებთან ჰქონდეთ კოლაბორაცია. ხელოვნებაში პირველად რომ ფეხს შემოდგამს და ასეთ მუსიკოსებთან ექნება შეხება, ბავშვისთვის ეს იმის 80%-იანი გარანტია მაინც არის და დაზღვეულია, შემდგომში უგემოვნო და მდარე მუსიკასთან შეხება აღარ მოუნდეს და ხარისხის ფასი იცოდეს.

„რანინას“ შემდეგი სეზონისთვის უკვე ემზადებით?

რასაკვირველია, ვემზადებით შემდეგი, მეცხრე სეზონისთვის. მომავალ ათეულს შევარჩევთ მალე. დარწმუნებული ვარ, რომ მეცხრე სეზონზე ათი ბრილიანტი ბავშვი გვეყოლება.

რომ არა ეს საქმე, რას გააკეთებდი?

იყო დრო, მეგონა, სხვა რაღაცაც შემეძლო გამეკეთებინა, მაგრამ რაც გადის დრო, ვრწმუნდები, რომ ზუსტად იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო. მიხარია, რომ ჩემი საქმიანობის გზაზე ისეთი ადამიანები შემხვდნენ, ვინც საკუთარი კვალი დატოვა, მათგან ბევრი რამ ავიღე…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g