ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „Le Pont Caucasien“ ორგანიზებით, საფრანგეთის ქალაქ ნიცაში, ღვინისა და გასტრონომიის ფესტივალზე „Salon Savim TERRAVINI”, ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა.
ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ, გასცნობოდნენ 5 ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიისა და მცირე მარნის სხვადასხვა დასახელების ღვინოს.
„Salon Savim TERRAVINI” საფრანგეთის ღვინისა და გასტრონომიის ერთ-ერთ წამყვან ღონისძიებად ითვლება, რომელსაც ყოველწლიურად ათი ათასობით ღვინის პროფესიონალი, HoReCa სექტორის წარმომადგენელი და მომხმარებელი სტუმრობს.
ფესტივალის სტუმრებს ქართული ღვინო საფრანგეთში მოღვაწე ენოლოგმა, კომპანიის „Le Pont Caucasien“ ხელმძღვანელმა ილია კახოიძემ წარუდგინა.
ქართული ღვინის ბაზრების დივერსიფიცირებისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, ოქტომბერში ქართული ღვინო ასევე წარდგენილი იყო საფრანგეთში გამართულ ფესტვალზე „Arts &Vin“.
ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს. სააგენტო, 2013 წლიდან, ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, მიზანმიმართულ სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს ახორციელებს, მათ შორის, მეღვინეობით სახელგანთქმულ ისეთ ქვეყანაში, როგორიც საფრანგეთია, სადაც ქართულ ღვინოზე, განსაკუთრებით კი, ქვევრის ღვინოზე, მოთხოვნა მუდმივად მზარდია. მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოდან საფრანგეთში 111 ათასი ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, რაც 71%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
საფრანგეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო კომპანიასთან „Le Pont Caucasien“ 2015 წლიდან თანამშრომლობს.
