LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: „საქართველო სულ უფრო მეტად იძენს ევროპასა და აზიას შორის სტრატეგიული დამაკავშირებლის როლს“

109
ირაკლი კობახიძე

„ჩვენს თანამშრომლობას ჩინეთთან ხელშესახები შედეგები მოაქვს ვაჭრობის, ინფრასტრუქტურისა და ინვესტიციების სფეროში, ქმნის ახალ შესაძლებლობებს და აძლიერებს ჩვენს ეკონომიკურ მდგრადობას“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ირაკლი კობახიძემ სიტყვით გამოსვლის დროს, ხაზი გაუსვა ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის ვაჭრობის გაძლიერებას, პარტნიორობის ხელშეწყობისა და ინოვაციური გადაწყვეტილებების პოპულარიზაციისთვის და აღნიშნა, რომ ის ხელს უწყობს უფრო ღია და მდგრადი გლობალური ეკონომიკის ჩამოყალიბებას.

ადმინისტრაციის ცნობითვე, ირაკლი კობახიძემ ჩინეთსა და საქართველოს შორის არსებულ ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზე დაფუძნებულ ხანგრძლივ ურთიერთობასა და სტრატეგიულ პარტნიორობაზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა სარტყელისა და გზის ინიციატივის ფარგლებში თანამშრომლობაზე.

„ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო პარტნიორად იქცა. 2018 წლის იანვარში თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ძალაში შესვლამ, რომელიც ქართული ექსპორტის თითქმის 95 პროცენტს მოიცავს, თამაშის წესები შეცვალა და მნიშვნელოვნად გაზარდა ვაჭრობის მოცულობა. მხოლოდ 2025 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში სავაჭრო ბრუნვამ 1.6 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც შთამბეჭდავი – 15-პროცენტიანი ზრდაა. ვაჭრობის ამგვარი მატება ასახავს ჩვენი ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების სიძლიერეს და მომავალ წლებში გაფართოების კიდევ უფრო დიდ პოტენციალზე მიუთითებს. ჩინეთის მიერ მისივე უზარმაზარი ბაზრის გახსნისკენ მიმართული უწყვეტი ძალისხმევა, ძირითად სექტორებზე წვდომის გაფართოებასთან ერთად, მნიშვნელოვან შესაძლებლობებს უქმნის ქართულ ბიზნესს, რაც მათ საშუალებას აძლევს, გლობალურ ბაზრებზე გავიდნენ და ინოვაციები აითვისონ. ჩინეთსა და საქართველოს შორის შუა დერეფნის გავლით გადაზიდული კონტეინერების რაოდენობა 2025 წლის იანვარ-აგვისტოში 71 პროცენტით გაიზარდა. გარდა ამისა, გასულ წელს გადაზიდული ტვირთების მოცულობა წინა წელთან შედარებით 15-ჯერ მეტი იყო. საქართველო კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას, გააგრძელოს თანამშრომლობა შუა დერეფნის საშუალებით ჩინეთსა და ევროპას შორის სატრანსპორტო ნაკადების ზრდის მიმართულებით”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმითვე, საქართველო განაგრძობს ჩინეთის ბაზარზე თავისი ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას.

„2025 წლის პირველ სამ კვარტალში, ვიზიტები, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 45 პროცენტით გაიზარდა. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველო მიზნად ისახავს, კიდევ უფრო გაზარდოს ცნობადობა მისი მრავალფეროვანი ტურისტული შეთავაზებების შესახებ და მომდევნო წლებში კიდევ უფრო მეტი ჩინელი მოგზაურის მოზიდვა მოხდეს. საქართველო მიესალმება ჩინური ინვესტიციების ბოლოდროინდელ დადებით ტენდენციას, რომელმაც 2025 წელს მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენა. თუმცა, კვლავ არსებობს მნიშვნელოვანი პოტენციალი უფრო ღრმა თანამშრომლობისთვის, განსაკუთრებით ისეთ ძირითად სექტორებში, როგორიცაა ენერგეტიკა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა და სტუმარმასპინძლობა, სადაც ჩინური საწარმოების მონაწილეობა წახალისებულია. ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების სხვადასხვა სექტორში მიღწეული წინსვლა სრულად შეესაბამება საქართველოს უფრო ფართო ეკონომიკურ მუხტს, რაც აძლიერებს ქვეყნის მიერ ბოლო წლებში შენარჩუნებულ დადებით ტრაექტორიას”, – განაცხადა კობახიძემ.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას ასევე ყურადღება გაამახვილა ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებსა და მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

„გლობალური გაურკვევლობისა და გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, საქართველო კვლავაც სტაბილური და საიმედო საყრდენის როლს ასრულებს რეგიონში. მდგრადი პროგრესის მკაფიო ხედვით ხელმძღვანელობის პირობებში, ქვეყანამ შეინარჩუნა მაკროეკონომიკური სტაბილურობა, მიაღწია შთამბეჭდავ ზრდას და აჩვენა მდგრადობა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2021-დან 2024 წლამდე საქართველომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდის ტემპი დააფიქსირა, საშუალო წლიური 9.7 პროცენტით და 2025 წლისთვის 7.2-პროცენტიანი პროგნოზით; საშუალოვადიანი ზრდა მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში საშუალოდ 5.1 პროცენტს შეადგენს. ამ ძლიერ ეკონომიკურ ფუნდამენტურ მახასიათებლებთან ერთად, საქართველოს ამბიციური ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პროექტი და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ქვეყანას ჩინეთსა და ევროპას შორის მთავარ სავაჭრო და სატრანსპორტო მარშრუტად აქცევს, აძლიერებს რეგიონულ კავშირს და მხარს უჭერს მზარდ ეკონომიკურ თანამშრომლობას. საქართველო ჩინეთთან პარტნიორობის მტკიცედ ერთგული რჩება. გვსურს, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემო, მოვიზიდოთ მეტი ინვესტიცია და გავაღრმაოთ თანამშრომლობა სხვადასხვა სექტორში”, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისათვის, ჩინეთის მე-8 საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში საქართველო წელს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g