LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაიროში გრანდიოზული ეგვიპტური მუზეუმი გაიხსნა

110
1536x864_cmsv2_a918b8af-c6ce-552

ეგვიპტეში, კაიროს სიახლოვეს, გიზაში მდებარე გრანდიოზული ეგვიპტური მუზეუმი 20-წლიანი მშენებლობის შემდეგ ოფიციალურად გაიხსნა. პროექტის ღირებულება დაახლოებით 1 მილიარდი დოლარია (862 მილიონი ევრო) და ის კაცობრიობის ერთ-ერთ უძველეს ცივილიზაციას ეძღვნება. სიახლის შესახებ Euronews წერს.

მუზეუმში წარმოდგენილია 50 000 არტეფაქტი, მათ შორის ფარაონ ტუტანხამონის საფლავში აღმოჩენილი მთელი განძეულობა, რომლის დიდი ნაწილიც პირველად გამოიფინა.

ეგვიპტის პრეზიდენტის, აბდელ ფათაჰ ალ-სისის, განცხადებით, სიახლე არის „უნიკალური მოვლენა ადამიანის კულტურისა და ცივილიზაციის ისტორიაში“, რომელიც აერთიანებს „ძველი ეგვიპტელების გენიალურობასა და თანამედროვე ეგვიპტელების შემოქმედებითობას“.

მუზეუმი, რომელიც წელიწადში 5 მილიონი ვიზიტორის მიღებას ვარაუდობს, მნიშვნელოვან ეკონომიკურ ბერკეტად უნდა იქცეს. შედარებისთვის, 2024 წელს ლუვრმა 8.7 მილიონი, ბრიტანეთის მუზეუმმა – 6.5 მილიონი, ხოლო ნიუ-იორკის მეტროპოლიტენმა – 5.7 მილიონი სტუმარი მიიღო.

მუზეუმი პირდაპირ პირამიდების მახლობლადაა აშენებული და არქიტექტურულად გეომეტრიულ სამკუთხა ელემენტებზეა აგებული. მისი მინის ფასადი და დახრილი სახურავი პირამიდების მწვერვალებთან არის გასწორებული.

შიგნით, ექვს სართულიან გრანდიოზულ კიბეს ვიზიტორები მთავარ გალერეებამდე მიჰყავს, საიდანაც პირამიდების პანორამული ხედი იშლება.

გარდა გამოფენებისა, მუზეუმი მოიცავს საკონფერენციო დარბაზს, ბიბლიოთეკას, საგანმანათლებლო სივრცეებს, ბავშვთა მუზეუმს, მაღაზიებსა და რესტორნებს.

მუზეუმი ოფიციალურად 4 ნოემბრიდან ფუნქციონირებს. ის იმუშავებს ყოველდღე დილის 9-დან საღამოს 6-მდე.

ბილეთის ფასი უცხოელი ვიზიტორებისთვის 1 450 ეგვიპტურ ფუნტს (დაახლოებით 27 ევრო) შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები