პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 16 ოქტომბერს წარადგინა „საუნივერსიტეტო რეფორმის კონცეფციის პროექტი“ და გამოარჩია 7 გამოწვევა და მათი დაძლევის გზები.
პრობლემებს შორის დასახელდა სტუდენტების 85%-ის კონცენტრაცია თბილისში და „ფაკულტეტების დუბლირება“, გამოსწორების გზად კი შეთავაზებულია პრინციპი: „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი“.
პრემიერმა პრობლემად დაასახელა „ჭარბად მოზიდული უცხოელი სტუდენტები“ და განაცხადა, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებმა უცხოელი სტუდენტები უნდა მიიღონ მხოლოდ „კანონით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევებში“.
7 გამოწვევა:
- უმაღლესი განათლების სისტემის ჭარბი გეოგრაფიული კონცენტრაცია.
- რესურსების ირაციონალური გამოყენება და უნივერსიტეტებში სწავლების ხარისხის უთანასწორობა.
- უნივერსიტეტების საკადრო პოლიტიკა.
- სუსტი კავშირი სწავლებასა და კვლევას შორის, თანამედროვე სტანდარტების სასწავლო პროგრამებისა და სახელმძღვანელოების ნაკლებობა.
- სუსტი კავშირი უმაღლესი განათლების პრიორიტეტებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნებს შორის.
- დაფინანსების გაუმართავი სისტემა.
- სახელმწიფო უნივერსიტეტების გაუმართავი ინფრასტრუქტურა.
ირაკლი კობახიძე:
“სტუდენტების 85%-ზე მეტი განათლებას იღებს თბილისში, რაც პრობლემური მოვლენაა მათ შორის მიგრაციის თვალსაზრისით. არსებული მდგომარეობა იწვევს ახალგაზრდების ჭარბ მიგრაციას რეგიონებიდან დედაქალაქში და ამ კუთხითაც უნდა შევხედოთ ამ პრობლემას. სხვა დიდი ქალაქები არის არასათანადოდ დატვირთული აკადემიური ინფრასტრუქტურით. განსაკუთრებით, ეს ეხება ისეთ ქალაქებს, როგორიც არის ქუთაისი და რუსთავი”.
ირაკლი კობახიძის თქმით, საჯარო განხილვების შემდეგ დოკუმენტმა უნდა მიიღოს საბოლოო სახე და დამტკიცდეს ჯერ სამთავრობო კომისიის, შემდეგ კი მთავრობის მიერ.
უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია შემუშავდა

რისი შესაძლებლობა ექნება სტუდენტს
ზვიად გაბისონია
განათლების მინისტრის მოადგილე
“პრემიერ-მინისტრმა გამოყო 7 ძირითადი გამოწვევა და დაუპირისპირა 7 გადაწყვეტის გზა, რომლის შესრულებას განათლების სამინისტრო უახლოეს პერიოდში გეგმავს. არის გამოწვევა, რომელსაც დასჭირდება რამდენიმე წელიწადი, თუნდაც ინფრასტრუქტურული გამოწვევის დაძლევის ნაწილში, მაგრამ ზოგიერთი უკვე შეგვიძლია დავიწყოთ. მომდევნო წლისთვის შესაძლებელია 4+2 ჩანაცვლება დაიწყოს 3+1 მოდელზე, ამ ნაწილსაც ვამუშავებთ. სამი წელიწადი ბოლონიის პროცესიდან გამომდინარე მიიჩნევა ოპტიმალურ საკრედიტო ჯამად, რა პერიოდშიც შესაძლებელია საბაკალავრო პროგრამაზე მოხვდეს სტუდენტების მიერ პროგრამის დაძლევა.
სამაგისტრო პროგრამის კანონმდებლობა განსხვავებულია ქვეყნების მიხედვით. არის 1-წლიანი სამაგისტრო პროგრამები, 1.5-წლიანი (90 კრედიტიანი) და 2-წლიანი და ამ მოდელსაც ვამუშავებთ. არის შესაძლებლობა კლასიკურ 1-წლიანს დავამატოთ კიდევ 1 წელიწადი, რათა ევროკავშირის მთავარი რეგულაცია შესრულდეს (მინიმუმ 300 კრედიტის არსებობა) და მერე სტუდენტმა შეძლოს სწავლა განაგრძოს მესამე საფეხურზე. დიდი ალბათობით საჭირო იქნება 1 წლის ფორმირება. სტუდენტს ექნება შესაძლებლობა შეარჩიოს 1+1 მოდელი, ანუ 1 წლის განმავლობაში მიიღოს პრაქტიკოსი მაგისტრის დიპლომი ან შემდეგ განაგრძოს უმაღლესი განათლების მესამე, სადოქტორო საფეხურზე”.

ანანო აბულაძე
სტუდენტი
“შემოთავაზებული რეფორმა ყველანაირ წინააღმდეგობაში მოდის ევროპულ განათლებასთან. 3+1 ფორმატით, რომელიც რეალურად არღვევს ბოლონიის პროცესს, განათლების რეფორმა ვერ გაუმჯობესდება. შესაძლოა ბაკალავრიატის ზოგიერთი მიმართულებისთვის სამი წელიწადი საკმარისი იყოს, მაგრამ მაგისტრატურა არ არის ასე, ფიზიკურად არ მოიცავს კვლევით კომპონენტს და მხოლოდ პროფესიულ სწავლებაზე იქნება დამყარებული. გარდა ამისა, ევროპულ განათლებას დაშორდება, რადგან მათთვის არ არის 1-წლიანი მაგისტრატურა მისაღები და დოქტორანტურის გაგრძელებას ვერ შევძლებთ რომელიმე ადეკვატურ უნივერსიტეტში”.
მარიამ დარახველიძე
სტუდენტი
“ჩემი აზრით, გააჩნია ფაკულტეტს. ზოგიერთისთვის საკმარისია სამი წელიწადი, მაგრამ არის ფაკულტეტები, რომლისთვისაც 4 წელიწადი აუცილებელია. მაგისტრატურას რაც შეეხება, ალბათ 2 წელიწადი უფრო მისაღებია”.
ნათია ფიფია
თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი
“მაგისტრატურა ცალკე აღებული შეიძლება 1-წლიანი იყოს რიგ სპეციალობებში, მაგრამ არა ყველა სპეციალობაში. როდესაც უფრო დაზუსტება რომელ სპეციალობებზეა საუბარი, მერე უფრო გარკვევით შეიძლება საუბარი იმაზე, კარგისკენ წაგვიყვანს და ბოლონიის პროცესს დაგვაახლოვებს თუ პირიქით, დაგვაშორებს”.
რეფორმა თუ პარტიის ინტერესი?
ირაკლი კობახიძე:
“გვინდა დავამკვიდროთ მკაფიო პრინციპი: ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი. თბილისში ერთი ფაკულტეტი იქნება შექმნილი მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში, შესაბამისად, ეს გამოიწვევს რეორგანიზაციას და ფაკულტეტების გადანაწილებას უნივერსიტეტებს შორის. ბუნებრივია, სტუდენტებისთვის იქნება უზრუნველყოფილი გარდამავალი პერიოდი, ვინც სწავლობს კონკრეტულ უნივერსიტეტში, მას ექნება საშუალება, დაამთავროს ის შესაბამისი უნივერსიტეტი, შესაბამისი სპეციალობით. ძალდატანებით, რა თქმა უნდა, არავითარი ცვლილება არ განხორციელდება. სტუდენტებს შეუძლიათ, ნებაყოფლობით აირჩიონ სხვა უნივერსიტეტში გადასვლა. გარდამავალი ეტაპი სტუდენტებისთვის იქნება უზრუნველყოფილი, პატივს ვცემთ, რა თქმა უნდა, თითოეული სტუდენტის არჩევანს“.

სიმონ ჯანაშია
განათლების დარგის სპეციალისტი
“ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი – ნიშნავს, რომ მხოლოდ ორ ქალაქში იქნება ზოგიერთი სპეციალობის შესწავლა შესაძლებელი. მხოლოდ თბილისსა და ქუთაისში განთავსდება მრავალპროფილური უნივერსიტეტები, ხოლო დანარჩენი უნივერსიტეტები იქნება აგრარული და პედაგოგიური. მაგალითად, ამჟამად თუ თბილისშია შესაძლებელი იურიდიული მიმართულებით სწავლა სახელმწიფო უნივერსიტეტებში, შემდეგში მათგან მხოლოდ ერთ უნივერსიტეტში გახდება ეს შესაძლებელი. ცენტრალიზებულად გადაწყვეტილების მიღება, თან როდესაც სახელმწიფო ადგენს, ხელს უშლის, რომ მრავალფეროვნება განვითარდეს.
რეალურად რა არის ამ ყველაფრის მიზანი? სურს, რომ გააკონტროლოს განათლების სისტემა და არაფერ შუაშია უცხოური განათლება, სხვა ქვეყნებში პროგრამების ხანგრძლივობა ამ გადაწყვეტილებასთან კავშირში არაა. მთავარი აქ არის ის, რომ პარტიას ერთის მხრივ სურს გააკონტროლოს უნივერსიტეტები და მეორეს მხრივ გაყიდოს ამ უნივერსიტეტების ქონება”.
ზვიად გაბისონია:
“თუ ხელისუფლებას ცენტრალიზება სჭირდება რატომ არ ვაკეთებთ, რა გვიშლის ხელს თუ სახელმწიფოს ქუდს ქვეშ არსებულ უნვერსიტეტებზე ვსაუბრობთ? გაუგებარია რა კონტროლზეა საუბარი? ჩვენი კონცეფცია არანაირ კონტროლზე დამყარებული არ არის, ჩვენი ამოცანაა ერთხელ და სამუდამოდ გავაკეთოთ ისეთი რეფორმა, რომელიც საქართველოს მომავალ თაობას სწორ საგანმათლებლო გზაზე დააყენებს”.

11 vs 12: რამდენი და სად უნდა ისწავლონ მოსწავლეებმა
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მისი გუნდი გეგმავს, სკოლები 12-წლიანი სწავლების ნაცვლად 11-წლიან სწავლებაზე გადაიყვანოს.
„ცოტა ხანში ვგეგმავთ სხვა მიმართულებითაც გარკვეული გეგმების პრეზენტაციას და ვფიქრობთ, რომ სკოლების ნაწილშიც უნდა გადავიდეთ 11- წლიან სასწავლო პროგრამაზე“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ ბაკალავრის ხარისხის მისაღებად „სამი წელი არის სავსებით საკმარისი თითქმის ყველა სპეციალობისთვის“.
„რა თქმა უნდა, მედიცინა და მსგავსი სპეციალობები არის გამონაკლისი. სხვა შემთხვევაში, პრაქტიკულად ყველა შემთხვევაში, არის შესაძლებელი სამ წელიწადში ბაკალავრიატის დონის განათლების მიღება და ერთ წელიწადში მაგისტრატურის დონის განათლების მიღება“, – განაცხადა მან.
ზვიად გაბისონია:
„ხაზგასმით გვინდა ვთქვათ, რომ 11 და 12 კლასი არანაირ კავშირში არ არის ბოლონიის პროცესთან. რა თქმა უნდა, არსებობს ლისაბონის კონვენცია და რამდენიმე დამატებითი შეთანხმება, რომელიც გულისხმობს იმ წინაპირობებს, რომელიც საშუალებას აძლევს სამომავლოდ სტუდენტს ჩააბაროს ევროკავშირის ამა თუ იმ წევრ ქვეყანაში. ამ ნაწილში კანონმდებლობა არის განსხვავებული შიდასახელმწიფოებრივი რეგულაციებიდან გამომდინარე. არის ქვეყნები, სადაც ძირითადად აქვთ 12-წლიანი სწავლება, ესპანეთს აქვს 13 წელიწადი. ჩვენი ამოცანა არ ყოფილა რაიმე ტიპის რეგულაციის დარღვევა. ამ ეტაპისთვის რაც გავაჟღერეთ, ნათელი იყო, რომ ეს არ ყოფილა იმპერატიული დათქმა. საჭიროების შემთხვევაში განვიხილავთ იმ მცირე კონტიგენტს პოტენციურ სტუდენტებთან მიმართებაში, რომელთაც სურვილი აქვთ არა საქართველოს უმაღლესი სასწავლებლებში გახდნენ სტუდენტები და სტუდენტის სტატუსი მოიპოვონ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, მიგვეცა შესაძლებლობა დამატებით მე-12 კლასის კრედიტების ფორმირებასთან დაკავშირებით. ამ ნაწილზე დისკუსია კიდევ მიმდინარეობს”.

ნათია ფიფია:
“ბოლონიის პროცესი არ ითვალისწინებს იმას, რომ აუცილებლად იყოს 12-წლიანი სწავლება, თუმცა იმ ქვეყნების უმრავლესობაში, რომლებიც ბოლონის პროცესს არიან შეერთებული, არის 12-წლიანი და რიგ შემთხვევაში 13-წლიანიც კი. აქედან გამომდინარე, ეს არ ნიშნავს ბოლონიის პროცესიდან გამოსვლას, მაგრამ რამდენად იქნება შესაძლებელი ის, რომ 11 წლის განმავლობაში დაიფაროს საჭირო კომპეტენციები, რიგ შემთხვევებში შესაძლოა საეჭვო აღმოჩნდეს.
თუ მოსწავლეებს მიეცემათ შესაძლებლობა და დარწმუნებით იციან, რომ ნამდვილად უნდათ უცხოეთში სწავლა და მათთვის მაინც იარსებეს 12-წლიანი სკოლები, მაშინ შეფერხებები ნაკლებად იქნება.
ძირითადად საუბრობენ იმაზე, რომ მე-12 კლასში მოსწავლეები მაინც არ სწავლობენ და არ დადიან სკოლაში. რა თქმა უნდა, მე-12 კლასში მოსწავლეები სწავლობენ, მაგრამ არა სკოლაში, არამედ რეპეტიტორებთან. აქედან გამომდინარე იგივე რაოდენობის წლები შეიძლება საჭირო იყოს მოსწავლისთვის, მაგრამ რეალურად უფრო სასურველი უნდა იყოს, რომ სკოლაში მოხდეს განათლების მიცემა და როგორმე რეპეტიტორების ინსტიტუცია გაქრეს.
განათლების დარგი იმდენად რთულია, რომ 20 წელიწადში ერთხელ რეფორმას სულ ითხოვს იმიტომ რომ რაღაც მოსჭამს თავის დროს და ახალ გამოწვევებს შექმნის. ეს დრო ნამდვილად არის მოსული”.


ფოტო: საქართველოს მთავრობა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი
aris.ge
განათლების სამინისტრო
