LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ფოსტის სტრატეგიული ხედვა და ინოვაციური მიმართულებები 2026 წლისთვის

1010
გიორგი ერაძე

2025 წელი დასასრულს უახლოვდება და საქართველოს ფოსტა მას იმ სიახლეებით აჯამებს, რომლებიც უკვე მომავალი წლიდან კომპანიის ბაზარზე უფრო წარმატებულად პოზიციონირებას შეუწყობენ ხელს.

გიორგი ერაძე, საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი:

– საქართველოს ფოსტის მიზანია, გახდეს ინოვაციური, ციფრული და რეგიონში წამყვანი საფოსტო ოპერატორი, რომელიც მომხმარებელს სწრაფ და თანამედროვე სერვისებს შესთავაზებს. ჩვენი პრიორიტეტებია სერვისის ხარისხის გაუმჯობესება და ბაზრის გაფართოება.

საქართველოს ფოსტას აქვს პოტენციალი, საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ევროპისა და აზიის სატრანზიტო ცენტრად იქცეს, რადგან ვფლობთ საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ტერმინალებს და გვაქვს შესაძლებლობა, ტვირთები მივიღოთ საქართველოში, გადავამუშაოთ და დავაკავშიროთ ჩვენს მეზობელ ქვეყნებს.

ვცდილობთ, არსებული სერვისების გამარტივებით თუ ახლის შექმნით, მხარი დავუჭიროთ მცირე და საშუალო ბიზნესებს – შიდა გადაზიდვების კუთხით უფრო შევამციროთ სატრანზიტო ვადები და ქალაქები იმაზე უფრო სწრაფად დავაკავშიროთ, ვიდრე ამას დღეს ვაკეთებთ. ვცდილობთ, მცირე და საშუალო ბიზნესს უფრო ხარისხიანი მიწოდების ჯაჭვი შევუქმნათ.

საქართველოს ფოსტა საქართველოს ბაზარზე არსებულ ელექტრონული კომერციის პლატფორმებთან მჭიდრო თანამშრომლობას იწყებს – ტარიფების განახლებით და API ტექნოლოგიის ინტეგრაციით ინფორმაციის სწრაფი მიმოცვლისთვის. ეს თანამშრომლობა გვეხმარება, პროდუქცია დროულად მივაწოდოთ მომხმარებელს. წინსვლა გვაქვს საერთაშორისო კუთხითაც – გლობალურ, საკმაოდ დიდ პლატფორმებთან უკვე გავაფორმეთ ხელშეკრულებები და სადღაც ორი კვირის განმავლობაში ამ თანამშრომლობის შედეგს საქართველოს ბაზარიც იგრძნობს. საუბარია TEMU-ზე – ძალიან მალე დავიწყებთ გზავნილების მომხმარებლამდე მიტანას, AliExpress-ზე, რომლის სატრანზიტო დრო საკმაოდ დიდი იყო, განვაახლეთ მოლაპარაკება და უკვე მოკლე ვადებში ამ პლატფორმიდან დავიწყებთ ტვირთების მიღებას, გადამუშავებას და მიწოდებას როგორ საქართველოს, ასევე მეზობელი ქვეყნების ბაზრისთვის. ცალკე აღნიშვნას იმსახურებს „მალეო“ – ელექტრონული პლატფორმა, რომელსაც საქართველოს ფოსტა სთავაზობს მომხმარებელს და სადაც საკმაოდ კარგი პროდუქტები გვაქვს დანერგილი. ერთ-ერთი მათგანი აშშ-იდან ამანათების ტრანსპორტირებაა. მოგეხსენებათ, Amazon-ი, eBay და მსგავსი პლატფორმები საკმაოდ პოპულარულია საქართველოში. მათთან დაკავშირებითაც საკმაოდ გავაჯანსაღეთ პროცესები და გზავნილების დროული მიწოდება-გადამუშავება დავიწყეთ. დავნერგეთ ისეთი ავტომატიზირებული პროცესები, რაც ხელს უწყობს დროულ დახარისხებას, ეს კი, თავის მხრივ, დროულ მიწოდებას. სხვათა შორის, „მალეოში“ არის ევროპის რამდენიმე მიმართულებაც, რომელთა გამოყენებაც ჩვენს მომხმარებელს და პოტენციურ მომხმარებელს აქტიურად შეუძლია.

ზოგადად, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ფოსტის ციფრული ინფრასტრუქტურა აქტიურად ვითარდება. ციფრული ტრანსფორმაცია მხოლოდ ავტომატიზაციას არ გულისხმობს, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, ათჯერ უფრო სწრაფად დავახარისხოთ ამანათები ჩვენს ტერმინალებში, ეს არის მობილური აპლიკაციების განახლებაც, მაგალითად, ჭკვიანი ლოქერების დანერგვაც, რაც ასე პოპულარულია მსოფლიოში. ჭკვიანი ლოქერებით მომხმარებლისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდება საქართველოს ფოსტაში არსებული პროდუქტები. ჭკვიანი ლოქერებიდან არა მხოლოდ ამანათების მიღებას შეძლებთ, არამედ შესაძლებელი იქნება უკონტაქტოდ, სერვის ცენტრის გარეშე გააგზავნოთ ამანათი ერთი ქალაქიდან მეორეში – საკმარისი იქნება მიხვიდეთ, დაარეგისტრიროთ გზავნილი, განათავსოთ ყუთში და შემდგომ უკვე ეს ამანათი იმ ქალაქში აღმოჩნდება, რომელსაც მიუთითებთ. ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული პროდუქტი საქართველოში უკვე მომავალი წლიდან იქნება ხელმისაწვდომი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g