LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-მ ომის დასრულების გეგმა დადო, უკრაინას არ მოსწონს

105
352a191c-a417-41c4-a9d7-c9dcb2e6ed7f

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაამტკიცა 28-პუნქტიანი „სამშვიდობო გეგმა“, რომელიც უკრაინაში ომის დასრულებას ისახავს მიზნად.
NBC-ის ცნობით, გეგმას დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ამზადებდნენ რუსეთის წარმომადგენელთან, კირილ დმიტრიევსა და უკრაინელ ოფიციალურ პირებთან კონსულტაციების შედეგად.
გეგმის შემუშავებაში მონაწილეობდნენ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯარედ კუშნერი.
ამერიკელმა მაღალჩინოსანმა მედიას გეგმის დეტალები არ გაუმხილა, რადგან, ჯერ კიდევ მოითხოვს გარკვეულ მოლაპარაკებებს პროცესში მონაწილე ძირითად მხარეებთან.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩეველმა, სტივენ მილერმა განაცხადა, რუსეთ-უკრაინის ომის შეჩერება ამერიკის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, მაგრამ უარი თქვა ეპასუხა აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ახალი გეგმის შესახებ დასმული შეკითხვისთვის.

Financial Times-მა ე.წ. სამშვიდობო გეგმის ახალი დეტალები გაავრცელა, რომელიც წყაროების ცნობით, კიევის მხრიდან მნიშვნელოვან დათმობებს ითვალისწინებს და მის შემუშავებაში რუსი და ამერიკელი მაღალჩინოსნები მონაწილეობდნენ.
როგორც გამოცემა წერს, გეგმა უკვე გადაეცა უკრაინულ მხარეს და კიევი მას მიუღებლად მიიჩნევს.
წყაროების ინფორმაციით, სამშვიდობო გეგმის პროექტი მოითხოვს უკრაინისგან დონბასის დარჩენილი ნაწილის, მათ შორის კიევის მიერ ამჟამად კონტროლირებული ტერიტორიების, გადაცემას, ასევე შეიარაღებული ძალებისა და აშშ-ის სამხედრო დახმარების შემცირებას.
ამასთან, გეგმა ითვალისწინებს რუსული ენის ოფიციალურ სახელმწიფო ენად აღიარებას უკრაინაში და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ოფიციალური სტატუსის მინიჭებას.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად ორივე მხარეს მოუწევს რთულ, მაგრამ აუცილებელ დათმობებზე წასვლა.
„უკრაინაში მიმდინარე სასიკვდილო ომის დასრულება სერიოზული და რეალისტური იდეების ფართო გაცვლას მოითხოვს. მდგრადი მშვიდობის მისაღწევად ორივე მხარე რთულ, მაგრამ აუცილებელ დათმობებს უნდა დათანხმდეს. ამიტომაც ვამუშავებთ პოტენციური იდეების ჩამონათვალის შემუშავებას, რაც დაფუძნებული იქნება კონფლიქტის ორივე მხარის წინადადებებზე“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.



როგორც გამოცემა „აქსიოსი“ წერს, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ანკარაში ვიზიტს გეგმავდა, სადაც სამმხრივი შეხვედრა უნდა გამართულიყო უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰაკან ფიდანთან, თუმცა საბოლოოდ შეხვედრა არ შედგა, რადგან უკრაინის პრეზიდენტი არ იყო დაინტერესებული შეერთებული შტატების ახალი „სამშვიდობო წინადადების“ განხილვით.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრა პროდუქტიულად შეაფასა.
„ჩვენ განვიხილეთ თავდაცვის სფეროში შემდგომი თანამშრომლობა – ერთობლივი წარმოების პროექტები და კოორდინაცია მოსახლეობის უფრო ეფექტიანი დაცვის მიზნით“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში.
შეხვედრაზე უკრაინისა და თურქეთის პრეზიდენტებმა განიხილეს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაც.

უკრაინის ქალაქ ტერნოპოლში რუსული მხარის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 26-მდე გაიზარდა. მსხვერპლთა შორის სამი ბავშვია. დაშავებულია 93 ადამიანი.
ცნობისთვის, 19 ნოემბერს რუსეთმა უკრაინას რაკეტებითა და დრონებით შეუტია. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 470 უპილოტო საფრენი აპარატი და სხვადასხვა ტიპის 48 რაკეტა გაუშვა.

ისრაელის საჰაერო თავდასხმებს ღაზის სექტორში, სულ მცირე, ოთხი ადამიანი ემსხვერპლა.
არაბული მედიის თანახმად, ქალაქ ხან იუნისის მახლობლად, ბანი სუჰეილას ზონაში ისრაელმა საცხოვრებელი სახლი დაბომბა, სადაც სამი ადამიანი დაიღუპა. კიდევ ერთი ადამიანი ემსხვერპლა ისრაელის თავდასხმებს აღმოსავლეთით, აბასან ალ-კაბირაში.
ისრაელის არმიამ ღაზის სექტორში 19 ნოემბერს მასშტაბური ოპერაცია ჩაატარა, რომლის დროს, სულ მცირე, 30 ადამიანი დაიღუპა. თავდასხმის სამიზნე ქალაქი ღაზა და ქალაქი ხან იუნისი იყო. ისრაელში თქვეს, რომ ეს იყო საპასუხო მოქმედება „ჰამასის“ თავდასხმაზე, რომლის წევრებმა ისრაელის ჯარისკაცებს ცეცხლი გაუხსნეს. ისრაელის თავდასხმებს „ჰამასმა“ „სერიოზული ესკალაცია“ უწოდა.


ვაშინგტონში აშშ-საუდის საინვესტიციო ფორუმზე საუბრისას დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები მიჰყიდის საუდის არაბეთს უმაღლესი დონის სამხედრო ტექნიკას.
„ეს უკვე დამტკიცებულია, არ ინერვიულოთ. ჩვენ უნდა გავიაროთ პროცედურა… პროცედურა 24 საათს გასტანს. ასე რომ, ყველაფერი კარგადაა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მანამდე დონალდ ტრამპმა, უარყო ვარაუდი, რომ „ეფ-35“-ების გაყიდვა დააზიანებს ისრაელის სამხედრო უპირატესობას და განაცხადა, რომ ორივე ქვეყანა იმსახურებს უმაღლესი დონის ტექნიკას, რადგან ორივე აშშ-ის დიდი მოკავშირეა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იმუშავებს სუდანში ომის დასასრულებლად საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცის, მოჰამედ ბინ სალმანის თხოვნით.
„მის უდიდებულესობას სურს, რომ სუდანთან დაკავშირებით რაიმე ძალიან მნიშვნელოვანი გავაკეთო. ჩემს დღის წესრიგში არ იყო ამ საკითხში ჩართვა. მე ვფიქრობდი, რომ ეს უბრალოდ რაღაც შეშლილი და კონტროლს მიღმა არსებული იყო, მაგრამ ახლა ვხედავ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს თქვენთვის და ამ დარბაზში თქვენი ბევრი მეგობრისთვის. დავიწყებთ მუშაობას სუდანში“, – განაცხადა ტრამპმა აშშ-საუდის არაბეთის საინვესტიციო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საუდის არაბეთის პრინცს, მოჰამედ ბინ-სალმანს თეთრ სახლში უმასპინძლა.

ევროკომისია „სამხედრო შენგენის“ შექმნის იდეით გამოდის. ევროკომისიის განცხადებაში ნათქვამია, რომ დაგეგმილია სამხედრო მობილობის გაზრდა ევროპაში.
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები სხვა ევროპული სამხედრო ჯარებისა და აღჭურვილობის გადაკვეთის ნებართვას მშვიდობიან დროს მხოლოდ სამი დღის განმავლობაში და საგანგებო სიტუაციებში ექვსი საათის განმავლობაში შეძლებენ.
ე.წ. „სამხედრო მობილობის პაკეტი“ მიზნად ისახავს ევროკავშირის თავდაცვის მნიშვნელოვნად გაძლიერებას ათწლეულის ბოლომდე. ამ დროისთვის, ზოგიერთი სადაზვერვო სააგენტოს აზრით, რუსეთს შეიძლება ჰქონდეს სხვა ევროპულ ქვეყანაზე თავდასხმის საშუალებები.
ყველა სამუშაოს კოორდინაციას გაუწევს ჯგუფი, რომელიც შედგება ევროკავშირის თითოეული წევრი სახელმწიფოს ეროვნული კოორდინატორებისგან. ისინი ასევე პრიორიტეტს მიანიჭებენ 500 ინფრასტრუქტურული პროექტის დაფინანსებას, რომლებიც აუცილებელია ოთხი შეთანხმებული სამხედრო დერეფნის გასაუმჯობესებლად, რომელთა ადგილმდებარეობა ჯერ არ არის გამჟღავნებული.
ერთ-ერთი მთავარი ღონისძიება იქნება საზღვრისპირა სამხედრო მობილობის ნებართვების გაცემის დაჩქარება. ამჟამად, ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს წესები არ არის ჰარმონიზებული.
ამას გარდა, ევროკომისიამ ასევე წარადგინა სახელმძღვანელო, რომელიც სამხედრო სფეროში რევოლუციურ ინოვაციებს შეუწყობს ხელს და ევროპის თავდაცვით მრეწველობას გააძლიერებს.
სამხედრო მობილობის ზომები ევროპარლამენტს დასამტკიცებლად წარედგინება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g